საზოგადოებამ ძალადობას აღმზრდელობითი ფუნქცია მიანიჭა "რას მირტყამ, შენი გაზრდილი ვარ?"- მხოლოდ ეს ერთი აფორიზმად ქცეული ქართული გამოთქმა ცხადყოფს, აბსოლუტურად ბუნებრივად რომ მიაჩნიათ "გამზრდელის" მხრიდან ძალადობა ბავშვებს. "ნუ გენაღვლების სწავლაზედ ყრმის წკეპლით ცემით კივილიო", – გვაიძულებდნენ გაგვეზუთხა სკოლაში და არა მარტო გაგვეზუთხა, საკონტროლო წერაშიც დაგვესაბუთებინა, რა სარგებლობა მოაქვს ჩვენ ცემას.
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ბავშვზე ძალადობას არათუ დასაშვებად მიიჩნევს, არამედ თვლის, რომ აღზრდის ძალადობრივი მეთოდები არაძალადობრივზე გაცილებით ეფექტურია კიდეც. ასეთია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები (2013წ), თუმცა რადგან მშობლები შვილების მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე არ გადასულან, არაფერი გაკეთებულა ამ საკითხში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ქალთა მიმართ ძალადობა ცუდი რომ არის და ეს რომ გავიგეთ, კარგია, მაგრამ ცხოვრება ოჯახის შექმნით არ იწყება. ადამიანი პიროვნებად ბავშვობის ასაკში იწყებს ჩამოყალიბებას და თუ ძალადობის მოსპობა გვსურს, სათავეშივე უნდა მოვსპოთ – ბავშვების მიმართ ოჯახური ძალადობას უნდა ვებრძოლოთ.
ძალადობა აგრესიის გამოვლინების ექსტრემალური ფორმაა. სუსტი ნებისყოფის ადამიანი ცდილობს მოძებნოს ფიზიკურად მასზე სუსტი არსება, რომლის საშუალებით უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლდება. ძალადობისა და ჩაგვრის მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს გაუცნობიერებლად.
ქვეცნობიერ მოტივებს "დიდები" იშვიათად უღრმავდებიან და ათას მიზეზს იგონებენ დასჯის გასამართლებლად. "მე შენთვის მხოლოდ კარგი მინდოდა! – ეს რიგითი მშობლის ერთადერთი რკინის "არგუმენტია" ნებისმიერი ქმედების გასამართლებლად.
საზოგადოებამ ძალადობას აღმზრდელობითი ფუნქცია მიანიჭა და ხანდახან ისეთებსაც შეხვდები, რომ ამბობენ, გვცემდნენ და იმიტომაც გავიზარდეთ ასე კარგებიო.
წვრთნა თუ აღზრდა
ძაღლებს წვრთნიან, რადგან მათ არ გააჩნიათ აზროვნების უნარი. თუ მის მიერ ჩადენილ საქციელს მომენტალურად არ ახლავს "სასჯელი", ან "ჯილდო", ძაღლიც ვერაფერს სწავლობს. იგი მიზეზ-შედეგობრივ კავშირს უნდა ხედავდეს.
ცხოველს არ გააჩნია დანაშაულის ან უდანაშაულობის გრძნობა, ვერ ხვდება ვინ სჯის, ან რატომ სჯის. მას არ სწყინს, არ ბოროტდება და არც არაფერს იმახსოვრებს, უბრალოდ უსიამოვნო გამოცდილებას იღებს და მერე თავდაცვითი ინსტიქტები კარნახობენ, რომ ამის გაკეთება არ ღირს.
ადამიანი გაცილებით უფრო რთული არსებაა. ადამიანს გაწვრთნა არ სჭირდება, რადგან ცხოველური ინსტიქტების გარდა მოსმენის, გაგების, განსჯის და არჩევანის გაკეთების უნარტი აქვს. ადამიანი ტკივილისა და ფსიქიკაზე მიყენებული ტრავმების მეშვეობით არ სწავლობს, თუმცა რადგან ცხოველური თავდაცვითი ინსტინქტები მასშიც ჭარბადაა, ძალადობრივი მეთოდებითაც შიძლება აიძულო იმოქმედოს.
განსხვავება მარტივია – გაწვრთნილი არ ფიქრობს, აღზრდილი ფიქრობს და მშობლის გადასაწყვეტია, ვისი გაზრდა სურს მას – მოაზროვნე და თავისუფალი ადამიანის, რომელსაც შეგნებული აქვს თავისი ქმედების სისწორე, აქვს ნება და ცუდსა და კარგს შორის არჩევანის გაკეთება შეუძლია, თუ მექანიკური ფორთოხლის, ტანჯვის შიშით რომ ამბობს უარს იმ პიროვნებაზე, როგორადაც ამ ძალადობრივი წვრთნის პირობებში ჩამოყალიბდა.
აღზრდის სხვადასხვა სტილი არსებობს. ფსიქოლოგებს თუ ვენდობით ყველაზე ეფექტური ავტორიტეტული აღზრდის სტილი გახლავთ. გინდათ კარგი შვილი გყავდეთ? აღზარდეთ საკუთარი თავი. ისინი თქვენ გბაძავენ. იმეორებენ იმ მოდელს, რასაც ბავშვობაში აძლევთ.
ალბათ ამიტომ არსებობს გამოთქმა: ბავშვი ოჯახის სარკეაო. ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც სარკეს ურტყამს, რადგან ანარეკლში საკუთარი თავი არ მოსწონს. სარკე ნელ-ნელა იბზარება და ბოლოს ისე მახინჯდება, თქვენი ანარეკლის კი არა საერთოდ რამის გარჩევა შეუძლებელი ხდება მასში.
ნუ იმშვიდებთ თავს, რომ ეს მისთვის არის უკეთესი, დროა სიმართლეს თვალებში ჩახედოთ - თქვენ გულთან ახლოს მხოლოდ ის მიგაქვთ, თქვენთვის კომფორტული და გამოსადეგი რომ არ გამოდგა თქვენი შვილი. მისი გული კი შორს არის, ძალიან შორს.
ქართულ სუფრაზე ბავშვს, როგორც მომავალს ისე ადღეგრძელებენ მუდამ. ყოველთვის როცა შვილებზე ვწევთ ხელს, ჩვენ საკუთარ მომავალს ვურტყამთ, ვართმევთ აზროვნების უნარს, თავისუფალ ნებას, არჩევანს და ვცხოვრობთ მერე ასე, არასდროს "რომ არა გვწყალობს ისეთ აწმყოში" ცხოველური ინსტინქტებით მოქმედი ადამიანებით გარშემორტყმული გალახული მომავლის გარანტიით.
წყარო: dare.ge