ღამის კოშმარები, შიში, ენურეზი, ნევროზი - ფსიქოლოგების პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე როდის და რისგან ჩნდება ფობია, სად უნდა ვეძიოთ აკვიატებული აზრებისა და შიშის მიზეზები? რამდენად არის დამოკიდებული ფოებიების გაჩენა ცხოვრების წესზე? კოლექტივზე? ოჯახურ მდგომარეობაზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებზე ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის ფსიქოთერაპევტები ნინო ვერხვიაშვილი და დიანა ნიკოლაიშვილი გვიპასუხებენ.
- ხშირად ბავშვებს პატარა ასაკიდანვე აწუხებთ შიში, აქვთ აკვიატებული აზრები. სად უნდა ვეძებოთ პრობლემა?
ნინო: ფობიის და აკვიატებულობის ჩამოყალიბების რამდენიმე გზა არსებობს და რადგან თქვენს საიტს ჰქვია mshoblebi.ge, ყურადღებას ფობიის ჩამოყალიბების იმ მექანიზმზე გავამახვილებ, რომელსაც ”დასწავლა” ეწოდება და რომელშიც დიდი წვლილი სწორედ რომ მშობლებს მიუძღვით. ვგულისხმობ საკმაოდ ხშირ შემთხვევებს, როდესაც მშობელი მთელი მონდომებით ”ასწავლის” ბავშვს იმას, თუ რისი უნდა ეშინოდეს მას.
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ხედავს ძაღლს, რომელიც კუდს აქიცინებს და სიხარულით მიიწევს მისკენ. რას აკეთებს ამ დროს მშობელი? ის ხშირად შეშინებული ხმით ეუბნება შვილს: ”არ მიხვიდე ახლოს - გიკბენს!” ბავშვი ჩერდება, უყურებს მშობელს, მშობელი კი კიდევ უფრო დამაჯერებლად უმეორებს: ”თუ ახლოს მიხვალ, გიკბენს”. რამდენიმე ასეთი შემთხვევა სრულიად საკმარისია, რომ ამ ბავშვს, ზრდასრულობაშიც კი აღენიშნებოდეს ძაღლის არაადეკვატური შიში, ანუ ფობია.
ან თუნდაც რად ღირს ფრაზა ”კარგად მოიქეცი, თორემ ”აუა” მოვა და გიკბენს”. და მომავალში სრულიად უწყინარი ”აუა” ადამიანში რატომღაც გულისცემის გახშირებას, ცივი ოფლის დასხმას და გაქცევის სურვილს იწვევს.
კიდევ ერთი მაგალითი - მიუხედავად იმისა, რომ მაღალ სართულზე ცხოვრობენ, ბავშვი პატარაობიდანვე ეჩვევა იმას, რომ მისი მშობელი ლიფტს არ იყენებს. ”არ მიყვარს ლიფტით მგზავრობა, ფეხით მირჩევნია”, ”რომ გაიჭედოს?”, ”ლიფტით მგზავრობის მეშინია” - აი, იმ მშობლის ფრაზები, რომლის შვილსაც, დიდია ალბათობა, რომ ლიფტით მგზავრობის შიში ჩამოუყალიბდეს და ამისთვის ლიფტში გაჭედვა სულაც არაა აუცილებელი. უბრალოდ ბავშვი მშობლისგან ბეჯითად ”სწავლობს” იმას, რომ ლიფტი = საფრთხეს.
რაც შეეხება აკვიატებებს, აქაც დიდი როლი შეიძლება ითამაშოს მშობელმა. წარმოიდგინეთ მშობელი, რომელიც ეზოში ასეირნებს 6 წლის გოგონას და რამდენჯერაც ბავშვი ბუჩქს, ბალახს, ყვავილს წაეპოტინება, იმდენჯერ უმეორებს: ”ხელი არ მოკიდო, დაგესვრება”. ალბათ გასაკვირი სულაც არ იქნება, რომ ამ ბავშვს მომავალში აღენიშნებოდეს ხელების კომპულსიური დაბანა (აკვიატება, რომ ყველგან ბაქტერიებია და ამ ბაქტერიებისგან თავის დაღწევის მიზნით დღეში ძალიან ბევრჯერ ხდება ხელების დაბანა).
