ნეტა სხვისი დედებივით უცხოეთში წასულიყო და ჩემთვის ცხოვრება არ გაემწარებინა მარადიული დამცირებით და შენიშვნებით. მძულს ჩემი ბავშვობა და ჩემი თავიც. შვილის გაჩენის სურვილიც არ მაქვს ჩვენს საიტზე ხშირად იბეჭდება სტატიები, რომლებშიც მშობლებისა და შვილები დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, ფსიქოლოგების რჩევებს ვწერთ, თუ როგორ ჯობს შვილის გაზრდა, როგორ არ უნდა მოექცე და როგორ უნდა მოექცე შვილს და ა.შ. სტატიებს ყოველთვის მოჰყვება ბევრი კომენტარი, დადებითიც და უარყოფითიც, ძირითადად მშობლების მხრიდან. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათთან ერთად მათი შვილებიც კითხულობენ და კომენტარებად ტოვებენ თავიანთ აზრებს, გასაჭირს, სადარდებელს. წერენ იმაზე, თუ რის გამო სტკივათ გული და რა სწყინთ მშობლებისგან. საჭიროდ ჩავთვალეთ, მათი აზრებიც საჯარო გაგვეხადა და სახელებისა და გვარების გარეშე გამოგვექყნებინა. იქნებ მშობლებმა თავიანთი შვილები იცნონ კიდეც და მეტად დაფიქრდნენ თავიანთი აღზრდის მეთოდებზე. ან არ იცნონ, მაგრამ იფიქრონ ამ საკითხებზე და ეცადონ, გაუგონ თავიანთ შვილებს, თუ მართლაც არ ზრდიან სწორად, შეცვალონ რაღაც, თუ ბავშვის სასიკეთოდ მოქმედებენ, მაგრამ მას ეს არ ესმის, უკეთ აუხსნან, დალეპარაკონ თავიანთ შვილებს და ჰკითხონ აზრი. კომენტარების ავტორთა უმრავლესობა მოზარდია, ზოგიერთი კი - უკვე გაზრდილი შვილი, თავადაც უკვე მშობელი, რომელსაც დღემდე შემორჩენია მშობლებისგან წყენა.
ურთიერთგაგება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლებისა და შვილების ცხოვრებაში. მაშ ასე, უცვლელად, ოღონდაც სახელების გარეშე გთავაზობთ ამ კომენტარებს:
"დედაჩემმა ეს სტატია რომ ნახოს, ალბათ თავს ცუდად იგრძნობს... ალბათ თავი საუკეთესო დედა ჰგონია, როცა ჩემ დას ჩენზე წინ აყენებს. შვილების გარჩევა მასზე კარგად არავის გამოსდის, ჩემი აზრი სულაც არ აინტერესებს. სახლში დიდი უსამართლობაა. ყოველთვის ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. შემაქოს? სასაცილოდაც არ მყოფნის".
"შვილების გარჩევა ყველაზე ხშირია:( თან ქართველ დედაში... მას ხომ თავისი ცხოველი და საქონელი ბიჭი ყველაზე მეტად უყვარს, გოგო კი მის და მისი ბიჭის მოსამსახურედ უნდა".
"დედაჩემს ეს სტატია, რომ წავაკითხო მკითხავს, ამით რისი თქმა გინდაო და დამაიგნორებს... იმავდროულად კი იგი 7-ვე წყენას აკმაყოფილებს".
"ყველა ეს წყენა მახსოვს. ზოგი მამისგან და ზოგიც დედისგან. მას შემდეგ, რაც მე თვითონ მშობელი გავხდი, ჩემი თავი ხშირად დამიჭერია იმაზე, რომ მეც იგივე შეცდომებს ვიმეორებ. ან მეორე უკიდურესობაში აღმოვჩენილვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თვითონ გავთავისუფლდეთ ამ წყენებისგან და ტკივილისგან, ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ ჩვენი მშობლების მდგომარეობაში, უბრალოდ ვაპატიოთ მათ. და მაშინ ჩვენ უკეთ გავზრდით ჩვენს შვილებს".
"სამწუხაროდ, აქ მოყვანილი 7 შემთხვევიდან 4-ს მეტნაკლებად ხშირად ჰქონდა ადგილი დედის მხრიდან. რთულ ცხოვრებაზე გაბოროტებული ჩვენზე იყრიდა ჯავრს ალბათ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ არასდროს უგრძნია თავი დამნაშავედ, ჩემთვის კი ალბათ მარტივი "მაპატიე, შვილო", ძალიან ბევრს ნიშნავდა".
