ბავშვი მომენტალურად ეჩვევა მას და ვერ აკონტროლებს მისი მოხმარების დროს ელექტრონული მოწყობილობები ჩვენს ცხოვრებას მარტივს ხდის, მუდამ კავშირზე ვართ, შეგვიძლია ფოტოების გადაღება და სოციალურ ქსელებში გაზიარება. თუმცა, როცა საქმე ბავშვებს ეხებათ, გაჯეტების მოხმარების დრო მაქსიმალურად უნდა შევუმციროთ. Kaiser Foundation-ის სპეციალური გამოკვლევით, 9 მიზეზი არსებობს საიმისოდ, რომ ბავშვმა ტექნოლოგიები შეზღუდულად გამოიყენოს.
1. ურთიერთობის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში
2 წლის ბავშვის ტვინი სამჯერ უფრო ინტენსიურად ვითარდება, ვიდრე მოზრდილის. მშობლების ხმა, შეხება, ბავშვური თამაშები პატარებს გარშემო მყოფებთან ნორმალურ ემოციურ დამოკიდებულებას უყალიბებს, მაგრამ ამ ასაკში ბავშვები გაჯეტებით ძალიან არიან გატაცებულნი და მათი ნერვული სისტემა გაცილებით ცუდად ვითარდება. ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრაცია და სწორად ვერ აღიქვამს გარშემო მყოფებს.
2. პლანშეტსა და მობილურზე დამოკიდებულება
"ტექნოლოგიები იტაცებს ადამიანებს. ვირტუალური სამყარო მუდამ გვთავაზობს სიახლეებს და ძალიან ძნელია მათი მოხმარების შეზღუდვა ადამიანებისთვის", - ამბობს ფსიქიატრიის დოქტორი ჰარი სმოლი. ბავშვს თითის ერთი დაჭერით შეუძლია სასურველის მიღება. ამიტომ, იგი მომენტალურად ეჩვევა მას და ზრდასრული ადამიანისგან განსხვავებით, ვერ აკონტროლებს მისი მოხმარების დროს.
3. ზედმეტი ტირილის მიზეზი
თუ ადამიანი მიჩვეულია რაიმე საგანს, გაღიზიანდება, წართმევა რომ დაუპიროთ. ეს ნებისმიერ ასაკში ასე ხდება და ამიტომაც მართავს პატარა ისტერიკას, როცა პლანშეტს ართმევთ. ხოლო მისი დაბრუნებით ნუ ეცდებით ბავშვის დამშვიდებას. ეს დროებითია. თუ პლანშეტის წყალობით ცდილობთ ბავშვის დამშვიდებას, ყურადღების გადატანას, მაშინ ბავშვი შინაგანი თვითრეგულეციის მექანიზმს ვეღარ განივითარებს. უმჯობესია, ბავშვი კეთილი სიტყვით, დაპირებით, სეირნობით ან საინტერესო ისტორიის მოყოლით დაამშვიდოთ.
4. გაუმჯობესდება ძილი
დამტკიცებულია, რომ ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება საღამო დროს უარყოფითად მოქმედებს ძილის რეჟიმზე და მომდევნო დღეზე. ნერვული სისტემა 21 საათიდან 1:00 საათამდე ისვენებს. არადა ზოგიერთი მოზარდი სწორედ ამ დროს ერთობა გაჯეტებით.
5. სწავლის დონის გაუარესება
ბევრმა მშობელმა შეამჩნია, რომ სმარტფონები ბავშვებს სწავლაში უშლიან ხელს. ისინი მათ უფრო გაფანტულებს ხდიან.
გაჯეტების გამოყენების ნაცვლად ბავშვმა ფიზიკურად უნდა იაქტიუროს, განავითაროს სენსორული და ვიზუალურ-მამოძრავებელი ნიშან-თვისებები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში გამოადგებათ. ვიდეო-ონლაინ თამაშები ბავშვებს შემოქმედებითი ნიჭის განვითარებაში უშლიან ხელს. თუ თქვენი ბავშვი მოწყენილია, ნუ ჩაურთავთ პლანშეტს, ერთად მოიფიქრეთ ახალი თამაში, შემოქმედებითი გასართობი, სწორედ ასე უვითარდებათ ბავშვებს შემოქმედებითი აზროვნება.
6. ბავშვს უჭირს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა
ჩვენ ვსწავლობთ ზრდილობას, ვსწავლობთ, როგორ არ ვატკინოთ გარშემო მყოფებს გული. მაგრამ ონლაინ ურთიერთობის დროს ბავშვი ვერ აღიქვამს ადამიანის ხასიათის ცვლილებას, უჭირს ინტონაციის გამოცნობა, ვერ სწავლობს სახის გამომეტყველების, უჭირს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა, ადამიანების სხეულის ენის ამოხსნა.
ონლაინ ურთიერთობები ამცირებს რეალურ შეხვედრებს, ურთიერთობებს. ზრდასრული ადამიანიც ივიწყებს ცოცხალ შეხვედრებს და რა უნდა ვთქვათ პატარებზე?.. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, თანატოლებთან.
7. ფიზიკური აქტიურობის შემცირება
გაჯეტებთან ურთიერთობისას ბავშვი ძირითადად ზის ან წევს. ფიზიკური აქტივობა სრულიად შემცირებული აქვს. გამოკვლევის თანახმად, დამტკიცებულია, რომ ბავშვები, რომლებიც თვალს არ აშორებენ პლანშეტის ეკრანებს, ნაკლებად აქტიურობენ ფიზიკურად, სიმსუქნით იტანჯებიან.
8. იმატებს აგრესიულობა
ვიდეოთამაშები იშვიათადაა სიკეთის განსახიერება. ძირითადად საქმე გვაქვს აგრესიის გამოხატვასთან. ასეთი თამაშების შემდეგ ბავშვი აგრესიული, გაღიზიანებული ხდება.
9. არასასურველი ინფორმაციის მიღება
ინტერნეტი უამრავი ინფორმაციის შემცველია. ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დაუწერა, დაამცირა, შეურაცხყოფა მიაყენა სოციალურ ქსელში, ეს უფროსისთვისაც საზიანოა და ბავშვის სათუთი ხასიათი, გონება განსაკუთრებით მძაფრად განიცდის მომხდარს.
ბუნებრივია, გაჯეტების გარეშე ბავშვის აღზრდა გაგიჭირდებათ. ძნელია ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საგნებს სრულად მოწყვიტოთ, მაგრამ ნურც მიაჯაჭვავთ მათ. ნუ წაახალისებთ, საკუთარი ინიციატივით ნუ შესთავაზებთ დროებით გასაჩუმებლად. დაგვეთანხმებით, საშინლი სანახავია, როცა მოზარდები საათობით, გაუნძრევლად და ხმისამოუღებლად სხედან ტელეფონებით ხელში. ეს მათ ემოციურ განვითარებაზე სასიკეთოდ ნამდვილად არ აისახება. მაქსიმალურად შეუზღუდეთ დრო - თუნდაც დღეში 1 საათზე მეტს ნუ გაატარებს კომპიუტერსა და გაჯეტებთან.