განებივრება ღირს იმ სიყვარულისა და ტკბილი მოგონებებისთვის, რასაც ბებიები გვაძლევენ თანამედროვე ბებია-ბაბუები აქტიურად არიან ჩართულნი ბავშვების აღზრდის პროცესში. სამაგიეროდ, ბავშვის მშობლებს ხშირად მოსდით მათთან უთანხმოება ბავშვებთან ზედმეტად ლმობიერი "პოლიტიკის" თუ იმის გამო, რომ უფროს თაობას ჰგონია, ყველაფერი უკეთ იცის. ამგვარი ოჯახური კონფლიქტები რომ თავიდან აიცილოთ, კარგად უნდა შეისწავლოთ ეს ფენომენი - თანამედროვე ბებია.
კლასიკური ბებია
ისინი შვილიშვილებთან სოციალურად დადგენილი იერარქიის ზედა საფეხურიდან, ოჯახის უფროსის პოზიციიდან ურთიერთობენ. დღევანდელ ოჯახებში უკვე იშვიათად შეხვდებით ბებიის ამ ტიპს, რადგან უფროსი თაობა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ძველებურად ვეღარ კარნახობს ცხოვრების წესს. ახალგაზრდები ხომ უფრო და უფრო ადრე აღწევენ ფინანსურ და ფსიქოლოგიურ დამოუკიდებლობას. ამის მიუხედავად, ოჯხის ეს მოდელი მაინც არსებობს, მითუმეტეს, თუ ერთ ჭერქვეშ რამდენიმე თაობას უწევს ცხოვრება.
სუროგატი ბებია
ისინი მთლიანად თავის თავზე იღებენ შვილიშვილების მოვლას, სამუშაო კვირის განმავლობაში საცხოვრებლადაც კი თავისთან გადაჰყავთ. ამ დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ან სწავლითაა დაკავებული, ან კარიერით. ბებია და ბაბუა კი ბავშვებთან დაკავშირებით ყველა ყოფით საკითხს აგვარებენ, პრაქტიკულად მშობლების მაგივრობას უწევენ მათ. ეს ის კატეგორიაა, ვინც ადრე გააჩინა შვილები და შვილისშვილებსაც ადრე მოესწრო. ან ვისაც სხვა გზა არ აქვს და მშობლების დასაქმებულობის გამო იქცევა ასე. ასეთ შემთხვევებში კი ბებიებს მეტი უფლებები და ვალდებულებები უჩნდებათ და მეტადაც მიიჩნევენ აუცილებლად, ბავშვის ცხოვრების ყველა საკითხში ჩაერიონ, თუნდაც დედის გვერდის ავლით.
ტკბილი ბებო
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ბებია-ბაბუებთან ურთიერთობა ბაშვებზე დადებითად მოქმედებს. გარდა იმისა, რომ დიდი გამოცდილება აქვთ, თანამდროვე ბებოები განათლებული და კულტურული ხალხია, ამიტომ ბევრ რამეში შეუძლიათ ბავშვებს დახმარება გაუწიონ.
ამ ადამიანებს ბავშვის ხათრით ადვილად გადააქვთ პირადი საქმეები მეორე პლანზე. ბევრს კი ცხოვრებისული გამოცდილება კარნახობს, რომ ბევრი პრობლემა, რაზეც მშობლები შფოთავენ, სიმადვილეში ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელო ეპიზოდებია. ეს ეხმარება ბებოებს, რომ უფრო ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდეთ შვილიშვილთან, დაუმეგობრდნენ მათ, ყოველთვის მათი მხარე დაიჭირონ და ზედმეტად პრეტენზიულიც არ იყვნენ შვილიშვილების მიმართ.
დედებისა და ბებიების მიდგომები ბავშვის აღზრდის საკითხებში ისედაც განსხვავებულია. ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში ბებია-ბაბუასა და დედ-მამას ბავშვის მინი-პორტრეტის შედგენა სთხოვეს. ბებიებმა ბავშვის დადებით მხარეებზე გაამახვილეს ყურადღება, დედ-მამამ კი - ნაკლოვანებებსა და პრობლემებზე.
ბებიები ბავშვების ყველაზე ძლიერი დამცველები არიან, სწორედ ისინი უძებნიან ბავშვის ცუდ საქციელს გამართლებას და დედას არწმუნებენ, არ დასაჯოს ცუღლუტობისთვის.
