ბევრი ფიქრობს, რომ "მათ შვილს ეს არასოდეს დაემართება" ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთან ერთ სივრცეში თანაარსებობა საკმაოდ რთულია. ეს ამონარიდი პოპულარული წიგნიდან "როგორ დავეხმაროთ ნარკომანს?" (ავტ. ევა ივანოვა) შესაძლოა მათთვის იყოს საინტერესო, ვისი შვილი/ახლობელი წამალდამოკიდებულია. ნარკომანიის მკურნალობაში აუცილებელია ოჯახის წევრების ჩართვა. მათი ცხოვრება ხშირად მთლიანად ხდება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ინტენსივობით მოიხმარს ნარკოტიკს მათ გვერდით მყოფი ადამიანი და როგორი ცხოვრების წესს ირჩევს.
"ნარკომომხმარებელთა ოჯახის წევრები მუდმივ შიშსა და სტრესს განიცდიან, ავადდებიან ნევროზებით და ფსიქოსომატური დაავადებებით. მეორე მხრივ, ნარკომომხმარებლის ოჯახის წევრთა არასწორი ქცევის გამო ხშირია, როდესაც ნარკომომხმარებლის მდგომარეობა უარესდება და ის ნარკოტიკზე მეტად დამოკიდებული ხდება. სწორედ ამიტომ ყველა რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობს პროგრამა წამალდამოკიდებულთა ოჯახის წევრებისთვის.
ნარკომანიის პრობლემასთან მშობლების უმრავლესობას შეხება არასოდეს ჰქონია. ბევრი ფიქრობს, რომ "მათ შვილს ეს არასოდეს დაემართება, ის არასოდეს გახდება ნარკომანი". ერთ მშვენიერ დღეს კი ყველაფერი ყირაზე დგება. მშობლები გვიან ხვდებიან, რომ შვილმა ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო. როგორც წესი, მათ ჯერ პანიკა იპყრობს – "რატომ დავისაჯე, როდის დავუშვი შეცდომა?" შემდეგ კი ნარკოლოგებთან, ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან გარბიან. მზად არიან დაავადებულის განსაკურნებლად ნებისმიერი თანხა გაიღონ. შეწუხებულები მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ, უმართავენ სკანდალებს და ისტერიკებს, ზოგჯერ ცდილობენ მშვიდად ესაუბრონ, ზოგჯერ კი ჯიბეებს და უჯრებს უტრიალებენ… მკურნალობის მორიგი მცდელობის მერე, როგორც კი დეტოქსიკაცია გავლილი პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოდის, ის კვლავ იწყებს ნარკოტიკების მოხმარებას. მშობლებს ჯოჯოხეთის რამდენიმე წრის გავლა უწევთ. იმედი და ფინანსები იწურებათ, მათ და შვილებს შორის სულიერი კავშირი წყდება, წლების განმავლობაში ეს უფსკრული სულ უფრო და უფრო ღრმავდება.
ასეთ შემთხვევაში მშობლებთან საუბარი ძალიან რთულია. მათ მხოლოდ ის ესმით, რისი გაგონებაც სურთ. ისინი ეთანხმებიან ექიმებს, რომ ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ნარკოტიკების მოხმარებას წამალადამოკიდებულთა ნახევარიც ვერ წყვეტს, მაგრამ მაინც ისე იქცევიან, როგორც ადრე იქცეოდნენ და უწყვეტ იმედგაცრუებას განიცდიან.
უპირველეს ყოვლისა, წამალდამოკიდებულთა მშობლებმა და ახლობლებმა საკუთარი თავი არ უნდა მოატყუონ. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, აღიარონ, რომ შვილი მათი საკუთრება არ არის და აქვს უფლება ისე იცხოვროს, როგორც სურს. მშობლებს ავიწყდებათ, რომ მათ პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრებაც აქვთ. როგორც კი აღმოაჩენენ, რომ შვილი ნარკოდამოკიდებულია, მთელ ძალისხმევას მის მკურნალობაზე ხარჯავენ. შვილს კი, შესაძლოა, ამის სურვილი საერთოდ არ ჰქონდეს, მზად არის იყოს ამისათვის.
აი, რას წერენ წამალდამოკიდებულ პირებზე წიგნში "ანონიმური ნარკომანები": "სურვილი – ეს საკვანძო სიტყვაა. სურვილი გამოჯანმრთელების საფუძველია. მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ ადამიანი, რომელსაც არ უნდა დაანებოს თავი ნარკოტიკს, არ შეწყვეტს მოხმარებას. შეიძლება ვურჩიოთ, დავემუქროთ, დავსაჯოთ, მოველაპარაკოთ, შევიპიროთ, ვემუდაროთ, გამოვკეტოთ ოთახში, მაგრამ ის მაინც იქნება მომხმარებელი მანამდე, ვიდრე მოხმარების სურვილს თვითონ არ დაკარგავს".
