"არ მინდა ამ უხერხულობის გამო ჩემი შვილი სახლში დავსვა და სკოლაში აღარ ვატარო" "აუტიზმის მქონე ბავშვების ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არიან ჩაკეტილები და მათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვებთან ურთიერთობა, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია სოციუმში. ეს პროცესი უნდა დაიწყოს ბაღის ასაკიდან და გაგრძელდეს სკოლაში!"
ჩემი შვილი მომავალ წელს მიდის სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს განვითარების მაღალი დონე აქვს, მას აქვს ქცევის პრობლემა და ვიცი, რომ ძალიან გაუჭირდება გაკვეთილზე ჯდომა.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბავშვს გვერდით თერაპევტი უჯდეს, იგი მაინც ვერ შეძლებს გაკვეთილზე გაჩერებას და ადგილი ექნება გაკვეთილის ჩაშლას. მე არ მინდა ჩემი შვილის გამო გაკვეთილები ჩაიშალოს და მისი კლასელები დაზარალდნენ ამით. ეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენებს მე და არ მინდა ამ უხერხულობის გამო ჩემი შვილი სახლში დავსვა და სკოლაში აღარ ვატარო. ამას არავითარ შემთხევაში არ დავუშვებ, ჩემს შვილს არავითარ შემთხვევაში არ ვეტყვი უარს განათლების მიღებაზე.
ამიტომ, აქედანვე დავიწყე ამაზე ზრუნვა: არაერთი შეხვედრა მქონდა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან. პირადად ჩემი და უამრავი მშობლის მოთხოვნაიყო, რაც შეიძლება მეტი ინტეგრირებული კლასი გახსნილიყო აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის.
ინტეგრირებული კლასის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვები ნელა-ნელა მიაჩვიონ გაკვეთილზე ჯდომას. ამ ბრძოლისშედეგად განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველგან გახსნის ინტეგრირებულ კლასებს საქართველოს მაშტაბით.
ასევე, მინდა მივმართო იმ სკოლის დირექტორებს, რომლებსაც კლასები არ ემეტებათ აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის. რატომღაც არ უნდათ გამოყონ ოთახები ინტეგრირებული კლასებისთვის. ნურავის ნუ მივანიჭებთ უპირატესობას! ყველა ბავშვი თანასწორია! გახსოვდეთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, სადაც წერია, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება, განურჩევლად დიაგნოზისა. ასე, რომ თქვენი პირდაპირი მოვალეობაა იზრუნოთ ამ ბავშვების განათლებაზე და თუსაჭიროა, გამოყოთ არაერთი, არამედ 2 ანთუნდაც 3 ოთახი. ყველას აქვს სწავლის უფლება!!!
მარი კორკოტაძე