რა არის ფრჩხილების კვნეტის მიზეზები და მასთან ბრძოლის მეთოდები ბავშვი ფრჩხილებს იკვნეტს. პირველი სურვილი - ჩაარტყათ ხელებში? არა, რადგან თქვენი ქმედება იქნება მოკლევადიანი და თან ძალიან აწყენინებთ პატარას. ასეთი პრობლემა აწუხებს არაერთ მშობელს. საჭიროა დროულად დაეხმაროთ პატარას, რათა დიდხანს არ გაჰყვეს ეს ჩვევა. შეეცადეთ გაერკვიოთ, თუ რა არის ამ მავნე ჩვევის მაპროვოცირებელი.
წლამდე ბავშვები ცდილობენ ყველაფერი პირისკენ წაიღონ. ამით ისინი შეიცნობენ სამყაროს. ასაკის მატებასთან ერთად შემეცნება გადის და თითის წოვის რეფლექსი რჩება. ამიტომ პატარაობიდანვე ნელ-ნელა უნდა გადავაჩვიოთ პატარა თითების პირში ჩადებას. სჯობს პირში ედოს მატყუარა. მატყუარას ხომ ისედაც გადაეჩვევა, „გემრიელი“ თითები კი - სულ თან აქვს...
რა მოვიმოქმედოთ? პირველ რიგში, მიზეზს უნდა ჩასწვდეთ.
პირველი მიზეზი ფრჩხილების კვნეტისა არის დაუკმაყოფილებელი წოვითი რეფლექსი. ხშირად ამ მავნე ჩვევის მიზეზი კონკრეტულ სტრესს უკავშირდება: საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სკოლასა თუ საბავშვო ბაღში შესვლა, კონფლიქტი მშობლებთან ან მეგობრებთან, და მრავალი სხვა.
თუ დროულად შეამჩნევთ მავნე ჩვევას, მალევე გადააჩვევთ. პირველი რაც უნდა მოიმოქმედოთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ ბავშვის განცდები. მას პირველი გამოსვლა აქვს საბავშვო ბაღში და ამას განიცდის? ავარჯიშეთ სახლში და დაარწმუნეთ, რომ ყველაფერი გამოუვა. იქნებ კონფლიქტი აქვს თანატოლებთან? გაესაუბრეთ პადაგოგს და გაარკვიეთ: შეიცვალა თუ არა ბავშვის ქცევაში რაიმე. შეეცადეთ ბავშვის პრობლემას გამოუყოთ მეტი დრო. ესაუბრეთ სეირნობის დროს, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ რაც შეიძლება ხშირად. ფრჩხილების კვნეტის მავნე ჩვევა ბავშვს შეიძლება ხშირი ოჯახური კონფლიქტების შედეგად გაუჩნდეს. ბავშვები ასეთ სიტუაციებში ხშირად ქვეცნონიერად ადანაშაულებენ საკუთარ თავს. ამიტომ ბავშვის თანდასწრებით დაუშვებელია მშობლებმა დაძაბული ურთიერთობა არკვიონ. შეიძინეთ მძივები და ასწავლეთ სამაჯურების კეთება (გოგონებს), ასევე შეიძლება თავსატეხი “რუბიკის კუბიკის" ყიდვა, სპეციალური საძერწი, რომელიც ხელს არ ეწებება. ამ ნივთებით შეიძლება ბავშვის ხელების დაკავება და მას ფრჩხილები აღარ გაახსენდება. იმის ნაცვლად, რომ ეჩხუბოთ და აკრიტიკოთ, გადაატანინეთ ყურადღება და გაართეთ.
თუ მიაგენით ბავშვის შინაგანი შფოთვის მიზეზს, თუ უთმობთ ბავშვს მეტ დროს, შეძელით რაიმე საქმით მისი დაკავება, მაგრამ ის მაინც აგრძელებს ფრჩხილების კვნეტას, წაუსვით ფრჩხილებზე მწარე ლაქი (მანამდე ეს მეთოდი შეათანხმეთ ექიმთან). ასევე აუხსენით (ასაკის გათვალისწინებით), რომ ფრჩხილების კვნეტა არაჰიგიენურია, რომ მის ქვეშ უამრავი ბაქტერია „ცხოვრობს“ და მათი მოხვედრა პირის ღრუში აავადებს ორგანიზმს. რომ ეს არ არის ლამაზი და ესთეტიკური...
თუმცა უმთავრესი მაინც შინაგანი შფოთვის მიზეზის დადგენა და მისი აღმოფხვრაა.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