ნარკოტიკები კოლასულური სიამოვნებაა. დროთა განმავლობაში კი სიამოვნების მიღების პროცესი დამოკიდებულებაში, დაავადებაში გადადის. იმისათვის, რომ ნარკოტიკების მომხმარებელს მკურნალობის სურვილი გაუჩნდეს, დიდი მოტივაცია ჭირდება. სხვა შემთხვევაში რატომ უნდა თქვას უარი სიამოვნებაზე, მით უფრო თუ მოსიყვარულე მშობლების და მზრუნველი ახლობლების იმედი აქვს?.. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ პოლიციიდან დაიხსნან, აარიდონ ციხეს. ისინი დაიდებენ ვალს, შეაწუხებენ გამოცდილ ადვოკატებს, აიტანეს სირცხვილს…
თუ ნარკოტიკების მომხმარებელს ოჯახში სიტყვა "მკურნალობა" წამოცდა, მშობლების სიხარულს საზღვარი არ აქვს. თუმცა სიხარული ფერმკრთალდება მაშინ, როდესაც დეტოქსიკაცია გავლილი შვილი ერთ-ორ კვირაში კვლავ ცდუნებას ყვება.
მახსენდება ერთ-ერთი ახალგაზრდა პაციენტის დედა, მან უარი განაცხადა წამალდამოკიდებული შვილის მოვლაზე, მასთან ერთად ნარკოლოგიურ კლინიკებში სიარულზე. "თუ უნდა მკურნალობა, იმკურნალო," – გადაწყვიტა და საავადმყოფოს ეზოდან გამობრუნდა. დედის რეაქციით გაოგნებული ბიჭი თვითონ მისულა ექიმთან და მკურნალობა უთხოვია. ასეთი მაგალითი მრავლად არსებობს.
საქმე ისაა, რომ თქვენი შვილი მაინც ისე მოიქცევა, როგორც თვითონ სურს. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ის ბავშვი აღარ არის და თვითონ აგებს პასუხს თავის ცხოვრებაზე, დიახ, თუნდაც ასეთ ცხოვრებაზე, როგორიც დღეს აქვს. ამის გამო მშობლების ცხოვრება არ უნდა დაინგრეს. მშობლების ცხოვრებაზე პასუხისმგებელი თვითონ არიან. ნარკომანია კი მათი შვილის პირადი არჩევანია.
ერთხელ ჩვენს ქალაქს აშშ-დან ყოფილი ნაკოტიკების მომხმარებლები ესტუმრნენ და ადგილობრივ თეატრში გამოჯანსაღების თემაზე სპექტაკლი გამართეს. სპექტაკლის შემდეგ მსახიობები მაყურებლების შეკითხვებს პასუხობდნენ. ერთ-ერთმა ქალმა საკითხავად ხელი აწია, მაგრამ მოულოდნელად აქვითინდა. აღმოჩნდა, რომ მას 16 წლის ნარკომომხმარებელი ბიჭი ჰყავდა. სპექტაკლზე ერთად უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ შვილი სახლიდან გაექცა… ამის პასუხად ერთ-ერთმა მსახიობმა ატირებულ მაყურებელს თავისი ისტორია უამბო: ის მანამდე მოიხმარდა ნარკოტიკებს, სანამ მშობლების იმედად იყო. ისინი ყოველთვის ეხმარებოდნენ. ერთხელაც მშობლებსაც ამოეწურათ მოთმინება და გოგონა სახლიდან გააგდეს. მან კარგა ხანს იცხოვრა ქუჩაში, მაგრამ ბოლოს თავისი ფეხით მივიდა სარეაბილიტაციო ცენტრში. დღეს ის მადლიერია მშობლების, რომლებმაც რვა წლის წინ ქუჩაში გააძევეს და უნებურად ამით საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცეს.
რასაკვირველია, ბევრი მშობელი შვილს ქუჩაში არ გააგდებს. ასეთი მიდგომა პროტესტსაც კი იწვევს, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი ამბები ხშირია და ეფექტიანი. ჩემი ნაცნობი ნარკომომხმარებლების უმეტესობამ წამალს თავი მხოლოდ მას მერე დაანება, რაც მარტო აღმოჩნდა მონსტრი დაავადების – ნარკომანიის წინაშე.
