ასე თუ მოიქცევით, საბოლოოდ ნამდვილ ფსიქოპათს მიიღებთ მორიგმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში არ უნდა მოაკლდეს პატარას სიყვარული და ყურადღება, ასევე მისი პატარა პრობლემებისადმი დამოკიდებულებაც უნდა იყოს ჯანსაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოზრდილობისას მას ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ხასიათის პრობლემები გაუჩნდება და განსაკუთრებულად რთულად გექნებათ საქმე თინეიჯერობის პერიოდში.
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ დროთა განმავლობაში თქვენი ბავშვი არ გადაიქცეს აგრესიულ, ან გულგრილ მოზარდად? პასუხი ასეთია: არ უნდა იყოთ გულგრილი მისი ფსიქოლოგიური პრობლემებისადმი, წუხილისადმი, სანამ ჯერ კიდევ პატარაა, არ უნდა დატოვოთ მარტო თავის შიშებთან, განცდებთან, მარტოობასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ მშობლების მას უგებენ, მის გვერდით არიან, უსმენენ და უყვართ.
ეს მოსაზრება კიდევ ერთხელ დაადასტურეს ტულეინის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა, რომელთაც 12 წლის მოზარდებში ფსიქოპათიური გამოვლინებები შეისწავლეს. ფსიქოპათია ისეთი პიროვნული თვისებების ნაკრებია, როგორებიცაა გულგრილობა გარშემო მყოფებისადმი, თანაგრძნობისა და გულწრფელი სინანულის უუნარობა, ეგოცენტრულობა, სიცრუე, უემოციობა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფსიქოპათიური სახის პრობლემები ყველაზე მეტად ბავშვთა სახლში მყოფ მოზარდებს ჰქონდათ - მათ, ვისაც აკლდა მშობლის ყურადღება და მზრუნველობა, თანაგრძნნობა და სიყვარული. მეცნიერებმა ბავშვთა სახლის პატარებთან ერთად გამოიკვლიეს ჩვეულებრივ ოჯახებში მცხოვრები მოზარდები და თავიანთი დასკვნები მათი ხასიათების შესწავლით კიდევ ერთხელ გაამყარეს.
ასე რომ, კიდევ ერთხელ დადასტურდა მრავალგზის თქმული - ბავშვობიდან არ უნდა მოაკლდეს ადამიანს მშობლების ყურადღება, თანაგრძნობა, სიყვარული და მეგობრობა.