7 შეცდომა, რომელსაც ,,ქართვლის დედა” ბავშვის აღზრდისას უშვებს
7 შეცდომა, რომელსაც ,,ქართვლის დედა” ბავშვის აღზრდისას უშვებს
ამქვეყნად ყველაზე მეტად მორალისტები არ მომწონს, ამიტომ მორალის კითხვად რომ არ გამომივიდეს, თავიდანვე გეტყვით – თავადაც ქართველი დედა ვარ და თავადაც დამიშვია ის შეცდომები, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ და ეს ჩემი გამოსვლაც ძალიან მინდა გამოცდილების გაზიარებად ჩათვალოთ მხოლოდ.

რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, ,,რაც მამას უნდა“, ქართვლის დედის როლი მაინც უმთავრესად რჩება საზოგადოებაში. არის რაღაცეები, რასაც სკოლაში იშვიათად ასწავლიან, თანაც ძალიან მთავარი და არსებითად მნიშვნელოვანი რაღაცეები. ემოციური ინტელექტი, რომელიც მერე ადამიანის მთელ მსოფლხედვას განსაზღვრავს, იმ ასაკში ყალიბდება, როცა ბავშვი ყველაზე მეტ დროს
დედასთან (ან ძიძასთან, ბებიასთან, დეიდასთან, ყოველ შემთხვევაში ქალთან) ატარებს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ უფრო მეტად დედებს მივმართავ, თუმცა გათვალისწინება არცერთ მშობელს და არცერთ აღმზრდელს აწყენდა.

ქვეყანას უჭირს, ძალიან უჭირს და მგონი დროა ხან ბედისკენ, ხან ხელისუფლებისკენ, ხან ქვეყანაში არსებული სიტუაციისკენ, გენეტიკისკენ, საგანმანათლებლო სისტემისკენ, თუ მძიმე წარსულისკენ თითის გაშვერას მოვეშვათ ჩვენი უიღბლობის სხვებზე გადაბრალების მოტივით და გავიაზროთ ჩვენ სად ვუშვებთ შეცდომას და რით ვეღარ ვშვით ეს ,,ჩვენი მყოობადი“. ოდესმე უნდა დამთავრდეს ბაზალეთისა ტბის ძირას რომ ოქროს აკვანში ყრმა წევს, იმის ლოდინი და საკუთარ ,,აკვანში“ მწოლიარე ბავშვების გაზრდას კი არა, აღზრდას მოვკიდოთ ხელი. ახალი თაობაა სწორედ
ქვეყნის აწმყო და ქვეყნის მომავალი, რა შეცდომებს უშვებს ქვეყნის მომავლის შექმნაში ქართვლის დედა დღეს?

1. უნერგავს განათლების მიღების არასწორ კრიტერიუმებს

ქვეყანა მთა და ველი არ არის, საზოგადოებაა და საზოგადოების შეცვლა თუ გვინდა განათლებით უნდა დავიწყოთ.

ჩვენ გამუდმებით ჩავჩიჩინებთ ბავშვებს, რომ აუცილებლად უნდა ისწავლონ, მაგრამ არგუმენტები ფრიად საინტერესო გვაქვს: ,,რატომ უნდა გაჯობოს ვიღაცამ“ , ,,შენ ყველაზე მაგარი უნდა იყო“, ,,რატომ უნდა ვიღებდე შენ გამო საყვედურებს?“ არც თქვენ ხართ იდეალური დედა, ვიღაც აუცილებლად გაჯობებთ, მაგრამ მსგავს შეკითხვებს არ გისვამთ ჯერჯერობით, თუმცა აუცილებლად დაგისვამთ მალე, თუ ასეთ ლაპარკს თავს არ დაანებებთ.

უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, ნუ შეაჯიბრებთ სხვა ბავშვებთან, ეს ჯიბრის მომენტი ისედაც ყველა ადამიანში დევს და ეცადეთ ასწავლოთ შეეჯიბროს მხოლოდ საკუთარ თავს. ,,ერთადერთი ვისაც უნდა აჯობოთ, თქვენი გუშინდელი თავია“. თუ ამის სწავლებას მოახერხებთ მერე უკვე ლიმიტებიც აღარ ექნება სწავლაში დაწესებული, მიხვდება, რომ ფრიადისთვის კი არ სწავლობს, სწავლობს სწავლისთვის და როცა ქართველი კაცი სწავლისთვის სწავლას მიეჩვევა და არა დაფასებისთვის, სამდიპლომიანი და მაინც გაუნათლებელი საზოგადოება წარსულს ჩაბარდება.

