1-დან 2 წლამდე ბავშვთან ქცევის თქვენეული ტაქტიკა უნდა იყოს შემდეგი... 1 წლამდე ასაკში ბავშვს ვერ აუხსნით კარგსა და ცუდს, სწორი საქციელისკენ მხოლოდ სწორი მოქმედებით უნდა უბიძგოთ, მაგალითი თავად უნდა მისცეთ. თქვენ მიერ ბავშვის მიმართ სიყვარულისა და სითბოს გამოხატვით პატარა დადებით ემოციებს შეითვისებს, რაც სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
არასოდეს დაიშუროთ შვილისთვის სითბო და სინაზე. მოსიყვარულე ურთიერთობები ბავშვის ქვეცნობიერში ილექება და მთელი ცხოვრების მანძილზე იცავს მისი სულის სიმტკიცეს.
1-დან 2 წლამდე ბავშვთან ქცევის თქვენეული ტაქტიკა უნდა იყოს შემდეგი: არ ეჩხუბებით ცუდი საქციელის გამო, უბრალოდ, უნდა აღკვეთოთ "კრიტიკული" ვითარება. მაგალითად, თუ არ გინდათ, რომ კარადა გადაჩხრიკოს და ნივთები გადმოყაროს, მაგრად დაკეტეთ კარადის კარი.
თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ჭამის წინ ტკბილი არ უნდა მისცეთ, საერთოდ ნუ გამოაჩენთ ამ სასუსნავებს, ნურც სადილამდე მოისურვებთ ბავშვთან ერთად მაღაზიაში შევლას - ჯობია ნასადილევს შეხვიდეთ.
ამ ასაკში პატარას ყურადღების კონცენტრირება უჭირს, მისთვის ძნელია რაიმეს ახსნა, ამიტომ მკაცრი დისციპლინური მეთოდები სასურველ შედეგს არ მოგიტანთ.
2-4 წლის ასაკში ბავშვს აბსტრაქტული აზროვნება ჯერ არ აქვს. "სიყვარული", "სიმართლე", "პატიოსნება" - ამ ყველაფრის აღქმა არ შეუძლია. ხშირად უკითხეთ წიგნები, ერთად უყურეთ მულტფილმებს, რომლებშიც ეს ცნებები მისთვის გასაგებად, მაგალითებად იქნება გადმოცემული. არ უყვიროთ ბავშვს, ხომ არ გინდათ ნერვიული გაიზარდოს?
4-5 წელი - ყველაზე შეასაფერისი დროა, რომ ბავშვს "კარგისა" და "ცუდის" მნიშვნელობა აუხსნათ. აბსტრაქტული ცნებებიც უკვე ესმით. შეგიძლიათ უამბოთ "ერთგულებასა" და "სიკეთეზე", "ბოროტებასა" და "სიცრუეზე".
განაგრძეთ ბავშვისთვის დადებითი მაგალითის მიცემა. ამ დოს ბავშვს უნდა, რომ მისთვის საყვარელ ადამიანებს ჰგავდეს, მოსწონს როცა თავისი საქციელით მათ სიხარულს ჰგვრის.
6-8 წლის ასაკში სოციალური თვითშეგნება უჩნდება. უკვე აცნობიერებს, რომ საზოგადოებაში ყველა გარკვეულ წესებს ემორჩილება, რომ არსებობს მოვალეობები და უფლებები. ამ საკითხებზე თქვენც უნდა ესაუბროთ. უფრო გასაგები რომ იყოს, განიხილეთ რომელიმე ზღაპარი. აამბობინეთ, რომელი გმირია მართალი, რომელია ბოროტი, ვინ რა შეცდომა დაუშვა და ა.შ.
9-11 წლის ბავშვი უკვე გარე ფაქტორების გავლენის ქვეშაა: სკოლა, მეგობრები... მას უკვე თქვენგან განსხვავებული აზრები და შეხედულებები უჩნდება. მოგიწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ თქვენი შვილი ისე მჭიდროდ აღარ არის ოჯახურ კერას მიჯაჭვული. ეს პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის სავსებით ბუნებრივი პროცესია. ამ პერიოდში თქვენი დიპლომატიური შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოავლინოთ.
შეუვალი იყავით მხოლოდ ძირეულ პრინციპებში, წვრილმანებზე კი რეაქციას ნუ გამოავლენთ. უფრო სწორად, მკაცრად ნუ გააპროტესტებთ. ყოველთვის დაინტერესდით მისი აზრით, ეცადეთ, კონტაქტის ძაფი არ გაწყვიტოთ.