"ვიცი, რომ არც ისე მომგებიან თემაზე ვწერ..." - ფსიქოთერაპევტის წერილი დედებს
"ვიცი, რომ არც ისე მომგებიან თემაზე ვწერ..." - ფსიქოთერაპევტის წერილი დედებს
ფსიქოთერაპევტის წერილი დედებს
ვიცი, რომ არც ისე მომგებიან თემაზე ვწერ და ალბათ ძალიან დიდ უკმაყოფილებასა და ბრაზს გამოვიწვევ იმ ქალებში, რომელთაც ცხოვრების აზრი დედობაში ჰპოვეს. მაინც ვწერ!
ჩემთან ხშირად რეკავენ დედები და თავიანთი შვილების კონსულტაციაზე მიღებას მთხოვენ. როცა ვუხსნი, რომ ბავშვებთან არ ვმუშაობ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს „ბავშვები“ 25-28-30 წლისები არიან. როცა ვთხოვ, თავად „ბავშვმა“ დამირეკოს, უამრავი მიზეზი გამოიჩხრიკება, თუ რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება თავად მას: დაკავებულია, ტელეფონი გაუფუჭდა,
ეშინია, ერიდება...
ერთხელაც არ მქონია პრაქტიკაში შემთხვევა, რომ რომელიმეს ამ „ბავშვთაგან“ გადმოერეკა და მე ვფიქრობ, თავად დედები აბრკოლებდნენ: დედიკოებს „ბავშვებთან“ ერთად უნდათ მისვლა თერაპიაზე, ყველაფრის დანახვა, ყველაფრის მოსმენა, დაკვირვება, რჩევების მიცემა. დედამ უკეთ იცის, რა სჭირდება მის შვილს.
მე ფსიქოთერაპიის ასეთ ფორმატს არ ვცნობ, თუმცა მაინც ხდება ხოლმე სიურპრიზები - პაციენტი მოდის დედასთან ერთად და მეც აღარ ვიცი, როგორ დავატოვებინო მას კაბინეტი.
მკითხველები ალბათ უკვე მიხვდებოდნენ, რომ საუბარია ძლიერი დედობრივი სიყვარულის შედეგად განვითარებულ დამოკიდებულებაზე. საუკეთესო გამოსავალი ასეთ სიტუაციაში თავად დედისთვის ცალკე თერაპიაზე მოსვლის შეთავაზებაა, მაგრამ პასუხად ძალიან თავაზიანად მომიგებენ ხოლმე: „არა, გმადლობთ, მე არ მჭირდება თერაპია, მე პრობლემები არ მ
აქვს!“
არადა, ზუსტად მას აქვს პრობლემა!

დედობრივი სიყვარული ასეთ ქალებში ყველა პრობლემას ფარავს, უბრალოდ იგი ვერ აღიქვამს, თუ შეიძლება, მას, შვილისგან დამოუკიდებლად, მის გარდა რამე პრობლემა ჰქონდეს. ასეთი ქალებისთვის ცხოვრების ერთადერთი მიზანი „დედობაა“ და როგორც წესი, ეს არც არის გაცნობიერებული არჩევანი, უფრო ზუსტად კი, ეს არჩევანი საერთოდ არ არის. ეს შეიძლება მათ აკვიატებადაც ჩაითვალოს.
ბავშვი დედის იდენტობაში აჩენს უზარმაზარ ხვრელს და იგი ხდება სიცოცხლის ერთადერთი მოტივაცია. ასეთი დედა მსხვერპლად იღებს საკუთარ ცხოვრებას და შვილის გაჩენაში პოულობს ცხოვრების აზრს. რამე იაფფასიან და უბრალო აზრს კი არა, საზოგადოებაში აღიარებულს, „ყველაფერი ბავშვებისთვის“ უჭერს მხარს! აბა სცადეთ და მოაცილეთ ასეთ დედას ბავშვი, რა დარჩება მისგან? პროფესიული, ქალური, პარტნიორული იდენტობა თითქმის ხელახლა აქვს ჩამოსაყალიბებელი და განსავითარებელი, ეს კი ძალიან დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. ნამდვილად არ არის ადვილი.