2. უკლავს პატრიოტულ სულისკვეთებას

,,საკუთარის სიყვარულით იწყება სხვების სიყვარული“

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ის, რის დაცვასაც ადამიანები თავს აკლავდნენ, ამ ბოლო დროს მოდიდან გადავიდა და ერთგვარ დაცინვის საგნადაც კი იქცა. არადა, თუკი ღირსეული ქვეყნის ღირსეული მოქალაქე გინდა გაზარდო, პირველ რიგში სამშობლოს სიყვარული უნდა ასწავლო. ,,და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი“- ს ზუთხვით და მერე იმის ჩიჩინით, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება და უნდა ეცადოს, როგორმე აქედან გააღწიოს, ადამიანს ვერ შეაყვარებ სამშობლოს. ქვეყანის სიყვარული მისი ბუნების წიაღში ტკბობა და პატრიოტული ლირიკა არ არის, მასზე ზრუნვაა და მისი მოვლაა. როცა 3 წლის ბავშვი შოკოლადის ქაღალდზე გეკითხება სად წავიღოო, შენ მიიხედავ, მოიხედავ, ურნას ვერ დაინახავ და დააგდე მანდო ეტყვი (თავად ვყოფილვარ ამის მომსწრე), აი, მანდ კვდება შენი ქვეყნის ნათელი მომავალი და მუდმივი სიბნელისთვის წირავ საკუთარ შვილს.

,,ჩვენ არ გვევალება ბავშვებს ვასწავლოთ როგორ გაუსწორონ თვალი სასტიკ და უგულო სამყაროს, ჩვენ გვევალება ვასწავლოთ – როგორ გახადონ იგი ნაკლებად სასტიკი და უგულო.“ ,,თუ გინდა რამე შეცვალო, უნდა შეიყვარო, სიყვარული ყველაფერს ცვლის.“ უკეთესი ქვეყანა თუ გვინდა, დამოკიდებულებები უნდა შევცვალოთ, უკეთესი საზოგადოება თუ გვინდა, ჩვენი თავი უნდა შევცვალოთ. ,,ერთნი მოთქვამენ საით მიექანება მსოფლიო, მეორენი მსოფლიოს მიმართულებას აძლევენ.“ თქვენ ვინ გინდათ იყოთ? თქვენ ვის ზრდით?

3. აიძულებს პატივი სცეს ავტორიტეტებს

,,არასოდეს განსაზღვრო ადამიანები მისი აზრების, აზრები კი იმ ადამიანების მიხედვით, ვინც ამ აზრებს გამოთქვამს“.

დოჩანაშვილის სამოსელ პირველშია ერთი ასეთი ფრაგმენტი, ერთერთი პერსონაჟი ლამაზქალაქელების წინ მოქალაქეებისთვის ავტორიტეტული პიროვნების ნაცვლად ზეწარგადაფარებული გამოვა სიტყვით. ძალიან ამაღელვებელი სიტყვა გამოუვა. ხალხს გული აუჩუყდება, თვალზე ცრემლი მოადგება და აპლოდისმენტების კორიანტელში გაჰხვევენ, მაგრამ როგორც კი ზეწარს გადაიძრობს და აღმოაჩენენ ვინც არის, მაშინვე აღშფოთდებიან, ვიღაც არარაობის მოსმენისთვის რომ დახარჯეს თავიანთი დრო და ემოციები.

თუკი ადამიანს ბავშვობიდანვე შეაჩვევ ეჭვგარეშე მიიღოს ჭეშმარიტებად ის, რასაც მასწავლებლები, მოძღვრები თუ ზოგადად უფროსები ეუბნებიან, პიროვნებად ვერასოდეს ჩამოყალიბდება. ,,უფროსები როცა ლაპარაკობენ, შენ გაჩუმდი.“ ,,რა შუაშია ასაკი? ჭკუა ხანში კი არა თავშია, 80 წლის შტერი არ გინახავთ თქვენ?“ (ოტია იოსელიანი)

პატივი უნდა სცე ყველა ადამიანს, უფროსსაც და უმცროსსაც. პატივი უნდა სცე აზრებს და არა ავტორიტეტებს. ყველაზე ჭკვიანმა ადამიანმაც შეიძლება სისულელე თქვას და ყველაზე სულელი ადამიანისგანაც შეიძლება რამე ჭკვიანური ისწავლო. ავტორიტეტები ადამიანის გონებაგახსნილობის ყველაზე პირველი მტერია. ასწავლეთ მას პატივისცემა არა უფროსების, არა მასწავლებლის, არა მშობლის, არა ბიძია დეიდების, არა პოლიტიკოსების და მღვდლების არამედ ზოგადად ადამიანის და ჭკვიანური აზრების, ასწავლეთ მას კრიტიკული აზროვნება, თუ გინდათ პიროვნება აღზარდოთ და არა ერთი ცხვარი ფარაში.

