როგორ უნდა ელაპარაკო ბავშვს, რომ ის მოზრდილობაში ბედნიერი იყოს როგორ უნდა ელაპარაკო ბავშვს პატარაობის ასაკში, რომ ის მოზრდილობაში ბედნიერი იყოს? რას არ გვეუბნებოდნენ მშობლები ბავშვობაში? რატომ ვართ ხოლმე მათზე ნაწყენები? შევეცდებით ამ კითხვებზე ვიპოვოთ პასუხი და ვისწავლოთ, როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს, უბრალო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებით.
ფსიქოლოგებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს გამოკითხვა. ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებს დაუსვეს კითხვები: - რა სიტყვები გაკლდათ ბავშვობაში? იმოქმედა თუ არა ამ სიტყვების ნაკლებობამ თქვენს აზროვნებასა და თვითშეფასებაზე?
აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ასაკის უფროსი ადამიანების პასუხები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.
მე მჯერა შენი!
აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 40% განიცდიდა ისეთი სიტყვების ნაკლებობას, როგორებიცაა: „ყოჩაღ!“,„შენ ყველაფერი გამოგივა“, „კარგი ხარ“, „ლამაზი ხარ“, სცადე, აუცილებლად გამოგივა“, „შენ გაუმკლავდები“, „მე მჯერა შენი“.
ცხოვრება ყოველთვის სტაბილური არ არის. როდესაც გვინდა, რომ გავზარდოთ დამოუკიდებელი ადამიანი, ხელი არ უნდა შევუშალოთ ბავშვს, რომ გარკვეული სახის პრობლემები თუ დაბრკოლებები თავად მოაგვაროს. იმის მაგივრად, რომ უთხრათ „მომეცი, მე თვითონ გავაკეთებ“, უმჯობესია უთხრათ: „კიდევ სცადე, აუცილებად გამოგივა“. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვა ისწავლოს დამოუკიდებელი მოქმედება, უნდა იცოდეს, რომ ფარხმალის დაყრა არ შეშვენის ძლიერ პიროვნებას. ის მზად უნდა იყოს პრობლემების გადასაჭრელად. იმისთვის, რომ ბავშვი ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდეს, უნდა იცოდეს, რომ მშობლებს სჯერათ მისი. სწორედ მშობელია ბავშვის მთავარი სტიმული. და როცა გამოუვა ის, რისთვისაც ძალისხმევა არ დაიშურა, აუცილებლად უნდა შეაქოთ.
მიყვარხარ!
როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა 20% ბავშვობაში ოცნებობდა, მათთვის მშობლებს ეთქვათ, რომ უყვარდათ ისინი. როდესაც მშობელი ბავშვს ამ სიტყვებს ხშირად ეუბნება, ბავშვი უფრო წარმატებული, გაწონასწორებული, თავდაჯერებული და ბედნიერი იზრდება. შესაძლოა, ოჯახში ძალიან ზრუნავენ ბავშვზე, უსრულებენ ყველაფერს, მაგრამ არ ეუბნებიან მარტივ სასიყვარული სიტყვებს, რომლებსაც გადამწყვეტი როლი აქვთ თავდაჯერებულობის ფორმირებაში. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ ის გიყვართ ყოველგვარი „პირობების“ გარეშე. მაგალითად, „ოთახი რომ არ დაალაგე, აღარ მიყვარხარ“ - დაუშვებეულია ასე უთხრათ ბავშვს. ჯობს ეს წინადადება ასე შევცვალოთ: „რატომ არ დაალაგე ოთახი, მე ძალიან მეწყინა, მოგეხმარები და ერთად დავალაგოთ“. მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ ის გიყვართ და გეყვარებათ ყველაფრის მიუხედავად. თუ ეს ეცოდინება, ის გაიზრდება თავდაჯერებული პიროვნება, საკუთარი შვილებისთვის კი მოსიყვარულე მშობელი.
სიმართლე ოჯახზე
გამოკითხულთა 20% უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მას ბავშვობაში არ ჰქონდა ინფორმაცია საკუთარი წარმომავლობის შესახებ. მათ სურდათ სცოდნოდათ, ვინ იყვნენ მათი დიდი ბებიები და ბაბუები, ნათესავები. სურდათ სცოდნოდათ, როგორ გაიცნეს მათმა მშობლებმა ერთმანეთი, როგორ ცხოვრობდნენ შეუღლებამდე. ფსიქოლოგების აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს ინფორმაცია საკუთარი წინაპრებისა და საკუთარი წარმომავლობის შესახებ. საკუთარი ისტორიის ცოდნა ერთ-ერთი წინაპირობაა იმისთვის, რომ ადამიანი სრულფასოვნ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
ჩვენ შენთან ვართ!
გამოკითხულთა 10%-ს ბავშვობაში დაუცველობის გრძნობა ჰქონდათ. მათ სურდათ, რომ ბავშვობაში მათთვის მშობლებს ეთქვათ: „ჩვენ შენთან ვართ!“ მშობლის მხარდაჭერის განცდა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვმა თავი დაცულად იგრძნოს. თქვენი პატარები რომ ძლიერები და უშიშარები გახდნენ, ყოველდღე, ძილის წინ უთხარით მათ, რომ ისინი საიმედო ხელში, უსაფრთხოდ არიან. ეს სიტყვები მათ მაშინ გაახსენდებათ, როდესაც უკვე დიდები იქნებიან, ეს სიტყვები ყველაზე მეტად სტრესის და სიძნელეების დროს აღმოუჩენთ დახმარებას.
შეცდომების დაშვება საშიში არ არის!
გამოკითხულთა 10%-ს სურდა მშობლისგან გაეგო, რომ შეცდომების დაშვება არ არის კატასტროფა, შეცდომა ყველას მოსდის, შეცდომებზე სწავლით კი ვიღებთ გამოცდილებას. ბავშვმა არ უნდა იფიქროს, რომ შეცდომის დაშვება უპირობოდ ნიშნავს დამარცხებას.
გაიხსენეთ, თქვენ რა სიტყვები გაკლდათ ბავშვობაში?