„ნუ ზრდი შვილს, ის მაინც ისეთი გამოვა, როგორიც შენ ხარ. საკუთარი თავი აღზარდე“ ცნობილი ბლოგერის კარლი კამპარკისის რჩევები:
როდესაც დედა გავხდი, ჩემს გარშემო ყველა რჩევას მაძლევდა, მასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა მყვარებოდა ჩემი შვილები. მე არასოდეს ვუსმენდი მათ. ცოტამ თუ იცის, როგორ აღზარდოს დამჯერი, მოსიყვარულე და ბედნიერი ბავშვი. მე მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე. თქვენს მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს ბედნიერი და არა - დამჯერი ბავშვის აღზრდა. მშობლების უმეტესობა ისე უვლის თავის შვილებს, რომ არ აძლევს საშუალებას, დავარდეს და რაიმე იტკინოს. ისინი აქტიურად ერევიან მათ ცხოვრებაში და ცდილობენ დაიცვან უსიამოვნებებისგან. ჩემი საყვარელი წესი აღზრდის შესახებ ასეთია: „მოამზადეთ თქვენი შვილი მგზავრობისთვის, მაგრამ ნუ წაართმევთ უფლებას, იაროს დამოუკიდებლად“. და ასეთი გამოთქმაც არსებობს: „ნუ ზრდი შვილს, ის მაინც ისეთი გამოვა, როგორიც შენ ხარ. საკუთარი თავი აღზარდე“.
შეცდომა № 10: თქვენ მუხლს იდრეკთ თქვენი შვილების წინაშე
ყოველი ჩვენგანი ცდილობს იყოს იდეალური მშობელი. ჩვენი შვილები ცხოვრობენ უფრო უკეთეს პირობებში, ვიდრე ჩვენ ვცხოვრობდით მათ ასაკში. ჩვენ ვუსრულებთ მათ ყველა კაპრიზს: ახალი სათამაშო უნდა - კი ბატონო! მორიგი შოკოლადი - მიირთვი! პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვებს ჰგონიათ, მთელი სამყარო მათ გარშემო ტრიალებს და როდესაც რაიმეს ვერ შეუსრულებთ, თქვენი ბავშვი ძლიერ დაღონდება, უფრო მეტად განიცდის, ვიდრე მეზობლის ბავშვი, რომელსაც ასე არ ელოლიავებიან მშობლები. ჩვენ მუხლის ჩოქებზე კი არ უნდა ვიდგეთ მათ წინაშე, არამედ უნდა გვიყვარდეს. ისინი ჩვენთვის მართლაც სამყაროს ცენტრები არიან, მაგრამ თავად არ უნდა აღიქვამდნენ თავს ასე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეგოისტები გაიზრდებიან. ბავშვმა არ მიიღოს სასურველი და ახლავე - ეს ნორმალურია.
შეცდომა № 9: თქვენ თვლით, რომ თქვენი შვილები იდეალურები არიან
სპეციალისტები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ, ხშირად აღნიშნავენ, რომ ბევრი მშობელი არ არის მზად მოისმინოს კრიტიკა საკუთარ შვილზე. თუ სკოლის მასწავლებელი გეუბნებათ, რომ თქვენი შვილი ცუდად ექცევა თანაკლასელებს, დასკვნები უნდა გააკეთოთ ბავშვის საქციელიდან გამომდინარე და არა მასწავლებლის შენიშვნიდან.
შეცდომა № 8: მთელი თქვენი ცხოვრება - თქვენი ბავშვებია
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შვილებით. როცა ისინი წარმატებას აღწევენ, ჩვენ გვიხარია და ბედნიერები ვართ. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. თქვენც უნდა გქონდეთ თქვენი საკუთარი ცხოვრება და მიღწევები. ბავშვს მისაბაძად სწორი მაგალითი სჭირდება. გახდით მისაბაძი მშობელი. თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს, ჯერ თქვენ იცხოვრეთ სრულფასოვნად.
შეცდომა № 7: თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს მის მაგივრად
რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილი არ გაეხვეს უსიამოვნებებში. პრობლემა ისაა, რომ ასეთი ბავშვი ვერ აზროვნებს დამოუკიდებლად და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. ნუ გადაწყვეტთ მის მაგიერ, რა პროფესია აირჩიოს, ვისთან იმეგობროს... პატივი ეცით მის არჩევანს.