ახლა გთავაზობთ ერთ-ერთი ბენეფიციარის წერილს. ნარკომომხმარებელი თავის ახლობლებს და ნათესავებს წერს:
"მე ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ვარ და დახმარება მჭირდება.
ნუ მომცემთ იმის საშუალებას, რომ მოგატყუოთ. არ დახუჭოთ თვალი ჩემს ტყუილზე, რადგან კიდევ მოვიტყუები. უმჯობესია მითხრათ, რომ იცით სიმართლე როგორი მძიმეც არ უნდა იყოს.
არ მომცეთ იმის საშუალება, რომ გაგაცუროთ. ეს პასუხისმგებლობის გრძნობას მომისპობს. თქვენს პატივისცემასაც დავკარგავ.
არ წამიკითხოთ ნატაციები, არც მორალზე მელაპარაკოთ, არ მეჩხუბოთ, არ მაქოთ, არ დამადანაშაულოთ და მედაოთ, როდესაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფები.
არ გადამიყაროთ ნარკოტიკები. ამით მხოლოდ გამიურესებთ მდგომარეობას.
არ დაუჯეროთ ჩემს დაპირებებს – ამით ვეცდები ჩემი ტკივილი დავფარო.
რამეზე თუ შევთანხმდით, მომთხოვეთ პასუხი.
როდესაც ჩემთან გაქვთ ურთიერთობა, მაქსიმალურად მომითმინეთ, ამიტანეთ, არ გამოხვიდეთ მდგომარეობიდან. ეს მხოლოდ დაგვღუპავს და ვერაფრით დამეხმარებით.
ხელი არ დამაფაროთ და არ ეცადოთ ჩემი დაავადების შედეგის შეცვლა მალევე მომთხოვოთ.
და ყველაზე მთავარი – არ გაექცეთ რეალობას ისე, როგორც მე გავექეცი. დამოკიდებულება, ჩემი დაავადება, უფრო გართულდება თუ ნარკოტიკების მოხმარებას გავაგრძელებ. მე მჭირდება ექიმის, კონსულტანტის, გამოჯანმრთელებული პაციენტების და ღმერთის დახმარება. მე არ შემიძლია საკუთარ თავს დავეხმარო.
მე მძულს ჩემი თავი, მაგრამ თქვენ მიყვარხართ".
ის, რაც აქ ითქვა, ალბათ გასაგებია ნარკომომხმარებლის მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, მათთვის, ვინც უწყვეტ სტრესს განიცდის. სწორედ ამიტომ არსებობს ჯგუფები, სადაც ნარკომომხმარებელთა მშობლები, ნათესავები, მეგობრები იკრიბებიან და ერთმანეთს პირად გამოცდილებას უზიარებენ. დროთა განმავლობაში ისინი აცნობიერებენ, რომ ვერ შეცვლიან ნარკომომხმარებლებს. მათ თვითონ უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება ნარკოტიკების მოხმარების მიმართ.
ერთ-ერთი ნარკომომხმარებლის დედა ყვება: "ისე ვცხოვრობდი, როგორც ყველა ქალი. გავთხოვდი მამაკაცზე, რომელიც სვამდა, მაგრამ მეგონა, რომ ჩემი სიყვარული ალკოჰოლიზმისგან გადაარჩენდა. ბევრი ვითმინე და ბოლოს, მაინც დავშორდით. პატარა ვაჟიშვილი ჩემთან დარჩა. ძალიან მიყვარდა, მაგრამ ერთად ცოტა დროს ვატარებდით. დილიდან გვიანობამდე ვმუშაობდი. საკუთარ თავს ვკიცხავდი იმის გამო, რომ არ შემეძლო ბავშვისთვის კარგი ტანსაცმელი და სათამაშოები მეყიდა…
ვაჟიშვილი იზრდებოდა, სკოლაში და სპორტზე დადიოდა, მაგრამ 16 წლის ასაკში სახლში მოსულს შევატყვე, რომ უჩვეულოდ გამოიყურებოდა. თავიდან მეგონა ნასვამი იყო, თუმცა ალკოჰოლის სუნი არ ჰქონია. მეშინოდა, მამის კვალს არ გაჰყოლოდა. სასმელს და საქეიფო სუფრებს ყოველთვის ვარიდებდი.
ასევე იხილეთ: როგორ უნდა შეატყოთ, მოიხმარს თუ არა მოზარდი ნარკოტიკებს - პირველი სიმპტომები და გამოსავალი
"ნარკომანი მყავს ქმარი... მაგრამ ვერ ვშორდები, ჩემს ვაჟს მამა უნდა!"