4. თავს უტენის სტერეოტიპებით

ჩვენ გვინდა რომ გვყავდეს საზოგადოება, სადაც ყველა თანასწორი იქნება მიუხედავად სქესისა, ეროვნებისა, რელიგიური მრწამსისა? — ,,რა გატირებს, გოგო ხარ?“ ,,რას ატლიკინებ ენას ქალივით“ , ,,ეგ რა კაცის საქმეა?“ ,,მოიქეცი ქალივით“, ,,შენ გოგო ხარ ახლა?“, ,,ზანგი ხომ არ ვარ?“, – ისმის ყოველი მხრიდან, მერე ერთი რომელიმე ბიჭი თანაკლასელ ბიჭუნასკენ თითს გაიშვერს და დასცინებს: ,,გოგოოო გოგოოო“, ან კიდევ ,,ფუჰ, შენ სომეხო“, ,,იაღოველო“.

ბიჭუნა იფიქრებს, რომ ასეთი სახით ნათქვამი აუცილებლად ცუდია და ავტომატურად მიიჩნევს რომ სხვა სქესის, სხვა ეროვნების, ან სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანზე რაღაცით მეტი ან ნაკლებია. იქვე შეიძლება იდგეს რომელიმე სხვა ეროვნების, სხვა რელიგიური აღმსარებლობის გოგონაც. რასისტებით, სექსისტებითა და ჰომოფობებით სავსე საზოგადოება მზადების პროცესშია.

დედის დღეს ქალაქის ცენტრში ბილბორდზე წარწერა გაჩნდა: ქალი სუსტია, დედაა ძლიერი. მერე ტრანსპარანტებიც ვნახეთ – ,,მეტი ქალი პარლამენტში.” რატომ უნდა მივცე ვინმეს ხმა მხოლოდ იმიტომ რომ ქალია? იმას კი ნუ ასწავლით, რომ ქალს ხელი არ უნდა დაარტყას, იმიტომ რომ ქალი ,,ნაზი არსებაა“, აუხსენით, რომ ფიზიკურად შენზე სუსტის ჩაგვრაა ცუდი, მნიშნელობა არ აქვს ქალს დაჩაგრავს, თუ კაცს. მოკლედ, სქესთა შორის განსხვავებებზე საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების მის ტვინში ჩანერგვას ხელს ნუ შეუწყობთ. განაგრძეთ კითხვა
8299
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ბაჩო
0
SL-ს, სტერეოტიპები ადამიანთა უფლებების დასარღვევად შეიქმნა და ნურავინ იფიქრებს, კარგი რამეა რომელიმე სტერეოტიპიო. ანტიჰუმანური გამოგონებაა, ვინც არ იცის. მორალი და უფალი არანაირ სტერეოტიპს არ გულისხმობს და ცოტა უკეთ ვისწავლოთ, სანამ გავაიგივებთ ამ ორ უმთავრესს რომელიმე სტერეოტიპთან. ათი მცნება სტერეოტიპებია? ჩემს თავზე ვერ ავიღებ და ვერ გავკადნიერდები. მოძღვარს შეგიძლიათ ჰკითხოთ. დავიცვათ ათივე და არც ბიჭს შეეშლება რა ეკადრება, არც გოგონას. ასე მგონია ლოგიკური.
06:32 / 06-12-2015
ბაჩო
0
საინტერესო და სასარგებლო სტატიაა, გმადლობთ. ასეთ თემებზე უფრო ხშირად უნდა იწერებოდეს ასე მართებულად. სამომავლოდ, კორექტურების გასწორება თუ არ დაგეზარებათ, ძალიან გამიხარდება. ეს მათთვის, ვისაც ქართული უჭირს: წაიკითხავს სტატიას და უნებურად ჩაებეჭდება კარგი ქართულით დაწერილიც. ორ კურდღელს ერთად დაიჭერს ზოგიერთი. ცუდია? :) პირადად მე, მეოთხე პუნქტი მომეწონა განსაკუთრებით!!! დღეს დიდი გამბედაობა და გონიერება სჭირდება ასეთ თემაზე სიმართლის თქმას. ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ უმნიშვნელოვანესი სათქმელი. ცალკე მადლობა ამისათვის. ძალიან ცოტას ესმის, რომ ქალის უფლების ხაზგასმულად დაცვით სწორედ ქალის დისკრიმინაციას ახდენს. ადამიანის დაცვაზე უნდა იყოს ყველა ორიენტირებული. იცავს ვინმე ცალკე დედალ ძაღლს ან მამალ კატას? არ გაგეცინებათ, ასე რომ ჩამოაყალიბონ ცხოველთა უფლებების დამცველებმა?
06:30 / 06-12-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```