ბოლო ხანს მშობლები სულ უფრო ხშირად უჩივიან პატარების თავნებობას ბოლო ხანს მშობლები სულ უფრო ხშირად უჩივიან პატარების თავნებობას. წინათ დედ-მამა ან ოჯახის სხვა უფროსი წევრები უბრალოდ აღნიშნავდნენ, რომ მათი პირმშო მეტისმეტად განებივრებულია, ახლა ამ ყველაფერს ემატება “მეცნიერული” და “ფსიქოლოგიური” ტერმინოლოგია. ამბობენ, რომ ბავშვი უმართავია, არაფერი ესმის, არაფერი ანაღვლებს. ამ “უმართავობას” მშობლები სხვადასხვანაირად ხსნიან და უკავშირებენ ყველაფერს, გენეტიკით დაწყებული, ეკოლოგიით დამთავრებული.
დიახ, ასეთი აზრებიც მოსდით მშობლებს. მათ მყარი “არგუმენტი” აქვთ - სწორედ ეკოლოგიაა დამნაშავე, ეს სადღაც ეწერა კიდეც. აბა, სხვა რითი უნდა აიხსნას, რომ ასე უცნაურად იქცევა გარდატეხის ასაკში მათი შვილის თითქმის ყველა თანატოლი?! ზრდიან შვილს, არ იშურებენ ძალ-ღონეს, სახსრებს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი წყალში ეყრებათ... მერე კი უცებ აღმოჩნდება, რომ ბავშვები, რომელთა მშობლებიც ეკოლოგიის მავნე გავლენაზე საუბრობენ, სკოლაში სულაც არ იქცევიან ასე ცუდად - სწავლობენ, ცდილობენ, წარმატებას მიაღწიონ, არც ზრდილობის ნორმებს არღვევენ. ეკოლოგიური სიტუაცია კი იგივეა!
ბავშვების თავნებობის მიზეზებზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი ყურადღება მივაპყროთ “თავნება” ბავშვების ერთ საინტერესო თავისებურებას. ეს თავისებურება ზედაპირული და იოლად შესამჩნევი არ არის, მაგრამ თუ ბავშვის ხასიათს ოდნავ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ თავნება პატარები სინამდვილეში ძალზე დამოუკიდებლები არიან. ერთი შეხედვით, უცნაურია, მაგრამ მათ ბუნებრივ მოთხოვნილებას, ყველაფერი თავისებურად აკეთონ, უფროსები ხშირად თავნებობად აღიქვამენ. სიტუაციის მთელი სირთულე კი ის არის, რომ ასეთ პატარებს რეალურად ჯერ სულაც არ შესწევთ დამოუკიდებლობის უნარი. ვეცდებით, ეს უცნაური ახსნა მაგალითით გავხადოთ გასაგები. ექვსი წლის ლუკა ვერ იტანს უფროსების “ზეწოლას” (ახლა ასე უწოდებენ მითითებას). უფრო მეტიც - აქვს პრეტენზია, ოჯახის უფროსი იყოს: ბრძანების კილოთი ლაპარაკობს, თუ რამე არ მოსწონს, მუშტებს უღერებს უფროსებს. უნდა ვაღიაროთ, რომ პატარა ბიჭი აღწევს კიდეც საწადელს - მთელი ოჯახი მის გარშემო ბრუნავს. ამავე დროს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ლუკა სრულიად უსუსურია. საკუთარი ხელით ჩაცმაც კი არ შეუძლია, ოჯახში რაიმე ფუნქციის შესრულებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მარტო ვერც თამაშობს, ძილითაც დედასთან ერთად იძინებს, რადგანაც მარტოს ოთახში დარჩენისა ეშინია.
როცა სკოლაში წასვლის დრო მოვა, ლუკა გაჭირვებით ისწავლის პერანგის ჩაცმას, ფეხსაცმელებზე თასმების შეკვრას, მაგრამ, თანატოლებისგან განსხვავებით, დავალებას დამოუკიდებლად ვერ მოამზადებს და ვერც ჩანთას ჩაალაგებს თავისი ხელით. დედას ყოველდღე მოუწევს გაკვეთილების გაგება ტელეფონით სხვა ბავშვებისგან, რადგან ლუკას ვერ ენდობა. როცა თანატოლები სკოლაში დამოუკიდებლად ივლიან, ლუკას დედა იძულებული იქნება ბიჭი თავად ატაროს, რათა რისკი თავიდან აიცილოს. გარდატეხის ასაკში ლუკამ შესაძლოა ხშირად გააცდინოს სკოლა. მისი უპასუხისმგებლობა იმდენად თვალში საცემი გახდება, რომ შესაძლოა, დაიბადოს კითხვა, აქვს თუ არა ბიჭს სათანადო ინტელექტუალური მონაცემები. მაშ, სხვას რას დავაბრალოთ, რომ, მიუხედავად მრავალჯერადი ახსნა-განმარტებისა, ლუკას ვერაფერს გააგებინებ?! სინამდვილეში ინტელექტი არაფერ შუაშია. უბრალოდ, ლუკას სათანადოდ არასოდეს უგია პასუხი თავისი გამოხტომების გამო. პირიქით, ბიჭმა კარგად აითვისა, რომ ამ გზით ყველაფერს შეიძლება მიაღწიო. თუ ასეა, რატომ უნდა შეიწუხოს თავი? - მშობლები დაემუქრებიან, მაგრამ მერე დავალებასაც დააწერინებენ, სკოლაშიც წაიყვანენ, საჭირო
დროს დაეხმარებიან კიდეც. ერთი სიტყვით, ყველაფერს მოიფიქრებენ, რადგან უკვე მიჩვეულები არიან!
გაივლის ხანი, ლუკა გაიზრდება, მაგრამ მშობლებზე დამოკიდებულ, თუმცა, ერთი შეხედვით, თავნება ადამიანად დარჩება. როგორი ოჯახი ექნება ასეთ პიროვნებას? შეძლებს კი, სხვის ბედზე პასუხისმგებლობა იკისროს? ასეთმა ადამიანმა რაც უნდა ჩაიდინოს, დამნაშავედ სხვას მიიჩნევს. წარუმატებლობას, რომელიც ასეთ პიროვნებებს ხშირად სდევს თან, დააბრალებს არა საკუთარ სიზარმაცეს, მოუწესრიგებლობას და წინდაუხედავობას, არამედ მტრებს და ფატალურ გარემოებებს. ასეთ ვითარებაში დიდია რისკი, ადამიანი ლოთობის, ნარკომანიის, თაღლითობის ან სულაც ქურდობისკენ გადაიხაროს. როგორც ექიმები ამბობენ, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. რასაკვირველია, ასეთ პიროვნებას შეიძლება ცხოვრებამ ასწავლოს ჭკუა, მაგრამ ეს თავად მას ძალიან ძვირად დაუჯდება. ამრიგად, თავნებობას ინფანტილურობამდე, პირად ცხოვრებაში წარუმატებლობამდე, პროფესიულ არარეალიზებულობამდე, ასოციალურ ქცევამდე მივაყავართ. გარდა ამისა, ხაზი უნდა გავუსვათ იმ ზიანს, რაც თავნებობას მოაქვს ბავშვის განვითარებისთვის. ეს ზიანი ზოგჯერ ფიზიკურია, რადგანაც თავნება ბავშვი ყოველთვის შეიძლება უსიამოვნებაში გაეხვიოს, ტრავმა ან სხეულის დაზიანება მიიღოს. ამასთან ერთად, აშკარაა ინტელექტუალური და ემოციური განვითარების დაზიანებაც. განაგრძეთ კითხვა