დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელ ფერებს იყენებენ ბავშვები უფრო ხშირად ხატვის დროს ფსიქოლოგების აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელ ფერებს იყენებენ ბავშვები უფრო ხშირად ხატვის დროს - ბავშვებმა იციან ხოლმე რომელიმე ფერის ამოჩემება. თუ ამ ფაქტს კარგად დავაკვირდებით, შეგვიძლია გამოვიცნოთ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ყვითელი
ყვითელ ფერს, ფსიქოლოგების აზრით, ირჩევენ შემოქმედებითი ბავშვები, ისინი, რომლებიც ოცნებობენ. ასეთ ბავშვებს უყვართ თამაში ქვებით, ტოტებით, ქვიშით და არა ძვირფასი სათამაშოებით. ეს ბავშვები ყველაზე დიდი მეოცნებეები არიან და ეს უნარი მიჰყვებათ დიდობის ასაკშიც.
ნარინჯისფერი (სტაფილოსფერი)
ასეთ ფერს ირჩევენ ადვილად აგზნებადი ბავშვები. ასეთი პატარები ცელქობენ და ყვირიან უმიზეზოდ. ეს ჰიპერაქტიური ბავშვების საყვარელი ფერია, ასევე მათი, ვისაც აქვს ყურადღების დეფიციტი. „2 წლამდე ჩემი შვილი კატეგორიულად არ იყენებდა ხატვის დროს სხვა ფერებს, გარდა ნარინჯისფერისა. თუ ამ ფერს ამოვიღებდი კოლოფიდან, ბავშვი უარს აცხადებდა ხატვაზე. ეძებდა, ტიროდა, ბრაზდებოდა. დროთა განმავლობაში ჩემმა შვილმა შეიყვარა ყვითელი ფერიც. ახლა ყველა ნახატი ფერადი გვაქვს: ყვითელ-სტაფილოსფერი“, - ამბობს ერთი მშობელი.
ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ. თუ თქვენი შვილი უპირატესობას ანიჭებს ნარინჯისფერს, ეს არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად ჰიპერაქტიურია. შეიძლება მას აქვს ასეთი პერიოდი. დროთა განმავლობაში იგი დაიწყებს სხვა ფერების გამოყენებასაც.
ვარდისფერი
ვარდისფერითა და ღია იასამნისფერით ხატვა უყვართ მშიშარა ბავშვებს. ასეთი ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარშემო მყოფების ყურადღებასა და გამხნევებას. საჭიროა მშობელმა მეტი ყურადღება დაუთმოს პატარას.
ცისფერი
ცისფერს ირჩევენ უდარდელი ბავშვები. ხშირად ცისფერი ჭარბობს ბავშვების იმ ნახატებში, რომლებიც საზაფხულო არდადეგების დროს დახატეს. ამ დროს მათ ჰქონდა ბევრი თავისუფალი დრო და ნაკლები პასუხისმგებლობა.
წითელი
წითელი ასოცირდება აგრესიასთან. მაგრამ ბავშვთა ფსიქოლოგების აზრით, ეს ფერი უყვართ გახსნილ და აქტიურ ბავშვებს. ისინი ძალიან ენერგიულები არიან და ხშირად ამტვრევენ სათამაშოებს. საინტერესო ფაქტია - ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკოსი ბავშვობაში უპირატესობას ანიჭებდა წითელ და ყვითელ ფერებს. რა იცით, შესაძლოა თქვენ მომავალ პრეზიდენტს ზრდით.
ლურჯი
ლურჯ ფერს ირჩევენ მშვიდი, გაწონასწორებული ბავშვები. ასეთ პატარებს კითხვა უფრო უყვართ, ვიდრე ხმაურიანი თამაშები. თუმცა, ზოგჯერ აქტიური და ენერგიული ბავშვიც იწყებს ლურჯი ფერებით ნახატების შესრულებას. ფსიქოლოგების აზრით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ მომენტში ბავშვი დაიღალა ხმაურიანი თამაშით და ესაჭიროება სიმშვიდე და დასვენება.
მწვანე
ფსიქოლოგების აზრით, თუ ბავშვის ნახატში ჭარბობს მწვანე ფერი, განსაკუთრებით მუქი -მწვანე, ასეთ ბავშვს აკლია სითბო და ყურადღება. ლურჯ-მწვანე ტონებს ირჩევენ ბავშვები, რომლებიც არიან დაძაბულები. შეიძლება მშობლები მათ მიმართ ზომაზე მეტად მკაცრები არიან, ბავშვისგან ბევრს ითხოვენ. მიეცით მას მეტი თავისუფლება, ხშირად შეაქეთ და მალე თქვენი ბავშვიც დაიწყებს მხიარული ფერებით ხატვას.
იასამნისფერი
ეს ფერი ხშირად ასაკით პატარა ბავშვებს მოსწონთ. ფსიქოლოგების დაკვირვებით, მათ საკმაოდ მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ.
ნაცრისფერი
ამ ფერს ირჩევენ თავის თავში ჩაკეტილი, წყნარი ბავშვები. ასეთ ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ თანადგომა ყველა წამოწყებაში. დაუთმეთ მეტი ყურადღება და მალე მათი ნახატები გაფერადდება.
ყავისფერი
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვები, რომელთაც ეს ფერი უყვართ, ცხოვრობენ თავის გამოგონილ სამყაროში. თუ ბავშვი ადრე ხატავდა სხვადასხვა ფერით და უცებ „შეუყვარდა“ ყავისფერი, ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური სტრესი და საჭიროა მიაქციოთ შესაბამისი ყურადღება.
შავი
თუ ბავშვი ხატავს შავი ფერით, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში. თუმცა, არ ღირს ნერვიულობა, თუ ბავშვი ხატვას იწყებს შავი ფერით და შემდეგ უმატებს სხვადასხვა ფერს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის ჰარმონიულად განვითარებული პიროვნებაა.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