სად გადის ზღვარი სიყვარულსა და დამოკიდებულებას შორის?
თანაზომიერებაში! თანაზომიერება ასაკთან, სიტუაციასთან და გარემო პირობებთან.
რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს და ასეთ დროს საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება გამართლებული კი არა, საჭიროც არის. ჩვილ ბავშვს დედის მთელი ყურადღება და დრო სჭირდება, თუმცა მიუხედავად ამისა, დედამ მაინც არ უნდა დაივიწყოს საკუთარი თავი, თუკი ცოტათი მაინც უყვარს საკუთარი შვილი.
რა უნდა მისცეს შვილს დედამ, რომელსაც საკუთარ თავზე ზრუნვაც კი არ შეუძლია? არ აქვს საყვარელი საქმე, არ ჰყავს მეგობრები და ვერ ახერხებს დასვენებას, განტვირთვას. ბევრი მეტყვის, შენ, კაცმა, რა იცი, დედობა რა არისო... მაგრამ მე, როგორც ფსიქოლოგმა, ვიცი, რომ ასეთ დედას დახმარება სჭირდება... ახლობლების, და თუ საჭირო გახდა, ფსიქოთერაპევტისაც.
დაიხმარეთ ახლობელი ადამიანები, ქმარი, ბებია-ბაბუები, დეიდები, ბიძები... გადაუნაწილეთ მათ აღმზრდელობითი ფუნქციები, დედა შუცვლელი მხოლოდ ფიზიოლოგიური კვების პერიოდშია. დიახ, მე ვიცი რას ნიშნავს დედობა, და გეუბნებით, არ ღირს მასთან მხოლოდ საკუთარი ძალებით შეჭიდება.
რა უნდა მისცეს ბავშვს დაღლილმა, გაღიზიანებულმა, ნატანჯმა დედამ? მხოლოდ დანაშაულის შეგრძნება, რომ მის გამო დედამ თავი გასწირა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ თუნდაც ერთხელ უთხრას დედამ შვილს ეს ფრაზა: „შენს გამო ყველაფერი დავთმე...“ და იწყება კონფლიქტი, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ თინეიჯერებში გამოიხატება.
პარადოქსია, მაგრამ დედები, რომლებსაც შვილის გარდა არაფერი ახსოვთ, რეალურად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და არა ბავშვზე, თუმცა სხვა ჭრილში - „ნეტავ საკმარისად კარგი დედა ვარ?“
ადამიანის პიროვნული ზრდა და ჩამოყალიბება მისი მშობლების გამოყოფასთან პირდაპირ კავშირშია. დედა ასაკის მატებასთან ერთად უფრო ნაკლებ და ნაკლებ ადგილს უნდა იკავებდეს მის ცხოვრებაში. ამ ზრდის პროცესში მშობლების ყველაზე მნიშვნელოვანი როლი საკუთარი შვილების გაშვებაა, მათთვის დამოუკიდებლობის მიცემა. ფეხის ადგმის პროცესში იგი საჭიროებს დედის ჩაკიდულ ხელს, მაგრამ დამოუკიდებლად სიარული რომ ისწავლოს, ეს ხელი ნელ-ნელა უნდა გაუშვა. ზუსტად ასეთივე პროცესი ხდება ცხოვრებისეულ დონეზეც. შვილის „გაშვება“ არ არის ადვილი. სევდა, წყენა, გულისტკივილი ახლავს... თუმცა თუკი მშობელს მართლა უყვარს შვილი, ჯანსაღი სიყვარულით, ამ ყველაფერს გადალახავს და გაიხარებს იმ ფაქტით, რომ მისი შვილი გაიზარდა და გამოუკიდბელი გახდა!