და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობია - გველის ფობია. განა რამდენ ბავშვს უნახავს ცოცხალი გველი რეალურ ცხოვრებაში?! არცთუ ისე ბევრს. მაშინ საიდან იციან, რომ გველი საშიშია? პასუხი მარტივია: მშობლებმა მათ საფუძვლიანად ”ასწავლეს”, რომ გველი ძალიან საშიშია და ამგვარი სწავლების შედეგია, რომ 40 წლის ვაჟკაცი უცებ შეიძლება უსუსური ბავშვის ამპლუაში მოგვევლინოს რეზინისგან დამზადებული გველის დანახვისას.
- რომელი ასაკია ყველაზე საყურადღებო, რა ასაკში მძაფრდება შიში, გადამეტებული ემოცია?
დიანა: შიში შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს, უბრალოდ ასაკთან ერთად იცვლება შიშის ობიექტი და რეაქციის ხასიათი. თანდაყოლილი შიში სულ ორია - ხმამაღალი ბგერის და სიმაღლიდან ვარდნის შიში, დანარჩენი შიში შეძენილია სხვადასხვა ასაკში. ჩვილობაში თუ ბავშვს დიდი ან არც ისე დიდი ხნით მარტოს ტოვებენ, მას შეიძლება განუვითარდეს მარტოობის შიში და ის ტირილით ითხოვს ყურადღებას. ასევე ჩვილს ეშინია მოულოდნელი ცვლილებების განათებაში, ადამიანის მოულოდნელი მოძრაობების, დიდი ობიექტის მოახლოების. შემდეგ შიშის ობიექტის ვარიანტები იზრდება და დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
ფსიქოტრავმა; მშობლების დასწავლა; საკუთარი გამოცდილებით განპირობება.
- რა ასაკამდე შეიძლება იყოს ბავშვი შეპყრობილი ფობიებით?
ნინო: ფობია ისეთი რამ არის, რომ ის შეიძლება ცხოვრების ბოლომდე აღენიშნებოდეს ადამიანს. ზოგი ადამიანი მას თავისით ლახავს, ზოგს კი პროფესიონალი ფსიქოთერაპევტის ჩარევა სჭირდება.
- რამდენად არის დამოკიდებული ფოებიების გაჩენა ცხოვრების წესზე? კოლექტივზე? ოჯახურ მდგომარეობაზე?
დიანა: დიახ, გარკვეულწილად სოციუმი და ცხოვრების წესი თამაშობს როლს ბავშვის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, შესაბამისად შიშის არსებობა-არარსებობაც შეიძლება იყოს დამოკიდებული ამ ფაქტორებზე.
პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის ისევ და ისევ მშობლების მაგალითი, რომელსაც ისინი ცნობიერად ან ქვეცნობიერად აწვდიან ბავშვს. თუ ოჯახის წევრებს აქვთ ფობია, დიდი ალბათობით ბავშვი ისწავლის იმ ობიექტის შიშს არა იმიტომ, რომ ის საშიშია, არამედ იმიტომ, რომ მის სოციალურ გარემოში მიღებულია, რომ ის საშიშია.
მეორე - ოჯახები, სადაც ხშირია კონფლიქტები, შელაპარაკება და ხელით შეხება. ამ დროს ბავშვი უსაფრთხოდ ვერ გრძნობს თავს, რადგან მისი საყვარელი ორი ან რამდენიმე ადამიანი ჩხუბობს, მისი სოციალური კეთილდღეობა ინგრევა, ზუსტად ამიტომ ბავშვი ცდილობს მშობლების შერიგებას, ის მექანიკურადაც აკეთებს ამას, მაგალითად, ჯდება ორ ნაჩხუბარ მშობელს შორის და თითქოს აერთიანებს ოჯახს. ხშირად ასეთი უთანხმოება ოჯახის ზრდასრული წევრებისთვის უმნიშვნელოა, თუმცა ისინი უდიდეს როლს თამაშობენ ბავშვის "კეთილდღეობაში" და სამომავლოდ ნევროზის ჩამოყალიბებაში.
