როგორ დავეხმაროთ ჰიპერაქტიურ და გონებაგაფანტულ ბავშვს
როგორ დავეხმაროთ ჰიპერაქტიურ და გონებაგაფანტულ ბავშვს
დღეს ხშირად ჩივიან მშობლები ჰიპერაქტიური ბავშვების გამო, რომლებიც "ვერ წყნარდებიან", ურჩობენ და გონებადაფანტულობასაც უჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მედიცინა ვითარდება და წინ მიდის, ნუ იქნებით იმის მოლოდინში, რომ გამოიგონებენ ჯადოსნურ ტაბლეტს, რომელიც თქვენს ბავშვს სამუდამოდ შეცვლის. უკვე არსებობს სხვადასხვა სახის ფსიქოსტიმულატორი, რომლებიც ბავშვს ეხმარება ყურადღების კონცენტრაციაში. საჭიროა თუ არა წამალი? ცხარე კამათი მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც აშშ-ში დაიწყეს პრეპარატ „რიტალინის“ გამოყენება, რომლის მოქმედი ნივთიერებაა - მეთილფენიდატი. კვლევები დღემდე მიმდინარეობს და
შესაბამისად, ამ თემის ირგვლივ დისკუსიაც ბევრია. ეს რჩევები დაგეხმარებათ თქვენს ჰიპერაქტიურ პატარასთან ურთიერთობაში და ვფიქრობთ, „ჯადოსნური ტაბლეტები“ არ დაგჭირდებათ.
ცნობილია, რომ თუ სწორად შევარჩევთ აღზრდისა და სწავლის ტაქტიკას, ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვები საკმაოდ წარმატებულები ხდებიან სხვადასხვა სფეროში. ამბობენ, რომ ასეთი სიმპტომები აღენიშნებოდათ ტომას ედისონს, ერნესტ ჰემინგუეის და ანრი პუანკარეს. პირველ რიგში მასწავლებელსა და აღმზრდელს აუხსენით, რომ ბავშვის ქცევა განპირობებული არაა ცუდი აღზრდით. საჭიროა პადაგოგთან ერთად შეარჩიოთ ქცევის ტაქტიკა. არ მისცეთ შენიშვნა სხვების თანდასწრებით არც მშობელმა და არც პედაგოგმა, მაშინაც კი, თუ ბავშვი ცუდად იქცევა. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, ზოგჯერ ეს საკმაოდ რთულია, რადგან ასეთი ბავშვების იმპულსურობამ და თავშეუკავებლობამ შეიძლება შექმნას უსიამოვნო და რთული სიტუაციები,
მაგრამ ამ დაძაბულობის მოხსნა მხოლოდ სიმშვიდით შეიძლება. ნუ დასჯით ბავშვს, თუ მან გაუცნობიერებლად ან შემთხვევით რამე დააშავა. ყვირილი და ფიზიკური დასჯა უფრო ართულებს სიტუაციას. მოუსმინეთ მას ყურადღებით და სერიოზულად მიიღეთ მისი სიტყვები. უკმაყოფილება არ გამოხატოთ არც სიტყვით და არც ჟესტით. მეტი იმუშავეთ საკუთარ თავზე. ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე დაუწესეთ კონკრეტული მოთხოვნები. ამით გაუადვილებთ დავალებას და დაეხმარებით თანმიმდევრულად იმოქმედოს. მოსთხოვეთ ვალდებულებების შესრულება, მაგრამ ეს ყველაფერი გააკეთეთ მშვიდად და მეგობრულად.
თვალი ადევნეთ დღის რეჟიმს - ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებისთვის დღის გეგმა-რეჟიმი მნიშვნელოვანია, რადგან ისინი თავს მშვიდად გრძნობენ, როდესაც თანმიმდევრობით ასრულებენ პუნქტებს. თუ რაიმე იცვლება დღის რეჟიმში, წინასწარ აცნობეთ, მოუყევით, რა სიახლე ელოდება წინ. იმდენად, რამდენადაც ჰიპერაქტიურ ბავშვებს ძილის წინ დამშვიდება უჭირთ, დაახლოებით 40 წუთი დაუთმეთ ძილის წინ მოსამზადებელ დროს: ეს შეიძლება იყოს სეირნობა, თბილი შხაპი, სარელაქსაციო მასაჟი და სხვ. დაეხმარეთ საშინაო დავალების შესრულებაში - ბავშვს უნდა ჰქონდეს ერთი ადგილი, სადაც არავინ შეუშლის ხელს, მათ შორის ოჯახის წევრებიც. მეცადინეობა დაიწყეთ და დაამთავრეთ შექებით, უთხარით, რომ მას ყველაფერი კარგად გამოსდის. დაყავით მეცადინეობის დრო ეტაპებად. მიეცით მოკლე და გასაგები დავალებები: “გადახატე ნახატი, წითლად გააფერადე“. აუხსენით იმდენჯერ, რამდენჯერაც იქნება საჭირო, რათა გაიგოს დავალება. დროდადრო შეასვენეთ.
ჯობს თქვენი პატარა მიიღოთ ისეთი, როგორიც არის, დაუთმეთ მას მეტი დრო, ეთამაშეთ, ხანდახან მიეცით ნება, ზედმეტად მეტი იცელქოს. დააკავეთ სპორტით, ეცადეთ,  მოზღვავებული ენერგია რაციონალურად დაახარჯინოთ. მთავარია, ჯანმრთელობის პრობლემა გამოირიცხოს, დანარჩენს კი დრო და ასაკი დაალაგებს.
18302
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
maia
0
კარგი საჭირო სტატიაა მაგრამ ძალიან ზოგადი მე და ჩემს შვილის გვეხება ზუსტად,მაგრამ სკოლაში გვაქვს პრობლემები,პედაგოგი არ არის ინფორმირებული და ყოველდღე გაოცებული თვალებით მხვდება,ისე მიყვება ჩემი გოგოს ამბებს რომელიც ჩემთვის უკვე ჩვეულებრივია მისთვის კი მიუხედავად მასწავლებლობის დიდი სტაჟისა რაღაც უცხო და მოულოდნელი.რომ არ ვიცოდე რომ ასეთი ბავშვები ბევრნი არიან ჩავთვლიდი რომ ჩემი შვილი ერთადერთია დედამიწაზე.
20:58 / 21-02-2016
თამთა
0
ძალიან კარგი სტატიაა :) მე მჭირდება :)
15:58 / 21-06-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?