ფსიქოლოგის 10 რჩევა მშობლებს - როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და შევაჩეროთ „აფეთქება“...
ფსიქოლოგის 10 რჩევა მშობლებს - როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და შევაჩეროთ „აფეთქება“...
აღზრდის მიზნით ბევრი მშობელი დასჯის მეთოდად სხვადასხვა ხერხს მიმართავს. როდესაც მთელი დღის მანძილზე გიწევთ უამრავი საქმის კეთება, ძნელია სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნება. სამსახურში გაუთავებელი დაძაბულობა, სახლში კი უამრავი საქმე. დასვენებისთვის ცოტა დრო რჩება. ბაღიდან ან სკოლიდან დაბრუნებულებს ბევრი შეკითხვა, სურვილი თუ მოთხოვნა აქვთ. მათ გამუდმებით რაღაც უნდათ დედისგან (მამისგან - იშვიათად). ნებისმიერი ნორმალური ქალი ადრე თუ გვიან აუცილებლად „აფეთქდება“. თუ ბავშვმა რაიმე დაშავა, ზოგი დედა ჯოხს დაავლებს ხელს, ზოგი ფსიქოლოგიურ შეტევაზე გადადის. ზოგიერთი თვლის, რომ ხელით შეხება დაუშვებელია და სიტყვით
ბევრს ვერაფერს „ატკენს“. თუმცა დაგვეთანხმებით, მშობლის მიერ უაზროდ წამოსროლილ მწარე სიტყვას ხანდახან მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე ჯოხს ან ქამარს... თუ გეცნოთ ეს სიტუაციები, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

1. დამშვიდდით! მძიმე სამსახური გაქვთ და ბევრი საქმე. ამის გამო თქვენი ნერვული სისტემა მუდმივად დაძაბულია. თქვენს გარშემო კი არაფერი იცვლება. ბავშვები საკმაოდ პატარები არიან იმისთვის, რომ უფროსებივით შეაფასონ შექმნილი სიტუაცია. მათ ბევრი რამ არ ესმით. ისინი ვერ იგებენ, თუ რატომ ბრაზობენ მშობლები. თუ არ გამოგდით საკუთარი თავის დამშვიდება, მიიღეთ დამამშვიდებელი.

2. გამოყავით დრო დასვენებისათვის. თუ გექნებათ საშუალება - გამოიძინეთ. ზოგჯერ ამისათვის 20-30 წუთიც საკმარისია. იქნებ სულაც
ცოტა ხნით მარტომ გაისეირნოთ ქუჩაში. მთავარია დაუთმოთ თქვენს თავს ცოტაოდენი დრო დასვენებისათვის. ზოგჯერ განმარტოებით ერთი ჭიქა ყავის დალევამაც შეიძლება შვება გაგრძნობინოთ.

3. როდესაც გექნებათ თავისუფალი რამდენიმე წუთი, გააანალიზეთ თქვენი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. როგორ მოიქეცით ამა თუ იმ სიტუაციის დროს, სწორი იყო თუ არა თქვენი რეაქცია, შეიძლებოდა თუ არა სხვანაირად მოქცევა? თქვენი თავი დააყენეთ ბავშვის ადგილას, როცა მას ეჩხუბებოდით. რას იგრძნობდით თქვენ? მიხვდებით, რომ ზედმეტი მოგივიდათ. თუ დამოუკიდებლად ვერ იღებთ სწორ გადაწყვეტილებას, მიმართეთ ფსიქოლოგს.

4. ყოველი დღე დაუთმეთ ბავშვთან ურთიერთობას. ბავშვს ყოველთვის სჭირდებით. მას თქვენზე ძლიერი ავტორიტეტი არ ჰყავს. მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი სიახლეა. იზრდება და ვითარდება. ყველაზე ახლობელი ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან სამყაროს შეცნობაში - მისი მშობლები არიან. თუ თქვენ შორის მანძილი გაიზრდება - ეს მასზე უარის თქმის ტოლფასია.

5. თქვენ ირგვლივ არსებული პრობლემებიდან არის უმნიშვნელო პრობლემებიც. არ ღირს ბავშვის პატარ-პატარა ცელქობების დანაშაულად აღიარება. იგი არ უნდა გრძნობდეს იმას, რომ „ცუდი ბავშვია“. ბავშვი ძაღლი არ არის, რომლის გაწვრთნაც შეიძლება. მას არ შეუძლია იყოს იდეალური. გაიხსენეთ თქვენი თავი მის ასაკში. თუ არ გახსოვთ, ჰკითხეთ დედას, იყავით თუ არა სანიმუშო თქვენი შვილის ასაკში.

6. რა თქმა უნდა, აუცილებელ ფაქტორად ბავშვთან ურთიერთობაში ურთიერთგაგება და პატივისცემაა. თუ თქვენ ითხოვთ ბავშვისგან პატივისცემას, ასევე უნდა მოექცეთ მასაც. ის პიროვნებაა, თუმცა ჯერ კიდევ არასრულწლოვანი. იმისათვის, რომ მოუსმინოთ და გაუგოთ ბავშვს, არ არის საჭირო ფსიქოლოგიური უნივერსიტეტის და მაგისტრატურის დამთავრება. საკმარისია თავი წარმოიდგინოთ მის ადგილას. რას გრძნობდა ბავშვი ამა თუ იმ სიტუაციაში. ეცადეთ მოვლენებს შეხედოთ მისი გადმოსახედიდან. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მიხვდებით მისი ქმედებების მიზეზს. იმას, რასაც აქამდე ვერ ხვდებოდით.

