მან არ იცის როგორ გამოხატოს სწორად თავისი ემოცია ზოგჯერ გაბრაზებულმა ბავშვმა შეიძლება დედას ან ვინმე სხვას ხელი დაარტყას, რაღაც გააფუჭოს შეგნებულად. ამას როგორც წესი მოჰყვება მშობლის გაბრაზება, ჩხუბი და შეიძლება ფიზიკური დასჯაც კი. ამ ყველაფრის მიზეზი ბავშვის გაბრაზება იყო. მან არ იცის როგორ გამოხატოს სწორად თავისი ემოცია. როგორ მოვიქცეთ?
1. დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი
თუ ბავშვი სკოლიდან დაბრუნდა გაბრაზებული, მნიშვნელოვანია გაახმოვანოთ ის, რასაც ხედავთ: “მე მგონი, რაღაცაზე ხარ გაბრაზებული“. ამის შემდეგ ის აუცილებლად მოგიყვებათ მომხდარის შესახებ, დაადანაშაულებს სხვებს და გეტყვით, თუ როგორი ცუდი ამხანაგების გარემოცვაშია.
ბავშვმა (რომელიც მალავს თავის ემოციებს), შეიძლება მაშინვე არ აღიაროს რაც შეემთხვა იმის შიშით, რომ დედა ან მამა ეჩხუბება. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა, ბავშვმა დაინახოს მშობლების მხრიდან თანადგომა. უთხარით პირდაპირ: “არ გეჩხუბები, ვხედავ რომ უსიამოვნება შეგემთხვა, მინდა დაგეხმარო“.
2. გაიზიარეთ ბავშვის გრძნობები
სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში გვერდს ვუვლით ამ მნიშვნელოვან მომენტს და მაშინვე გადავდივართ ჭკუის დარიგებაზე. ასეთ მიდგომას მოჰყვება ბავშვის მხრიდან შემდეგი: “ შენ არ გესმის ჩემი“. საქმე ისაა, რომ თანაგრძნობით რეალურად ეხმარებით ბავშვს დამშვიდებაში. მხოლოდ ასეთი მიდგომით შეძლებთ მოიპოვოთ ბავშვის გულწრფელობა.
როდესაც ბავშვი ბრაზდება, ის ხშირად ამბობს, რომ სამაგიეროს გადახდა უნდა იმისთვის, ვინც აწყენინა, ან თვითგვემას მიეცემა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბავშვი ძალიან განიცდის. მშობელმა უნდა გაახმოვანოს ბავშვის ემოციები. მაგ: “გეტყობა ისეთი გაბრაზებული ხარ, რომ ვინც გაწყენინა გინდა სამაგიერო გადაუხადო“. ან: “როდესაც ხვდები უსიამოვნო სიტუაციაში (თან როცა ეს ხდება მთელი კლასის თვალწინ), გინდა, რომ მიწა გასკდეს და ჩაიკარგო სამუდამოდ“.
ასეთი კომენტარები მშობლის მხრიდან აგრძნობინებს ბავშვს, რომ ის ნამდვილად მზად არის დაეხმაროს და არა ეჩხუბოს და გაკიცხოს.
3. გამოხატოს ბრაზი
სიბრაზე ჩადებულია ადამიანში იმისთვის, რომ მან დაიცვას თავი. თუ მოხდება ამ ემოციის მუდმივად შეკავება, დაუხარჯავი დაძაბულობა დაგროვდება სხეულის სხვადასხვა ზონებში და წარმოქმნის კუნთების დაძაბულობას, დაჭიმულობას და სპაზმს. ამას მოჰყვება ხასიათის შეცვლა, სხვადასხვა სახის ტკივილი, მოსწავლის აკადემიური ჩამორჩენა. ამიტომ აუცილებელია ემოციის დროულად „გათავისუფლება„. საუბარი არ არის ხელჩართულ ჩხუბზე, ბილწსიტყვაობაზე, კბენაზე და ა.შ. შეიძლება: ფეხების ბაკუნი; ბალიშზე ხელების დარტყმა; ყვირილი; რბილი სათამაშოების სროლა კედლის მიმართულებით.
რეკომენდებულია ასევე როგორც ბავშვმა, ასევე დედამ დახატოს თავისი გაბრაზება და შემდეგ დახიოს, დაანაკუწოს. ყველაფერი ეს დაეხმარება ბავშვს დაწყნარდეს და მალე დაივიწყოს წყენა.
4. მომხდარის შეფასება
ახლა დაელაპარაკეთ მშვიდად და გაარკვიეთ, თუ რა აღელვებს მას. რეალური მოტივის გამოვლენის შემდეგ, შეეცადეთ დაეხმაროთ პრობლემის გადაჭრაში. უთხარით, დეტალურად გიამბოთ შექმნილი სიტუაცია და შემდეგ ერთად მოიფიქრეთ მომხდარის სხვადასხვა დასასრული.
თუ ასეთი სქემით იმოქმედებთ, ბავშვი ისწავლის, როგორ მართოს განრისხება ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს როგორც თავის თავს, ასევე გარშემო მყოფთაც. მას არ გაუჭირდება იპოვოს გამოსავალი რთული სიტუაციიდან.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