არ აქციოთ უფროსი კონკიად და უმცროსი - მჩაგვრელად როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ბავშვების ეჭვიანობა ნორმალურია. თუმცა მშობელს შეუძლია, მინიმუმამდე დაიყვანოს ეჭვიანობაც და ბავშვების ჩხუბიც. ისეც კი, რომ უფროსი უმცროსის გაზრდაში დაეხმაროს და პატარის მიმართ მზრუნველობის განცდა გაუჩნდეს.
1. დახმარება, როგორც ჯილდო – მიეცით საშუალება უფროსს, თქვენ და თქვენს პატარას დაგეხმაროთ, ოღონდ ეს იყოს არა როგორც მოვალეობა, არამედ ჯილდო. "ისე კარგად იქცეოდი, ნებას გრთავ, ცოტა ხანს პატარას დაუჯდე და გაართო". ჯილდოს მიღება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე დავალებები.
2. შეაქეთ – შეაქეთ ხოლმე, თუნდაც უბრალოდ პატარის მიერ ძირს დავარდნილი მატყუარა აიღოს და მოგაწოდოთ. შექება ისეთი რამაა, ნებისმიერი ადამიანი ცდილობს, ის ხშირად მიიღოს.
3. ვის არ მოსვლია – შენიშვნებთან კი ცოტა ფრთხილად იყავით. ეცადეთ, მეტისმეტად კრიტიკული არ იყოთ უფროსის მიმართ, ხმას არ აუწიოთ – იმის ფონზე, რომ პატარას სულ ეფერებით და ენის ჩლექვით ელაპარაკებით, უფროსს მეტისმეტად სასტიკი მოეჩვენება თქვენი სიმკაცრე და თავს დაჩაგრულად იგრძნობს. ყველაფრის ახსნა შეიძლება წყნარად.
4. კონკიად არ აქციოთ – მეტისმეტად დატვირთვა და სხვადასხვა საქმის დავალებაც არ ღირს, ის მაინც ბავშვია და ნუ დაუკარგავთ ბავშვობას. ხშირად მშობლები უფროსებს მეტისმეტ ვალდებულებებს ჰკიდებენ და ბავშვობასაც კი უკარგავენ, ისე ავალდებულებენ უმცროსზე ზრუნვას. ეს არც ბავშვებს შორის ურთიერთობების გამყარებას შეუწყობს ხელს – პირიქით, შეიძლება უფროსს მეტი აგრესია გაუჩნდეს, უმცროსი კი მჩაგვრელად იქცეს.
5. თანაგრძნობა – უფროსი ბავშვი ასეთ ფრაზას ამბობს: "რა კარგად იყო ყველაფერი, სანამ ეს პატარა არ დაიბადებოდა". სწორი რეაქცია ამ დროს თანაგრძნობაა, თუნდაც არ გსიამოვნებდეთ ამის მოსმენა. ელაპარაკეთ, მოეფერეთ და გასაგებად აუხსენით ყველაფერი. აკრძალვა და ყვირილი ამ დროს არ შეიძლება. თუ სიტყვებით ემოციის გამოთქმას აუკრძალავთ, ქმედებაზე გადავა.
6. თამაშ-თამაშით – ნელ-ნელა ჩართეთ უმცროსი უფროსის თამაშებში, ისე შეუდგინეთ წესები, რომ მოეწონოს კიდეც უმცროსთან თამაში. თუნდაც უმცროსი ჯერ სულ პაწაწინა იყოს, მისთვისაც კი შეიძლება რაიმე როლის დაკისრება თამაშში, თუნდაც დამკვირვებლის. უმცროსი დედმამიშვილი, რომელთანაც შეიძლება რაღაცის თამაში, უკვე ტვირთი კი არ არის, არამედ პარტნიორი გართობის დროს.
7. დიდი ბავშვი – რაც უნდა ამტკიცონ ჩვენმა შვილებმა, რომ უნდათ დიდები იყვნენ, მათ მაინც აქვთ უშველებელი მოთხოვნილება, იყვნენ პატარები და ყველასთვის საყვარლები. გარდატეხის ასაკშიც კი. მივცეთ ასეთი შესაძლებლობა. როცა მასთან მარტო რჩებით, ხშირად უთხარით, როგორ ძალიან გიყვართ, როგორი იმედი გაქვთ მისი და როგორი ძვირფასია თქვენთვის.