შემდეგი ფაქტორია აღზრდის სტილი - ავტორიტარული, სადაც ბავშვს მუდმივად აშინებენ და მუქარით აიძულებენ მას, შეასრულოს ესა თუ ის მოვალეობა; ან ჰიპერმზრუნველობა, როდესაც მშობლები ცდილობენ, დაიცვან შვილი ყველანაირი უსიამოვნებისა და საფრთხისაგან. აქაც ბავშვი სწავლობს, რომ სამყარო მის ირგვლივ საშიში და სახიფათოა, რაც ფობიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ასევე თანატოლებთან ურთიერთობაც უნდა აღვნიშნოთ. სამწუხაროდ, თანატოლებთან ურთიერთობის დროს ბავშვებს ხშირად მოსდით უთანხმოება და კონფლიქტური სიტუაციები, რაც მათ სოციალურ კეთილდღეობას ემუქრება და შესაძლოა ნევროზის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.
- ხშირად მოზარდებიც კი, ძილის დროს ვერ აკონტროლებენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს, რა სახის დარღევაა ეს და რამდენად უკავშირდება იგი ფობიებს?
ნინო: აქ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ორგანული და ფსიქოგენური მიზეზებით გამოწვეული ენურეზი და ენკოპრეზი. ჩვენ, ფსიქოთერაპევტები ვმუშაობთ იმ შემთხვევაში, თუ მექანიზმი ფსიქოგენურია. არ არის აუცილებელი, რომ ამის მიზეზი ფობია იყოს. საკმაოდ ხშირად ამ პრობლემის მიზეზი ოჯახში არსებული არაჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატია. სწორედ ამიტომ ამ პრობლემებთან მუშაობის დროს შედეგი გაცილებით სწრაფად და მარტივად მიიღწევა, როდესაც მუშაობაში არა მხოლოდ სიმპტომის მატარებელი ადამიანი, არამედ ოჯახის სხვა წევრებიც ჩართულნი არიან, ანუ სასურველია სისტემური მიდგომა.
- როდესაც ბავშვს აწუხებს გარკვეული სახის ფობიები, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
დიანა: არანაირი აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ სიბნელეში მონსტრები არ ცხოვრობენ ან პეპელა არ იკბინება. ეს ბავშვის მხრიდან მშობლებისადმი უნდობლობას გამოიწვევს და დადებით შედეგამდე არ მიგვიყვანს. ფრაზები: „შენ უკვე დიდი ხარ“, „ნუ სულელობ“, „მშიშარა ხარ?“, „არ გრცხვენია“, „ბიჭი ხარ თუ გოგო?“ ბავშვის თვითშეფასებას ანგრევს და სასურველ შედეგს არ გვაძლევს, ასე შეიძლება ბავშვმა ისწავლოს შიშის დათრგუნვა, რაც მომავალში უფრო სერიოზულ ზიანს მიაყენებს მის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ასევე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის დაცინვა მის მეგობრებთან ან უფროსებთან.
აი, უკვე გავარკვიეთ, რა არ შეიძლება და ახლა შევეხოთ იმ ვარიანტებს, რომლებსაც შეუძლია დადებითი შედეგის მოტანა:
ბავშვები მშობლების მაგალითით სწავლობენ, ამიტომ უბრალოდ დაანახეთ მათ, რომ ის ობიექტი უფრო საინტერესოა, ვიდრე საშიში, მოეფერეთ ძაღლს, დაიჭირეთ პეპელა, შეეხეთ ქათამს და ასე შემდეგ. მოუყევით ამბავი თქვენს (არარსებულ) მეგობარზე მსგავსი შიშით და აუცილებლად აუხსენით, როგორ დაამარცხა მან ეს შიში და როგორ ამაყობდნენ მისით მშობლები და მეგობრები და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება შიშის დაძლევის შემდეგ. მოუყევით, რომ ყველა მონსტრს ეშინია ჯადოსნური ფარნის და აუცილებლად უყიდეთ ბავშვს ლამაზი ფარანი, რომლის ანთების შემდეგ ყველა მონსტრი სამუდამოდ ქრება.