შეცდომა № 6: საკონკურსო აღზრდა
ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი იყოს უკეთესი, ვიდრე სხვა ნებისმიერი ბავშვი. უკეთესად სწავლობდეს, სპორტშიც პირველობა აიღოს. მაგრამ ჩვენი ცხოვრება არ არის მხოლოდ ოფლი და ბრძოლა. ცხოვრება სიხარულია. სჯობს ბავშვს ჩაუნერგოთ აზრი, რომ გამარჯვება ნებისმიერ ფასად - არ არის ის ერთადერთი, რამაც შეიძლება ბედნიერება მოუტანოს. ადამიანი ფასობს არა თავისი გამარჯვებებით, არამედ ხასიათით.
შეცდომა № 5: თქვენ ართმევთ მას ბავშვობას
მეცნიერულად დამტკიცებულია, რაც უფრო ბედნიერი და ლაღი იქნება თქვენი შვილის ბავშვობა, მით ბედნიერი გაიზრდება იგი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბავშვს პირველ რიგში თამაშის უფლება აქვს. ნუ გადატვირთავთ სხვადასხვა წრეზე სიარულით, ლექციებით, კონკურსებით, ამ ყველაფერს სასკოლო გაკვეთილებიც ემატება. დაუტოვეთ ბავშვს საკუთარი ბავშვური სამყაროსთვის დრო.
შეცდომა № 4: თქვენ გინდათ გყავდეთ „ სწორი“ და არა“ნამდვილი“ ბავშვი
თქვენ გეგმებს აწყობთ ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბავშვი დაიბადება. თვლით, რომ ისინი მიაღწევენ უფრო მეტს, ვიდრე თქვენ. მაგრამ ირონია იმაშია, რომ თქვენ ვერ იღებთ იმ იდეალურ ბავშვს, რომელზეც ოცნებობდით. ნუ ეცდებით შეცვალოთ მასში რაიმე, რაც არ მოგწონთ. ნუ აიძულებთ გახდეს ისეთი ადამიანი, როგორზედაც ოცნებობდით. აღზარდეთ, დაეხმარეთ წინსვლაში, მაგრამ მიეცით უფლება, იყოს ისეთი, როგორიც არის.
შეცდომა № 3: თქვენ გავიწყდებათ, რომ ქმედებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტყვები
ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილების თვალში იდეალურები ვიყოთ. ისიც ვიცით, რომ თუ გვინდა, ჩვენი შვილი გაიზარდოს ჭკვიანი და კეთილი, ამის მაგალითი უნდა მივცეთ ჩვენ. ამასთან გვავიწყდება, რომ მორალურ დარიგებას შედეგი მოაქვს მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ ჩვენ თვითონ მივცემთ მაგალითს. ამიტომ შემდეგში, სანამ შვილს გაუბრაზდებით იმის გამო, რომ უპატივცემულოდ მოექცა უფროსს, ჰკითხეთ თქვენს თავს: იქნებ ბავშვმა დაინახა თქვენი ნეგატიური მაგალითი?
შეცდომა № 2: თქვენ განსჯით მშობლებს მათი შვილების საქციელიდან გამომდინარე
როდესაც ხვდებით ბავშვს, რომელიც ცუდად იქცევა, ავტომატურად ფიქრობთ, რომ მისი საქციელი გამომდინარეობს მისი ცუდი აღზრდიდან. მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. არ არსებობენ იდეალური უფროსები და „პლასტელინისგან გამოძერწილი“ ბავშვები. ჩვენ არ ვიცით, თუ როგორ განიცდიან სხვა მშობლები თავიანთი შვილების ცუდ საქციელს. ამიტომ, ნუ განსჯით სხვას.
შეცდომა № 1: ნუ გაუუფასურებთ თავის ხასიათს და თავის „მეს“
თითოეულ ბავშვს აქვს საკუთარი ხასიათი და თავისი შინაგანი, მორალური კომპასი. თითოეულ ბავშვს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ამისთვის არ არსებობს შაბლონი. მიეცით ბავშვს მეტი თავისუფლება, მიეცით ნება, გამოხატოს საკუთარი თავი, თავისი ხასიათი. ნუ დამალავთ მას რეალური სამყაროსაგან, ნუ აქცევთ თქვენს სიყვარულს მისთვის ციხედ!
მოამზადა სალომე გორგოშიძემ