განვიხილოთ ბავშვის ტყუილის მთავარი მიზეზები მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათი პატარა ცრუპენტელაა. უფროსებმა არ იციან, რომ ბავშვის ტყუილსა და ფანტაზიას შორის ძალიან მყიფე ზღვარია. როგორ განვასხვაოთ უწყინარი ფანტაზია ტყუილისგან და რა არის ამ უკანასკნელის მიზეზი - სასჯელის შიში, არასწორი აღზრდა თუ სხვა რამ? როგორ ვასწავლოთ პატარას სიმართლის თქმა და, რაც მთავარია, როგორ გავაკეთოთ ეს ბუნებრივად?
იმის გასარკვევად, ფანტაზიორობს პატარა თუ ტყუის, შეეცადეთ გააანალიზოთ მისი საქციელის მოტივაცია. ფანტაზიის მიზანია, ცხოვრება უფრო ნაირფერი გახადოს, გააცოცხლოს მონათხრობი ან გაანელოს არასასიამოვნო განცდები. ეს ერთგვარი თამაშია, რომელსაც არავითარი ანგარება არ უდევს საფუძვლად. რაც შეეხება ტყუილს, ის ბავშვისთვის ან სასჯელისგან თავის დაღწევის საშუალებაა, ან მიზნის მიღწევის.
ფანტაზიორები
ბავშვებს, რომლებიც სიმართლეს ფანტაზიით ნიღბავენ, როგორც წესი, აქვთ ცოცხალი ტემპერამენტი, რომელიც მათ საშუალებას არ აძლევს, შეეგუონ ყოველდღიურობას და მოწყენილობას. მათი წარმოსახვა გამუდმებით ქმნის ალტერნატიული რეალობის სხვადასხვა სცენარს, მოვლენათა შესაძლო განვითარების სხვადასხვა მოდელს. უბრალოდ, ნაცვლად იმისა, რომ თქვან: “რა კარგი იქნებოდა, სხვენზე დროის მანქანა გვქონოდა!” - ამბობენ: “ჩვენ სხვენზე დროის მანქანა გვაქვს!” ასაკისა და მდიდარი წარმოსახვის გამო ბევრი ბავშვი ერთმანეთისგან არ (ვერ) განასხვავებს სინამდვილესა და გამონაგონს და წიგნში ამოკითხულს თუ მულტფილმში ნანახს რეალობად აღიქვამს. მაგალითად, დედის გამომცხვარ ნამცხვარზე ამბობს, რომ ფერიამ მოიტანა. ზოგჯერ ფანტაზია გაუცნობიერებლად ასრულებს არასასურველი, მტკივნეული ინფორმაციისგან დამცავ ფუნქციას. მაგალითად, როცა დედა და მამა გაცილებულები არიან, ბავშვი შესაძლოა მგზნებარედ უყვებოდეს თანატოლებს, რომ მამამისი ამაზონის ჯუნგლებშია და საახალწლოდ ჩამოსვლას ვერ ასწრებს. ამ შემთხვევაში ნუ აიძულებთ პატარას აღიაროს, რომ იცრუა, თორემ ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმას მიაყენებთ - მას ხომ თავადვე სჯერა, რასაც ჰყვება!
მატყუარები
პატარა ბავშვის ტყუილი, უფროსების ტყუილისგან განსხვავებით, მოკლებულია შორსმჭვრეტელობას. როცა ზრდასრული ადამიანი ტყუის, ის მიზანზეა ორიენტირებული, ბავშვი კი შედეგზე არ ფიქრობს, ის უბრალოდ ემალება რეალობას. განვიხილოთ ბავშვის ტყუილის მთავარი მიზეზები.
სასჯელის შიში
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტყუილის ყველაზე ხშირი მიზეზია. თუნდაც პატარა არასოდეს დაესაჯოთ მკაცრად, მშობლების რისხვისა მას მაინც ეშინია. შესაძლოა, თანატოლებისაგან ჰქონდეს გაგონილი, რომ გაფუჭებული სათამაშოს ან გატეხილი თეფშის გამო უფროსები ბრაზობენ და სცემენ კიდეც ბავშვებს. ამიტომ, რაც უფრო დაჟინებით ცდილობს მშობელი, მიიღოს “აღიარებითი ჩვენება”, მით უფრო ჯიუტად გვარწმუნებს პატარა მომხდარის მისეულ ვერსიაში. მართალიცაა: თუ უფროსები ასე ბრაზობენ, რატომ უნდა ვუთხრათ მათ სიმართლე? ბავშვმა მომხდარი რომ აღიაროს, უნდა დავანახვოთ, რომ მისი პრობლემების გაგება გვინდა და არა “სამართლიანობის აღდგენა”, შევინარჩუნოთ კეთილგანწყობა და ვაგრძნობინოთ, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში ცუდი არაფერი ელის. მაგალითად, დაგვეხმარება ასეთი ფრაზები: “მოდი, გაიხსენე, როგორ გატყდა სათამაშო, მერე კი ჩავრთოთ მულტფილმი და ვუყუროთ”. ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ სიმართლე მის დასახმარებლად გჭირდებათ და არა დასასჯელად. გაგრძელება