საკუთარი გამოცდილებიდან მოგიყვებით: ჩემს ყოფილ ცოლთან ურთიერთობა უკვე გაფუჭებული მქონდა, როცა ზღვაზე წავედით დასასვენებლად სამი წლის ქალიშვილთან ერთად. ძალიან მიყვარს ჩემი გოგონა, მასზე ჭკუას ვკარგავ და ძალიან დამოკიდებულიც ვარ... განსაკუთრებით იმ პერიოდში, მთელ ჩემს ენერგიას, დროს, იმასაც კი რაც პარტნიორულ ურთიერთობაზე უნდა დამეხარჯა მის დედასთან, მას ვახარჯებდი. მთელი დღე მასთან ვიყავი. ერთხელ, ცოტა ყურადღება მოვადუნე და შევნიშნე, რომ თავისი ასაკის ბიჭთან ერთად თამაშობდა ნაპირზე. სილის კოშკებს აგებდნენ და თითქოს არც ვახსოვდი. ახლაც მახსოვს ის გრძნობა, რაც მაშინ დამეუფლა: საშინელი ეჭვი და თქვენ წარმოიდგინეთ, მარტოობისა და მიტოვებულობის შეგრძნება, თითქოს მიმაგდეს. უცებ გონს მოვეგე და გავაცნობიერე ჩემი საშინელი ეგოიზმი. რას ვაკეთებ? - ვკითხე საკუთარ თავს. ჩემი გოგონა იზრდება, მას ჩემგან წასვლა მოუწევს, როგორი სიყვარულია ეს, თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქრებ?
ბავშვებთან განშორება რთულია. ეს ვიცი არა მხოლოდ წიგნებიდან, არამედ საკუთარი გამოცდილებით. ბავშვი მაშინ კი არ მიდის, როცა ფიზიკურად იზრდება, იგი მიდის ყოველ წუთს, ყოველ წამს, ნელ-ნელა გვშორდება. ჯერ მკერდიდან იწყვეტ, მერე ხელს უშვებ, მერე თვალთახედვის არედანაც მიდის...
ეს უნდა გავაცნობიეროთ, გავიაზროთ. იმიტომ კი არა, რომ დავაკავოთ და არ გავუშვათ, იმიტომ, რომ მასთან გატარებული წამებით მაქსიმალურად დავტკბეთ. ბევრჯერ გადავიტანე ეს ყველაფერი მთელი სიმძაფრით ჩემს გოგონასთან ურთიერთობისას. თვალწინ მედგა მისი ბავშვობა, ვუყურებდი და სევდიანად ვაცნობიერებდი, რომ იზრდებოდა, და აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო. ემოციები ცრემლებად მადგებოდა თვალებში და ყელში ბურთად მეჩხირებოდა. ტირილი მინდოდა, თუმცა ამავდროულად ვხვდებოდი, რომ მისი შეჩერების უფლება არ მქონდა, არ უნდა შემეშალა ხელი საკუთარი გზის პოვნაში.
თუ არ გაუშვებთ, ის არასოდეს გაიზრდება. გაიზრდება მხოლოდ ფიზიკურად, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისევ ბავშვად დარჩება, ვინმეზე დამოკიდებულად... არ ექნება უნარი მიიღოს გადაწყვეტილებები და პასუხი აგოს მათზე... მას არ ან ნაკლებად ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა.
ერთი ყველაზე გავრცელებული და სტანდარტული მოდელი ასეთია - პენსიონერი დედა და ლოთი შვილი, ფსიქიური ინვალიდი, რომელიც ჯერ კიდევ დედის პენსიით ცხოვრობს და სვამს...
მინდა ვუთხრა დედებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საკუთარი თავი დედობისთვის მიაქვთ სამსხვერპლოზე, ეს მსხვერპლი არავის სჭირდება თქვენს გარდა, ყველაზე ნაკლებად კი - თქვენს შვილებს. გაუსწორეთ თვალი სიმართლეს - თქვენ უბრალოდ თქვენი ცხოვრების ერთადერთი აზრის დაკარგვის გეშინიათ და ამის გამო შვილებს სოციალური ფსიქო-დამოკიდებულობისთვის სწირავთ.