- როგორ უნდა ვუმკურნალოთ ფობიებს?
ნინო: თუ ფობია ტრავმის შედეგად არ არის ჩამოყალიბებული, გაცილებით მარტივია მისგან დამოუკიდებლად გათავისუფლება. გააჩნია ადამიანის მზაობას და მოტივაციას - ზოგი ადამიანი თავადაც უმკლავდება საკუთარ ფობიებს, ზოგი კი ამ მიზნით ფსიქოთერაპევტს მიმართავს. როგორც წესი, 1 სეანსი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი გამოემშვიდობოს ფობიას.
- ცალკე საკითხია ღამის კოშმარები, რომელიც ბევრი ბავშვისთვის არის პრობლემა. ამაზე რას გვეტყვით?
დიანა: ღამის კოშმარები ესიზმრებათ ბავშვებს 2-3- წლიდან, მაქსიმალურად ხშირია 3-5 წლამდე. ხშირად კოშმარები იწვევენ დაძინების, საწოლის, საძინებელში მარტო დარჩენის ან მარტოობის შიშს, რომელიც დაახლოებით 12 წლამდე თავისით ქრება.
კოშმარები ესიზმრებათ ბავშვებს, როდესაც ბავშვის აგზნებული ნერვული სისტემა ვერ გადადის მოდუნების ფაზაში, რის შედეგადაც ძილის ღრმა სტადიაში აღმოცენდება მომატებული ფსიქიკური აგზნება. ბავშვი იქნევს ხელ-ფეხს და ცდილობს ადგეს და გაექცეს საშიშროებას.
ასეთი მდგომარეობა შეიძლება იყოს გამოწვეული დღის განმავლობაში მომხდარი ნეგატიური მოვლენებით, როგორიცაა: კონფლიქტები ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან, მძიმე და ასაკის შეუსაბამო ინფორმაციის გაგება - სიკვდილი, მძიმე დაავადებები, ძალადობა, კომპიუტერისა და ტელევიზორის მოჭარბებული მოხმარება ან ასაკთან შეუფერებელი გადაცემების ყურება და თამაშების თამაში.
იშვიათი კოშმარების არსებობის დროს ხშირად საკმარისია ბავშვის რეჟიმის მოგვარება და კონფლიქტების მინიმალიზაცია, რომ ეს პრობლემა ალაგდეს, ხშირი კოშმარები კი ხელს უშლიან ბავშვის ნორმალურ განვითარებას და ურთიერთობებას, რადგან ბავშვი ვერ ავლებს ზღვარს სიზმარსა და რეალობას შორის. ასეთ სიტუაციაში სასურველია სპეციალისტის დახმარება.
- ხშირად მშობლებიც ემოციურად ძალიან გაუწონასწორებლები არიან, გარემო დაძაბულია და ბავშვებიც უფრო აგრესიულები, დაძაბულები, ისტერიკულები არიან. რას ურჩევთ ამ დროს მშობლებს, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ მათი ემოცა, სტრესი, ისტერიკა ბავშვზე პირდაპირ აისახება?
ნინო: რეკომენდაციის სახით მშობლებს ერთ იგავს ვუამბობ:
დედა-შვილი ზღვის სანაპიროზე:
- დედიკო, შეიძლება ქვიშაში ვითამაშო?
- არა, ტანსაცმელს დაისვრი.
- დედიკო, შეიძლება წყალში შევიდე?
- არა, დასველდები და გაცივდები.
- დედიკო, შეიძლება სხვა ბავშვებთან ვითამაშო?
- არა, მერე დაიკარგები და ვეღარ გიპოვი.
გოგონას თვალები აუცრემლდა.
- დედიკო, ნაყინი მაინც მიყიდე.
-არა, ყელი გაგიცივდება.
ამის გაგონებაზე პატარა გოგონამ საშინელი ტირილი მორთო. დედა კი იქვე მდგარ უცნობ ქალს მიუბრუნდა:
- ღმერთო, ჩემო, ოდესმე გინახავთ ასეთი ნერვიული ბავშვი?!
ესაუბრა სალომე გორგოშიძე