"სამწუხაროდ მამაჩემი ტიპიური ქართველი ''ვაჟკაცია'', რომელიც არავის და არაფერს სცემს პატივს. სადაც ცოლს ამცირებდა ყოველ ფეხის ნაბიჯზე, იქ პატარების აზრი და საერთოდ არსებობა ოჯახში მემილიარდე ხარისხოვანი იყო მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული ქალი ვარ დღეს, თუნდაც მცირედი შენიშვნა მამის მიმართ მთავრდება ''ნუ ტლიკინებ, შენ არავინ გეკითხება"-თი. ძალიან მტკივა გული მაგრამ მწარე ბავშვობას ვეღარავინ შემიცვლის. და იმ ტრავმებს ვერავინ მომიშუშებს... არასოდეს დაამციროთ საკუთარი შვილები. პატივი ეცით მათ არა მხოლოდ აზრს, არამედ მათი არსებობა გიხაროდეთ! აგრძნობინეთ თავი საჭირო ადამიანებად და სრულუფლებიან წევრებად პატარებს, და არა უფლებაჩამორთმეულ უსუსურ არსებებად".
"პირველ ოთხს "წარმატებით ახერხებდა" დედაჩემი, აი ბოლო პუნქტს კი ასრულებდა და თან გადაჭარბებითაც - სულ თავზე მედგა და მაკონტროლებდა... ნეტავ სხვისი დედებივით უცხოეთში წასულიყო და ჩემთვის ცხოვრება არ გაემწარებინა მარადიული დამცირებით და შენიშვნებით... მძულს ჩემი ბავშვობა და ჩემი თავიც :( შვილის გაჩენის სურვილიც არ მაქვს".
"ზუსტად ასეა. ბავშვობაში დედა სულ მაკრიტიკებდა, აღფრთოვანება არასოდეს გამოუხატავს ჩემი მიღწევების გამო, თუმცა არც გარეგნობით ვიყავი ცუდი, ნიჭიერიც გახლდით და კარგადაც ვსწავლობდი. ახლა კი აღნიშნავს, რომ გამორჩეული ვიყავი და თავის საქციელს იმით ხსნის, რომ უნდოდა, უფრო კარგი ვყოფილიყავი (?), მაგრამ სწორედ მისი "აღზრდის" მეთოდებმა იმ ზომამდე მიმიყვანა, რომ ახლა 35 წლის ვარ და მაინც შინაგანად სულ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს რაღაცას კარგად ვერ ვაკეთებ და ვიღაც შენიშვნას მომცემს... დედებო, ხშირად შეაქეთ შვილები, აღიარეთ მათი წარმატებები და ძალიან ეცადეთ, რომ მაღალი თვითშეფასება ჰქონდეთ. ეს მათი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".
"ყველაზე საშინელებაა, როცა დედმამიშვილი მოჰყავთ მაგალითად. აი, შენი ძმა რა კაია და შენ რა ცუდი ხარ... მეც არ მხვდა წილად ბედნიერება, რომ ამ სფეროში ცოტა მეტად განათლებული მშობლები მყოლოდა. სამწუხაროდ, დღეს ვერ ვარ კარგი შვილი და ეს მათი დათესილი თესლია... საბედნიეროდ, ასეთმა პირადმა გამოცდილებამ მასწავლა, როგორ არ უნდა მოვექცე ჩემს შვილებს და მადლობა, რომ დღეს დიდი ინფორმაციაა, თუ როგორ აღვზარდოთ ჯანსაღო,ი ფსიქიკის შვილი. მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით წარმატებით ვართმევ თავს, თუმცა იდეალური ვერ ვარ. ვცდილობ ბევრი რამ გავითვალისწინო და ზრდასრულ ადამიანად აღვიქვა ჩემი შვილები".
"ამ სტატიას, რომ ვკითხულობდი ჩემი ბავშვობა გამახსენდა ოღონდ გულწრფელად, ვისჯებოდი ხოლმე არა ასეთი ფორმებით, უფრო სხვაგვარად. ჩემი მშობლები გარეთ სხვანაირად იქციოდნენ და სხვებთან ყვებოდნენ, თუ როგორი გადაყოლილი მშობლები იყვნენ, არადა სახლში ჯოჯოხეთი მქონდა. შემდეგ, რომ გავიზარდე, ყველაფერი იუარეს. შენ ავად ხარ და რაღაცები გელანდებაო. ძალიან იმოქმედა ამან ჩემს მომავალ ცხოვრებაზე. კარგა ხანია ბავშვი აღარ ვარ მაგრამ ამან ჩემს ცხოვრებაზე სამუდამო დაღი დაასვა".
"დედაჩემს გოგოები შვილებად არ მივაჩნივართ. მხოლოდ მოსამსახურეები ვიყავით მისი. მთელი ბავშვობა მათრახით გვცემდა. ხელებსაც გვიწვავდა... ძალიან შეძლებული ოჯახი გვქონდა მატერიალურად, მაგრამ ვინც ნაყინის მოთხოვნას გაბედავდა მაღაზიაში, იმას გაროზგვა არ ასცდებოდა სახლში. მისგან არც ერთ დას მოფერება არ გვახსოვს".
იხილეთ: 7 წყენა, რომელსაც ბავშვი დიდობაშიც არ პატიობს მშობლებს