არასერიოზული მშობლები, რომლებსაც უყვართ ბავშვებთან ერთად ხუმრობა და მხიარულება, მათ შეუფასებელ სამსახურს უწევენ ის დედები და მამები, რომლებსაც უყვართ ბავშვებთან ერთად მხიარულება, ხშირად ხდებიან მათი ასაკისანი, უყვართ ბავშვების კომპანია და ზოგადად იუმორით უყურებენ ბევრ საკითხს, ამით პატარებს ძალიან მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს ასწავლიან. ასეთ დასკვნებამდე მივიდნენ ბრიტანეთის შეფილდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები. როგორც კვლევამ აჩვენა, უკვე 16 თვიდან ბავშვს აქვს უნარი, გაარჩიოს, როდის ხუმრობს დედა ან მამა, და როდის – არა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, სწორედ ასე ადრეულ ასაკში ამგვარი რამეების გარჩევის უნარი ბავშვის ტვინს ავითარებს და უხსნის გზას სწავლისკენ, შემოქმედებითი და აბსტრაქტული აზროვნების განვითარებისკენ.
მეცნიერებმა ორი ექსპერიმენტი ჩაატარეს: პირველში 16-20 თვის ბავშვების მშობლებს უნდა ეხუმრათ და ეოხუნჯათ. მაგალითად, თამაშის დროს მამას თავზე უნდა დაედო სენდვიჩი ან ხელები წყლის გარეშე დაებანა. მეორე ექსპერიმენტის დროს 20-24 თვის ბავშვების მშობლებს უკვე სიტყვიერი ხუმრობები და თამაშები უნდა გამოეყენებინათ. მაგალითად, ეთქვათ, რომ სკამი სინამდვილეში ცხენია და ა.შ.
როგორც აღმოჩნდა, ბავშვები ადრეულ ასაკშიც არჩევენ ორაზროვან სიგნალებს, ზუსტად გებულობენ, ეს ხუმრობაა თუ არა, მშობელთან ერთად თამაშობენ.
მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევების დროს კიდევ ერთხელ დაასკვნეს, რომ უზომოდ დიდი როლი აქვს ბავშვის განვითარებაში ხუმრობას და თამაშებს, მშობელთან ერთად. თამაში მის ბევრ უნარს ავითარებს და მშობელთან აახლოებს, ხუმრობა კი ტვინს უაქტიურებს და მომავალში ბევრ რამეში ეხმარება. როცა მშობელი ბევრი საკითხის მიმართ არის მომთმენი, იუმორით უყურებს ბევრ რამეს, პატარაც ნაკლებად დაძაბულია, ხოლო თუ მშობელთან ერთად ხშირად იცინის, ოხუნჯობს და მხიარულებს, ამით უამრავ დადებითს იღებს და ეს მის ჯანმრთელობაზეც საუკეთესოდ აისახება.
ბავშვი ისევე გრძნობს მშობლის კარგად ყოფნას და მის იუმორს, როგორც მის ნევროზულობას და ზედმეტ სერიოზულობას. ასე რომ ეცადეთ, ბავშვთან ერთად მართლა გამხიარულდეთ, დაივიწყეთ სტრესები და წყენები, მასთან ერთად გახდით ბედნიერი და ისიც გააბედნიერეთ. ეს თქვენც უამრავ დადებით ენერგიას მოგიტანთ, მას კი განვითარებასა და მომავალ წარმატებებში დაეხმარება.