ბავშვებს გარისკვის საშუალება არ ეძლევათ ყველას შეგვიმჩნევია, რომ ბავშვობაში არცთუ დიდი ნიჭით გამორჩეული ბავშვები მოზრდილობაში წარმატებული ადამიანები ხდებიან. ისეც ხდება, რომ ბეჯითი და წარმატებული მოსწავლეები მოგვიანებით სერიოზულ წინსვლას ვერ ახერხებენ. ფსიქოლოგიური ბესთსელერების ავტორი, ტიმ ელმორი ვარაუდობს, რომ ადამიანის წარმატება ხშირად მისი შობლების საქციელზეა დამოკიდებული. ელმორმა რამდენიმე ტიპიური შეცდომა გამოავლინა, რასაც მშობლები შვილებთან მიმართებაში უშვებენ. ამით კი მათ მომავალ წარმატებას თავისდაუნებურად წინ ეღობებიან.
ბავშვებს გარისკვის საშუალებას არ ვაძლევთ
თანამედროვე სამყაროში ყოველ ნაბიჯზე საფრთხეა ჩასაფრებული, ამიტომ მშობლები გადამეტებულ სიფრთხილეს იჩენენ და ზედმეტად ზღუდავენ ბავშვს. ევროპელმა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვი, რომელიც თამამად არ გადის ეზოში, მცირე ფათერაკები არ ხვდება და მუხლებიც არასოდეს გადაუყვლეფია თამაშისას, მოზრილობაში ათასგვარი ფობიით იტანჯებია. ბავშვმა მარცხიც უნდა განიცადოს და იმედგაცრუებაც, წყენაც და ტკივილიც, რათა ემოციურადაც მომწიფდეს. ამის გარეშე ხომ ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობები შეუძლებელია. რისკისა და საფრთხის გამორიცხვით მშობლები მას ქედმაღლობის, ამპარტავნობის და დაბალი თვითშეფასებისკენ უბიძგებენ... თუ საშიში ეზო და ქუჩა გაქვთ, თქვენც იყავით სადმე სიახლოვეს, მაგრამ არ ჩაერიოთ მის თამაშში და მეგობრებთან ურთიერთობაში.
დროზე ადრე ვუწვდით დახმარების ხელს
ამ თაობის ბავშვებმა ვერ გამოიმუშავეს ცხოვრებისთვის საჭირო ბევრი აუცილებელი უნარი, რაც 30 წლისწინანდელ ბავშვებს ჰქონდათ. როცა ზედმეტად სწრაფად ვეხმარებით, საშუალებას ვუსპობთ, თავად მოძებნოს გამოსავალი. ბავშვები ეჩვევიან აზრს, რომ მძიმე ვითარებაში ვიღაც აუცილებლად უშველის. არადა, უფროსების ცხოვრება სულ სხვანაირად არის მოწყობილი - არავის იმედზე არ ღირს ყოფნა.
ზედმატად ვაქებთ
ხშირად მშობლები წახალისების მიზნით შვილს ყველა საქციელს უწონებენ, აქებენ და არწმუნებენ, რომ ყველაზე ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანია. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი ხვდება, რომ მხოლოდ მშობლებისთვისაა საუკეთესო, დანარჩენები კი ასე არ ფიქრობენ. მას მშობლების ობიექტურობაში უკვე ეჭვი ეპარება, სიამოვნებს შექება, მაგრამ ხვდება, რომ ეს სინამდვილე არ არის. ბავშვი დროთა განმავლობაში თაღლითობისკენ მიისწრაფვის, ცდილობს მოიტყუოს, გააზვიადოს, გააყალბოს თავისი მიღწევები, რათა რეალობას გაექცეს. მას სირთულეებთან შეჭიდების აღარც სურვილი აქვს და აღარც უნარი შესწევს.
შეაქეთ ხშირად, მაგრამ ყოველთვის დამსახურებულად და როცა ცდება, იმაზეც ობიექტურად ესაუბრეთ.
დაუმსახურებლად ვურიგებთ საჩუქრებს
თქვენს შვილს ცხოვრებაში ბევრი სირთულის გადატანა მოუწევს, ამაში კი შეიძლება განებივრებულმა ბუნებამ შეუშალოს ხელი. ამიტომ ხშირად უთხარით ბავშვებს "არა" ან "ახლა არა", რათა თავიანთი სურვილებისა და მოთხოვნილებებისთვის ბრძოლის სურვილი გაუჩნდეთ.
როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია, მშობლები, როგორც წესი, ყველას ერთნაირად ასაჩუქრებენ, უჭირთ რომელიმეს გამორჩევა. რეალურად კი ყველას არსად არ აჯილდოვებენ, ეს არარეალურია. ამით ხელიდან უშვებთ შანსს, დაანახოთ შვილს, რომ ჯილდოს ადამიანები დამსახურების მიხედვით იღებენ.
არც იმის თქმა უნდა დაგავიწყდეთ ზედმეტი ყურადღებითა და მოფერებით განებივრებული ბავშვისთვის, რომ მის სიახლოვეს უამრავი გაჭირვებაა, ბევრ ბავშვს პური და ჩვეულებრივი სათამაშოც ენატრება. ამის გაცნობიერებით საკუთარ სურვილებზეც მეტად იფიქრებს და თანაგრძნობის უნარიც გამოუმუშავდება.
არ ვასწავლით ჩვენსავე შეცდომებზე
მოვა დრო და ახალგაზრდა დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს. ნუ შეუშლით ხელს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვერდით არ დაუდგეთ და მისთვის უცნობ საკითხებზე რჩევა არ მისცეთ. უამბეთ, თავად რა შეცდომები დაუშვით მის ასაკში, ნურც მავნე ჩვევების აღიარების შეგრცხვებათ. მოუყევით, რას გრძნობდით, როცა სიძნელეებს ეჯახებოდით, როგორ ასწორებდით შეცდომებს.
ნიჭი და ინტელექტი მოწიფულობაში გვერევა
ბშობლები ხშირად მიჩნევენ, რომ ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვი რეალური ცხოვრებისთვისაც მომზადებულია. სპორტსმენები თუ ხელოვანები უდიდეს ტალანტს ფლობენ, მაგრამ მაინც სკანდალებში ეხვევიან. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი "ფრიადოსანი" შვილი ყველაფერში ნიჭიერი იქნება. ყოველთვის დააკვირდით მისი ასაკის ბავშვებს, უფრო დამოუკიდებლები ხომ არ არიან ისინი? თუ ასეა, ესე იგი თავად ზღუდავთ მათ. გახსოვდეთ, რომ „ნიჭების“ მიღმა რეალური ცხოვრებაც არის და ბავშვი გამუდმებით სცენაზე ან სტადიონზე არ იდგება...
თავად არ ვაკეთებთ იმას, რასაც ბავშვს ვთხოვთ
მშობლებმა თავად უნდა შექმნან ოჯახში ის გარემო, რასაც შვილისთვის ისურვებდნენ. დღეს თქვენ ხართ ლიდერები ოჯახებში, ამიტომ დაუკვირდით თქვენს საქციელს, რადგან მას თქვენი შვილები აკვირდებიან. თუ თავად არ დაარღვევთ წესებს, ბავშვებიც იფიქრებენ, რომ მისი დარღვევა მართლა შეუძლებელია. მოიქეცით ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენი შვილი იქცეოდეს.