აუტიზმის მქონე ბავშვის დედის ღია წერილი საზოგადოებას!
აუტიზმის მქონე ბავშვის დედის ღია წერილი საზოგადოებას!
საქანელა, რომელიც ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის დამონტაჟდა დიდუბის სკვერში, აღარ არის! ის მოსახლეობამ ჩამოხსნა იმ მოტივით, რომ იმ სკვერში "ასეთი" ბავშვები, არ უნდა თამაშობდნენ!
თბილისში, ბორჯომის ქუჩაზე მდებარე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სასწავლო და სარეაბილიტაციო დაწესებულების "თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის" ერთ-ერთი კარი, რომელიც მას აღმაშენებლის გამზირთან აკავშირებს და სკოლის ბენეფიციარებისთვის მოსახერხებელი სივრცეა სკოლაში შესაღწევად, მეზობლებმა დაადუღეს იმ მოტივით, რომ არ სურთ მათმა შვილებმა "ასეთ" ბავშვებს უყურონ!
ქალბატონი ანას სტატია "აუტისტი" ბავშვების აგრესიაზე მათი თანაკლასელების მიმართ, რომ ისინი მერხებს ესვრიან თანაკლასელებს და ცხვირებს
უტეხავენ (თითქოს და ამას არ აკეთებენ მისადმი წოდებული "ჯანმრთელი" ბავშვები) - ეს ფაქტები გახდა იმის მიზეზი, რომ მე ეს სტატია დამეწერა!
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო ის, რომ საქართველოში დღეს (სამწუხაროდ) აუტიზმის დიაგნოზის ჰიპერდიაგნოსტიკა ხდება. განვითარების შეფერხებას, გონებრივ ჩამორჩენას, ჰიპერაქტიურობას, ყურადღების დეფიციტს, ქცევის დარღვევას, ძილის დარღვევას და ჰელერის სინდრომსაც კი, აუტიზმად მოიხსენიებენ და საზოგადოება დაბნეულია. ესმით ეს სიტყვა აუტიზმი, მაგრამ ხშირად არავინ უხსნის, რა არის ეს დიაგნოზი! ის, ადამიანები, რომლებიც საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენენ, ჩვენი შვილების საქციელის განსჯის დროს არ უფიქრდებიან იმას, რომ 88 ბავშვიდან 1 აუტიზმის დიაგნოზით იბადება და ჯერ კიდევ დაუდგენელია ამის მიზეზი, ამიტომ არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ არ დაიბადება მათ ოჯახში ამ დიაგნოზის
მქონე ბავშვი. დიახ, დაიბადება იმიტომ, რომ ეს არ არის შეძენილი დიაგნოზი, ბავშვი უკვე იბადება აუტიზმის მქონე. ჩვილობისას ის ვითარდება ჩვეულებრივ და დაახლოებით 18-20 თვის ასაკში, როდესაც დგება ის პერიოდი, რომელსაც ყველა დედა ელოდება, რომ შვილი მიმართავს და დაუძახებს დედას, წარმოიდგინეთ, რომ ეს მომენტი არა და არ დგება! ბავშვი გაურბის თქვენთან თვალით კონტაქტს, არ რეაგირებს საკუთარ სახელზე და იკეტება თავის თავში, როცა თვალებში გინდათ, რომ შემოგციცინებდეთ და ელოდებით, რომ გაიმეორებს ყველა თქვენს მოქმედებას. რა დაგემართებათ ამ დროს? დაიბნევით? სპეციალისტს მიმართავთ? დაგუგლავთ? გაიკითხავთ? მე ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი გავიარე და მივიღე დიაგნოზი: აუტისტური სპექტრის აშლილობა და მივიღე ჩემი შვილი აბსოლუტურად ისეთი როგორიც არის: ძალიან თბილი, კეთილშობილი, ემოციური, მოსიყვარულე, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ყოჩაღი და ლაღი. ახლა ის უკვე პირველკლასელია და სწავლობს საჯარო სკოლაში, ის ძალიან უყვართ თანაკლასელებს, მასწავლებლებს. მას არასდროს ჩაუშლია გაკვეთილი, ის არავის ერჩის, არ ისვრის მერხებს და არ უტეხავს თანაკლასელებს ცხვირს!
მე არ განვიკითხავ იმ ადამიანებს, ვინც არ იცის რა არის აუტიზმი და წარმოდგენაც არ აქვს, თუ როგორია ჩვენს ქვეყანაში ამ დიაგნოზით ცხოვრება, იმიტომ არ განვიკითხავ, რომ მათი ბრალი არ არის ის, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რადგან ადრე "ასეთ" ბავშვებს ქუჩაში არ უშვებდნენ, მათზე არც სახელმწიფო ზრუნავდა, არც გარშემო მყოფები, ისინი "გამოკეტილი" ჰყავდათ სახლებში და ბავშვთა სახლებშიც კი ტოვებდნენ მათ საკუთარი დედები და მამები, იმიტომ, რომ სირცხვილი იყო "ასეთი" შვილის ყოლა! მე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება მრცხვენოდეს პატარა ანგელოზის, რომელიც ყოველდღე უფრო მეტად მაგრძნობინებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს ჩემს არსებობას მის ცხოვრებაში და ვერ ვხვდები, რატომ უნდა გვინდოდეს მათ მოვუხსნათ საქანელები და დავუკარგოთ ბავშვობა? რატომ უნდა ავუჭედოთ კარები? - რომ მომავალი მოვუსპოთ? რატომ უნდა ვეძახოთ გაუზრდელები და "ავადმყოფები", რომ სიცოცხლე გაგვიმწაროთ? რატომ? ერთი წუთით მაინც ეცადეთ, თქვენი თავი წარმოიდგინოთ მათი და მათი მშობლების ადგილას და დარწმუნებული ვარ, თუ ასე მოიქცევით, აღარასოდეს აღარ აგვიჭედავთ კარებს და აღარასოდეს გაგვლანძღავთ, იმიტომ რომ "ვარსებობთ" და არაფრით არ ვართ არავისგან გამორჩეულები გარდა იმისა, რომ უბრალოდ უფრო მეტი ყურადღება, სითბო და მოფრთხილება გვჭირდება!
ანი დანელია
8788
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
nona
0
არ მიკვირს,მეტსაც გეტყვიტ მე სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერს ვიცნობ ეგეტს,რომელიც დგემდე ჰამოხსნილ საქანელებს ინახავს სჰენობის კიბის უჯრედსჰი,იმიტომ რომ ბავსჰვებმა არ დაამტვრიონ ან არ გადმოვარდნენ იქედან და ბენეფიციარები გარსჰემო უვლიან უქმად მდგარ ბოჯებს
04:13 / 12-02-2015
ნატო
0
საზოგადოების რა მოგახსენოთ, აი მასწავლებლები აუცილებლად საჭიროებენ გადამზადებას, ვინაიდან საკლასო ოთახში მხოლოდ მას შეუდზლია მართოს ესა თუ ის პრობლემა. საკლასო ოთახში კომპლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაწინა პირობაა იმისა რო მშობლები აგრესიულად არ განეწყოს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისადმი. თანდათან საზოგადოება მიიღებს ამ პატარა ანგელოზებს. მე ამის დიდი იმედი მაქვს.
22:27 / 11-02-2015
მსგავსი სიახლეები