ანებივრებენ თუ უბრალოდ, უყვართ?
ვინაიდან ბებიებს მშობლებზე მეტი დრო აქვთ, ბავშვისთვისაც ყოველთვის იცლიან. შეუძლიათ უპასუხონ ბავშვის გაუთავებელ შეკითხვებსა და თხოვნებს, რისთვისაც დაკავებულ მშობლებს დრო არასდროს არ რჩებათ.
თუნდაც ბებიაც მუშაობდეს, მას ახალგაზრდა დედაზე მეტი სულიერი ძალა აქვს და მეტის გაკეთება შეუძლიათ ბავშვისთვის.
ბებიები არც კი ფიქრობენ, მოესწრებიან თუ არა შვილიშვილის დავაჟკაცებას (დაქალებას). ამიტომ დღევანდელი დღით ცხოვობენ, დღეს, ამ წუთასვე უნდათ სიხარული მიანიჭონ ბავშვს, ამიტომ ანებივრებენ.
"განებივრება ღირს იმ სიყვარულისა და ტკბილი მოგონებებისთვის, რასაც ბებიები გვაძლევენ, ეს სტიმულს აძლევს და მრავალფეროვნებას ანიჭებს ბავშვის ცხოვრებას", - ასეთია აღზრდის ცნობილი კონცეფციის ავტორის, მასარუ იბუკუს შეხედულება.
ბებო და გაკვეთილები
ბევრ ოჯახში ბებოს მოვალეობაა გამოიყვანოს ბავშვი სკოლიდან, ასადილოს და ამეცადინოს. რამდენად საჭიროა ეს? გახანგრძლივებულ ჯგუფებში ბავშვები ცუდად იკვებებიან და გაკვეთილებსაც უყურადღებოდ ამზადებენ. მაგრამ თუ ბავშვი კარგად არის სკოლისთვის მომზადებული და პროგრამასაც ადვილად ითვისებს, შეიძლება გახანგრძლივებულში დამოუკიდებლად მეცადინეობა მისთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, ვიდრე ბებიის ჰიპერმზრუნველობა. თუ სკოლაში ცუდი კვებაა, უკეთესია, ბაბიამ მეცადინეობის შემდეგ მალევე წაიყვანოს ბავშვი სახლში.
თუ ბავშვს მეცადინეობისას რაიმე სირთულე შეხვდა, ბებიები დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან, მაგრამ სინამდვილეში სწავლების მეთოდებისა ბევრი არ ესმით. სწავლის საკითხში "ანკესის" მაგივრად პირდაპირ "თევზს" მიაწოდებენ, ანუ თავად ამოხსნიან ამოცანას, რომელსაც შვილიშვილმა ვერაფერი გაუგო. მეცადინეობა კი დამეთანხმებით, სხვა რამეა.
თუ ატყობთ, რომ აშკარად ბებო მეცადინეობს ბავშვის მაგივრად, რეპეტიტორი დაიქირავეთ. ბებიას კი დაუტოვეთ ის საქმე, რაც ყველაზე კარგად გამოსდის - ბავშვთან სეირნობა, დასვენება, საინტერესო წიგნების კითხვა და გართობა.
ბებია მშობელთა კრებაზე
თუ ბებიას გაუშვებთ კრებაზე, დიდი შანსია, რომ არა რეალური, არამედ შერბილებულ-შელამაზებული ამბავი მოგიტანოთ - ან ძალიან დადებითი კუთხით გაბერილი, ან პირიქით, ძალიან გაბუქებული. ასეთი უკიდურესობებიც ახასიათებთ ხოლმე ბებოებს - მოვლენების დრამატიზება ან რომანტიზება. ამიტომ კრებაზე თავად იარეთ ან უშუალოდ კლასის ხელმძღვანელთან იკონტაქტოთ.
ბებოს შუძლია სხვა სასკოლო ღონისძიებებით დაკავდეს - ექსკურსიებზე იაროს, სპექტაკლებს დაესწროს, ზეიმებისთვის ბავშვი კოსტიუმი მოამზადოს და ა. შ.
ბებიების თემა იმდენად ამოუწურავია, ჩვენ ამაზე ხშირად და ვრცლად არაერთხელ ვისაუბრებთ.