მსხვერპლი დედების შვილებს მუდმივი დანაშაულის გრძნობა აწუხებთ, სინდისი ქენჯნით... ისინი ვერ პოულობენ საკუთარ გზას, ვერ ვითარდებიან ვერც პიროვნულად, ვერც სოციალურად, ვერც პროფესიული თვალსაზრისით, ისინი მუდამ გრძნობენ მსხვერპლი დედის არსებობას, მაშინაც კი, როცა დედები ცოცხლები აღარ არიან. ეს შეგრძნება გამუდმებით სტანჯავთ, ვერ ახერხებენ ცხოვრებით ტკბობას, ყოველი დღით სიხარულს... თითქოს საკუთარი არსებობით ვიღაც გააუბედურეს, ვიღაც გაწირეს მსხვერპლად... მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ უდიდესი ნებისყოფის წყალობით ამ ყველაფერთან გამკლავება და საკუთაი ცხოვრების მოწყობა ამ შეგრძნებების ფონზე...

რეკომენდაციები დედებს:
ეცადეთ საკუთარ თავში სხვა უნარებიც აღმოაჩინოთ, ნიჭი, ჰობი, რომელიც განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. გაიხსენეთ ახალგაზრდობა... რის კეთება გიყვარდა ყველაზე მეტად, რითი ერთობოდით, რაზე ოცნებობდით...
მოძებნეთ დედის გარდა ინდივიდუალურობის სხვა გამოვლინება: მე ქალი ვარ, მე მეუღლე ვარ, მე პროფესიონალი ვარ, მე პიროვნება ვარ, მე მეგობარი ვარ, მე შვილი ვარ... ყველაზე მთავარი კი მაინც პირველია - თქვენ ქალი ხართ!
თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილი, იფიქრეთ მის დედაზეც - საკუთარ თავზე! ნუ დააავადმყოფებთ მას ფსიქიურად! ბედნიერ შვილზე უკეთესს ვერაფერს მისცემთ საკუთარ თავს! ბედნიერებაზე უკეთესს ვერაფერს ასწავლით... ბავშვები კი ნათქვამით არ სწავლობენ, მათ მაგალითი უნდა მისცეთ!
ამას თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, ეჩვენეთ ფსიქოლოგს! „ბავშვებზე“ მეტად მასთან ვიზიტი თქვენ გჭირდებათ!
გენადი მალეიჩუკი, ფსიქოლოგი, გეშტალტ-თერაპევტი
მოამზადა ხათუნა გაბრიჭიძემ
8163
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
თამარი
0
აი ასეთი დედები არიან მერე შვილებს ოჯახებს რომ უნგრევენ. რატომღაც ქართველ დედებს უჭირთ იმის გაგება რომ მათი შვილის ცოლი დედის როლს არ უნდა ასრულებდეს, უნდა იყოს მხოლოდ ცოლი. აი ამას ვერ ხვდებიან და აქ იწყება ტრაგედია. "შენ ჩემი შვილი ჩემზე მეტად არ გიყვარს"-იდან იწყება ოჯახის დასასრული და ამას თუ დაემატა "მე ვიზრუნებ იმაზე რომ შენ ჩემს შვილს დაგაშორო" აქ უკვე კომენტარი ზედმეტია. ეს ანომალიაა და ამნაირი დედები კარგ დედათ თვლიან თავს ...
21:52 / 04-08-2015
ნინო
0
ზალიან კარგი სა საინტერესოა ყველა დედამ უნდა წაიკიტხოს და არა მარტო კარგი დედები კარგი დედამტილებიც იქნებიან. სჰვილის გაყოფა უცჰირტ ცოლებტან და ვეგარ იგებენ ცოლს რა სტატუსი აქვს და დედას რა
15:05 / 10-07-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?