მშობლისა და ბავშვის ემოციური კონტაქტი ოჯახური ურთიერთობების საფუძველია. ყველა მშობელს აქვს პოტენციალი, რომ ეს საფუძველი გააძლიეროს, მაგრამ ზოგჯერ ბავშვთან კონტაქტი იკარგება და ისინი უარს ამბობენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალებისა თუ პრობლემების შესახებ საუბარზე. დღეს სწორედ მშობელთა არასასურველ ჩვევებზე მოგიყვებით, რომელთა წყალობითაც ისინი შვილებთან ემოციურ კავშირს კარგავენ:
1. ბავშვს მხოლოდ მაშინ აქცევთ ყურადღებას, როცა ის რაღაცას არასწორად აკეთებს
მშობლები რატომღაც, რაღაც ცუდს უფრო ხშირად ამჩნევენ, ვიდრე კარგ საქციელს. მეტიც, თვლიან, რომ კარგი ქცევა ნორმაა და ამას განსაუთრებული აღნიშვნა არ სჭირდება. როცა ბავშვს რაღაც დაუვარდება, მაშინ შენიშვნას აძლევენ, ხოლო როცა ნივთს სიფრთხილით ექცევა, არც კი ამჩნევენ. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვი იმახსოვრებს, რა შემთხვევაში აქცევთ ყურადღებას. ყოველ ჯერზე, როცა მშობლების მხრიდან ყურადღების ნაკლებობას იგრძნობს, რაიმეს განგებ დააშავებს, რომ თქვენი ინტერესი დაიმსახუროს.
2. არ აქებთ
შესაძლოა, ბავშვს ეუბნებით: "ყოჩაღ", "კარგია"... მაგრამ, მხოლოდ მსგავსი შექება თქვენი შვილისთვის მოტივაციის ასამაღლებლად არ გამოდგება. აუცილებლად უნდა აუხსნათ, რა გააკეთა კარგად, რის გამო დაიმსახურა შექება. ამ გზით თავდაჯერებულობას განუვითარებთ და კარგისა და ცუდის გარჩევას ასწავლით.
3. მის გრძნობებსა და ემოციებს უგულებელყოფთ და არც საკუთარ გამოცდილებას უზიარებთ
"ნუ ტირი", "ნუ ხარ მოწყენილი", "რა სისულელეზე ნერვიულობ" - ეს ის ფრაზებია, რომლებიც მშობლისა და შვილის ურთიერთობას აუცხოებს და ბავშვს აიძულებს, აღარ ისაუბროს, რადგანაც ექმნება განცდა, რომ მის ემოციებს არავინ იზიარებს. ამიტომაც, მოუსმინეთ გულისყურით და მისი პრობლემა, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ გეჩვენოთ, არ გააუფასუროთ. ასევე, გაუზიარეთ თქვენი ემოციები და მიეცით მაგალითი, რომ თავადაც ისაუბროს.
4. ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი დამოუკიდებელი არჩევანის გასაკეთებლად ძალიან პატარაა
ძალიან ხშირად მშობლები საკუთარ თავზე იღებენ ყველა გადაწყვეტილებას და ბავშვებს არჩევანის უფლებას აღარ უტოვებენ. ფიქრობენ, რომ ის სწორად განსაღვრას ვერ შეძლებს და მაინც შეეშლება. გახსოვდეთ, ბავშვისთვის არჩევანის შეთავაზება მასში დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის განვითარებას ნიშნავს. შეცდომის დაშვებისა და შემდეგ ამ შეცდომაზე სწავლის უფლება ყველას გვაქვს.
5. იყენებთ აღზრდის ძალადობრივ მეთოდებს
თქვენი შვილის სხეული წმინდა ტერიტორიაა, რომელსაც შესაბამისი საზღვრები აქვს და ამ საზღვრების დარღვევით აჩვენებთ, რომ მის პიროვნებას პატივს საერთოდ არ სცემთ. ბავშვების ცემა, უხეში მოქცევა კატეგორიულად არ შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელს არ ჰყოფნის შესაბამისი განათლება, რომ შვილს დაელაპარაკოს და აუხსნას, რა არ მოსწონს.
6. ბავშვთან ცოტა დროს ატარებთ
თუ ბავშვს გვერდით უზიხართ, მაგრამ ტელეფონში ხართ თავჩარგული და ყურადღებას არ აქცევთ, ეს მასთან ყოფნად არ ითვლება. შვილთან თამაშით თქვენც შეგიძლიათ ბევრი რამ ისწავლოთ, ჩამოაყალიბოთ მეგობრული ურთიერთობა და აჩვენოთ ბავშვს, რომ თქვენი სახით ძლიერი დასაყრდენი ჰყავს.