7. ბევრი მშობელი ცხოვრების ამა თუ იმ მომენტში თავს დამნაშავედ თვლის და დანაშაულის გამოსწორების მიზნით საჩუქრებით „ანებივრებს“ შვილს. ვერანაირი საჩუქარი ვერ აანაზღაურებს მშობლის გაუაზრებელ ქმედებას შვილის მიმართ. იქნება ეს სიტყვიერი თუ ფიზიკური დასჯის მეთოდი. ბავშვისთვის საჩუქარი უნდა იყოს დამსახურებული ან უბრალოდ სიყვარულით ნაჩუქარი. ნუ გავიწყდებათ, თქვენ ზრდასრული ადამიანი ხართ. ის თქვენი შვილია. მსაჯი თქვენთვის უნდა იყოს მხოლოდ სინდისი. უბრალოდ ეცადეთ არ დაუშვათ ნეგატიური სიტუაციები. ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

8. ნუ „გაერთობით“ ბავშვის დასჯით. ყველა მშობელი თვითონ ირჩევს დასჯის მეთოდს. სანამ ბავშვი პატარაა, დედის არჩეული „მეთოდიც“ იშვიათად გამოიყენება. ბავშვი იზრდება და ძველ „მეთოდებზე“ აღარ რეაგირებს. დედაც არ ნებდება. სასაჯელი მკაცრდება და ზოგჯერ სასტიკიც ხდება. მესამე პუნქტში საუბარი იყო ბავშვთან ურთიერთობის პრობლემებზე. იხ. პუნქტი 3. ეს ის საკითხია, სადაც მშობელი უნდა იყოს განსაკუთრებულად ზომიერი. დასჯის მეთოდის არჩევანი და სიხშირე გავლენას ახდენს ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე. საჭიროა ზომიერება, რათა არ დაუზიანოთ ბავშვს სულიერი ჰარმონია. სწორედ დასჯის მეთოდების არასწორი „შერჩევის“ შედეგად უჩნდებათ ბავშვებს კომპლექსები, რომლებიც მთელი ცხოვრება თან დაჰყვებათ და სტანჯავთ.

9. ხშირად უთხარით: "მიყვარხარ“ ეს სიტყვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბავშვისათვის. იგი მას ამშვიდებს. ეს სიტყვა გაერთიანებთ ერთმანეთთან უხილავი ძაფებით. ბავშვები დაუცველები არიან ამ სამყაროში ჩვენი სიყვარულისა და თანადგომის გარეშე. ყოველდღიური ქაოსი, თქვენი არჩევანია. პრობლემებს ჩვენ თვითონ ვქმნით. ბავშვს კი არ შეუძლია მოცდა, თუ როდის მოიცლით მისთვის. მათ უყვარხართ დღე და ღამე და ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ ეს უპასუხო სიყვარული არ არის.

10. დატკბით დედობით (მამობით). ვერც შეამჩნევთ, თუ როგორ გაიზრდებიან თქვენი შვილები. ბევრჯერ ინანებთ, რომ სათანადოდ არ გამოიყენეთ ერთად გატარებული ბედნიერი წლები. ეცადეთ იყოთ ბედნიერი დღევანდელი დღით. ყოველ დღეს მოაქვს რაღაც ახალი. იცხოვრეთ დღევანდელი დღით ისე, როგორც უკანასკნელით. ადრე თუ გვიან ისინი დატოვებენ თქვენს სახლს. გახსოვდეთ ამის შესახებ!
12566
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ფიქრია
0
ძალიან კარგი რჩევებია.დღეიდან გამოვიყენებ ამ რჩევებს.ბევრნერ მიჭირს ბავშვებთან ურთიერთობა რადგან ფსიქოლოგიურად ვერ ვუდგებოდი.დიდი მადლობა.
15:48 / 21-04-2016
lo ra
0
ძალიან კარგი რჩევებია. ჩვენი ყოველდღიური ყოფის პირობებში, ხშირად ბავშვები დაუმსახურებლად ისჯებიან. როდესაც "აფეთქება გადაგვივლის და დავმშვიდდებით, ვხვდებით, რომ არასწორად მოვექეცით და ვცდილობთ სხვადასხვა ხერხით ამის გამოსწორებას. ეს ორივე მშობელს ეხება. საკუთარ თავზე სუშაობაა საჭირო. მაგრამ სამწუხაროდ, ხოგიერთს არ უნდა თავისი შეცდომის აღიარება, შვილს პიროვნებად არ აღიქვამს( რა ასაკშიც არ უნდა ის ), მიაჩნია, რომ მშობელს მასზე ყვირილის, შეურაცხყოფის და დამცირების უფლება აქვს. ( ალბათ ფსიქოლოგები დამეთანხმებიან,ასეთი საქციელის მიზეზი მის აღზრდაში უნდა ვეძიოთ. ალბათ მასაც ასევე ამცირებდნენ და სჯიდნენ მშობლები ). ახლა კი მიეცა იმის უფლება, რომ მასზე პატარა და სუსტ ადამიანზე ის დაგროვილი ჯავრი იყაროს.აგრესია კი ,რომელიც ბავშვის მიმართ იქნა მომართული, არსად არ გაქრება. სამწუხაროდ იფეთქებს მაშინ, როდესაც მასაც საკუთარი შვილი ეყოლება და შეიკვრება მანკიერი წრე.
10:24 / 12-09-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?