ეს იმ სათამაშოების ანტირეიტინგია, რომლებიც ყველაზე მავნედ შეიძლება ჩაითვალოს ბავშვთა სოციალური ფსიქოლოგი, დოქტორი, პროფესორი ვერა აბრამენკოვა თანამედროვე სათამაშოების შესახებ გვესაუბრება. ერთად დავფიქრდეთ, რითი თამაშობენ ჩვენი შვილები.
ჩვენს დედებსა და მამებს კარგად ახსოვთ დრო, როცა ბავშვთა სათამაშოების მაღაზიის თაროებზე ერთფეროვნება სუფევდა: პლასტმასის კატები, დათუნიები, უხეში მანქანის მოდელები, ბურთები და კონსტრუქტორები. ახლა ასორტიმენტი დიდია, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ისინი ბავშვისთვის?
დავიწყოთ საინტერესო ისტორიული ფაქტით: იმპერატორმა ეკატერინე მეორემ გასცა ბრძანება, რომელიც ეხებოდა მისი შვილიშვილების კონსტანტინეს და საშას (მომავალი მეფე ალექსანდრე პირველი) აღზრდას. ბრძანებაში ეწერა: "არ აუკრძალოთ ბავშვებს თამაში ითამაშონ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც უნდათ, არ შეზღუდოთ. თამაშის დროს არ გამოიყენოთ საფრთხის შემცველი ნივთები". ბავშვების აღზრდისას ბავშვების თვალისა და ყურისაგან უნდა მოეცილებინათ ასევე სევდიანი ისტორიები.
რითი თამაშობენ დღეს ჩვენი შვილები? ეს იმ სათამაშოების ანტირეიტინგია, რომლებიც ყველაზე მავნედ შეიძლება ჩაითვალოს.
ბარბი და სხვა ანალოგიური თოჯინები
თითქოს სხვა თანამედროვე სათამაშოების ფონზე ისინი შედარებით "უწყინრად" გამოიყურებიან. არ არიან საშიში შესახედაობის, არ ეწინააღმდეგებიან ნორმებსა და მორალს. და მაინც ასჯერ მოიფიქრეთ, სანამ გადაწყვეთ თქვენი გოგონას გახარებას.
რაშია პრობლემა?
თოჯინა უნდა აღვიძებდეს გოგონაში დედობრივ ინსტინქტებს, მზრუნველობასა და სინაზეს. ბარბი აბსოლუტურად არ ჰგავს ბავშვს, მას არ სჭირდება საფენების გამოცვლა და ხელში დაძინება. მაშინ, როცა ბავშვი "ემსახურება" ბარბის, თავს გრძნობს მოახლედ, უკეთეს შემთხვევაში - მეგობრად. მაგრამ არავითარ შემთხვევაში - "დედად". გარდა ამისა, დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ბარბიმ შეიძლება გოგონებში ჩამოაყალიბოს არასრულფასოვნების კომპლექსი, საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება, რაც მომავალში ნევროზის მიზეზი გახდეს.
ფერად-ფერადი ცხოველები, რომლებსაც ანალოგი არ ჰყავთ რეალურ სამყაროში
უშნო, არაპროპორციული სხეულის ფორმები, მხოლოდ რაღაც დეტალით და მინიშნებით შეიძლება გამოიცნოს ბავშვმა ამა თუ იმ ცხოველის სახეობა.
რაშია პრობლემა?
სათამაშო უნდა ასრულებდეს სასწავლო-შემეცნებით ფუნქციას. ბავშვს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ცხოველთა სამყაროზე. რა თქმა უნდა, ლურჯი დათუნია, რომელსაც დამატებით (4-ის გარდა) 2 თათი აქვს, ბავშვს სწორ წარმოდგენას ვერ შეუქმნის ნამდვილ დათუნიაზე. გარდა ამისა, ზედმეტად "მყვირალა" ფერები აღაგზნებს ბავშვის ნერვულ სისტემას.
ზედმეტად დეტალიზირებული "საშიში" თოჯინები
კიბორგები, რომლებიც არასასიამოვნოდ არიან მიმსგავსებული ადამიანებს, მონსტრები, ვამპირები - ეს ის სათამაშოებია, რომლებმაც დიდი ხანია დაიდეს ბინა ბავშვისათვის განკუთვნილ ოთახებში.
რა არის რეალობა?
როგორც ცნობილია, ზღაპრებში კეთილი იმარჯვებს ბოროტზე. ოღონდ ბოროტი ურჩხულები უნდა იყვნენ რეალისტური დეტალების გარეშე (ადამიანის მსგავსი კბილები, საშიში გამომეტყველება და სხვა). ბავშვი ფანტაზიით თავად წარმოიდგენს ისეთ არსებას, რომელსაც მისი ფსიქიკა უპრობლემოდ გაუძლებს.
სათამაშოები, რომლებიც შლიან ზღვარს კეთილსა და ბოროტს შორის
სხვადასხვა ტრანსფორმერები: ადამიანი-მანქანა, ადამიანი-რობოტი და მსგავსი სათამაშოები არ ატარებენ ზუსტ შეფასებით დატვირთვას. ვინ არის ცუდი? ვინ არის კარგი? ძალიან ნათელი მაგალითი: "სუპერგმირი" და "სუპერრობოტი" . ისინი ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდებიან მხოლოდ თავისი სუპერკოსტიუმის ფერით. როგორ გაიგოს პატარა ადამიანმა, ვის მხარეს იყოს.
რაშია პრობლემა?
მსგავსი სათამაშოები შლიან ზღვარს კარგსა და ცუდს, ბოროტსა და კეთილს შორის. ბავშვი ვერ ხვდება, ვის მხარეს უნდა ითამაშოს. კიდევ უარესია თამაშები, რომელთა დროსაც "ისპობა ცივილიზაცია" ან "მსოფლიო ომის" თამაშები, რომლებიც ნეგატიურად მუხტავენ პატარებს და ქვეცნობიერად ამზადებენ იმისთვის, რომ ის ცხოვრობს საშიშ სამყაროში, რომელიც ეს-ესაა უნდა დაიღუპოს.
ახლაც შეიძლება არაერთი კარგი სათამაშოს მოძებნა, ეცადეთ, მოიძიოთ დადებითი მუხტის გამომწვევი სათამაშოები, ბავშვის ოთახში საყვარელი პერსონაჟები უნდა "ცხოვრობდნენ", რომლებიც სითბოსა და სინაზეს აჩუქებენ მათ.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