რა არის დაუნის სინდრომი და რა შეუძლიათ ამ სინდრომის მქონე ადამიანებს 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ყველას ახსენდება, რომ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ და ელემენტარული ცოდნის სიმცირის გამო რიყავენ ხოლმე. ამ დღეს კიდევ ერთხელ ღირს, გავიხსენოთ, რა არის სინამდვილეში დაუნის სინდრომი და როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები - "მზის შვილები".
ეს ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული სინდრომია, რომლის დროსაც ადამიანს 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომა აქვს, რადგან 21-ე წყვილის ქრომოსომები, ნორმალური ორის ნაცვლად, სამი ასლით არის წარმოდგენილი. ამას 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
ეს ყველაზე ხშირი დარღვევაა, როდესაც დედის ან მამის სასქესო უჯრედის დაყოფისას არ ხდება 21-ე წყვილი ქრომოსომის განცალკევება და განაყოფიერების შემდეგ ტრისომიული ზიგოტა იქმნება. ეს გენომური პათოლოგიაა. სინდრომს სახელი ეწოდა ინგლისელი ექიმის ჯონ დაუნის პატივსაცემად, რომელმაც პირველად აღწერა ის 1866 წელს.
პირველად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საერთაშორისო დღე 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა. დღე და თვე წყვილის ნომრისა და ქრომოსომების რაოდენობის აღსანიშნავად იქნა არჩეული.
წლების განმავლობაში, ნაყოფისთვის დაუნის სინდრომის აღმოჩენის შემთხვევაში ქალები აბორტს იკეთებდნენ და იცილებდნენ ''არასასურველ'' ბავშვს. ასევე გაჩენის შემთხვევაში, ხშირად უპატრონოდ ტოვებდნენ და ამგვარი შემთხვევები დღესაც არის.
არადა, ექიმები თუ ფსიქოლოგები გამუდმებით უმტკიცებენ საზოგადოებას, რომ დაუნის სინდრომი არ არის განაჩენი, ეს არის ჩვეულებრივი თანდაყოლილი განსხვავებაა და ამ სინდრომის მქონე ადამიანს უბრალოდ უნდა ხელშეწყობა ცხოვრებისეულ სირთულეებთან საბრძოლველად.
ძალიან ბევრი შემთხვევა არსებობს, როდესაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ჩვეულებრივად ადაპტირდებიან საზოგადოებაში, აქვთ თავიანთი უფლებები და შესაძლებლობები. სპეციალისტებმა ჩამონათვალიც კი გააკეთეს, თუ რა შეუძლიათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს და რომ ამ უფლების წართმევა, მუცელშივე მათთვის განაჩენის გამოტანით, არაფრით არ შეიძლება.
ამიტომაც არის, რომ დღეს შეგნებულად მოაზროვნე საზოგადოება ამგვარ გადაწყვეტილებებს აღარ იღებს და ცნობილ ადამიანთა შორისაც გვხვდება მაგალითები, როდესაც ისინი ჩვეულებრივ ზრდიან დაუნის სინდრომის მქონე შვილებს და მათზე უარს არ ამბობენ.
მაშ ასე, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, სიყვარულით იქორწინონ. ამის უამრავი შემთხვევა არსებობს მსოფლიოში. შეუძლიათ შვილის გაჩენა. შესაბამისი გინეკოლოგიური და გენეტიკური გამოკვლევების შედეგად ბევრ მათგანს გაუჩნდა სრულიად ჯანმრთელი შვილი.
შეუძლიათ მუშაობა - თანაშემწეობა მაღაზიაში, ოფისში, მსახიობობა, სპორტსმენობა და ა.შ. შეუძლიათ უმაღლესი განათლების მიღება - პაბლო პინედა, 38 წლის ესპანელი მსახიობი პირველი ადამიანი იყო ესპანეთში დაუნის სინდრომით, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო. მრავალ პრობლემას შეხვდა განათლების მიღების გზაზე, განსაკუთრებით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო, თუმცა თავის საწადელს მაინც მიაღწია.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს სახეზე აქვთ დამახასიათებელი ნაკვთები, რომლის გამოსწორებაც, სურვილის შემთხვევაში, პლასტიკური ქირურგის ჩარევას ექვემდებარება. ამის შემთხვევებიც მრავლად არსებობს.
რა შეუძლიათ კიდევ: მანქანის ტარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, საოჯახო მეურნეობის წარმოება, დეპრესიის მქონე ადამიანების, აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების დახმარება, პარაოლიმპიადებზე გამარჯვება და სხვა... და პირველ რიგში, აქვთ უფლება, იყვნენ ბედნიერები.
ასევე იხილეთ:
"შემიყვარე, გთხოვ, ვიცი, ის არ ვარ, ვისაც ელოდი, მაგრამ შემიყვარე!"
როგორ დაიბრუნა დედამ სამშობიაროში მიტოვებული შვილი
დიდ გენერალს არასდროს დაუმალავს შვილის დიაგნოზი...