გაუთავებელი შეკითხვები ზოგჯერ ჩიხში მიგვამწყვდევს ხოლმე ბავშვები ისეთი ცნობისმოყვარეები არიან, ხშირად ეს ღლის მშობლებს. გაუთავებელი შეკითხვები ზოგჯერ ჩიხში მიგვამწყვდევს ხოლმე. როგორ ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს ისე, რომ არ მოვატყუოთ და არ ჩავუკლათ ინტერესი? ეს რჩევები დაგეხმარებათ იმაში, რომ ისწავლოთ, როგორ ესაუბროთ და როგორ უპასუხოთ მათ შეკითხვებს დამაჯერებლად.
თქვენთვის სულელური შეკითხვა პატარისათვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ძნელად გასაგები. ამიტომ გაგებით მოეკიდეთ მის ჯერ კიდევ უცნობ სამყაროს.
ქვემოთ ჩამოთვლილია მშობლებში გავრცელებული პასუხები და ახსნილია, როგორ იგებენ მას პატარები.
პასუხი - „როცა გაიზრდები - მაშინ გაიგებ! წადი დედას ჰკითხე! ასეა მოწყობილი ცხოვრება, ეს ბუნების კანონია...“ და სხვა მსგავს პასუხებს ბავშვი აღიქვამს შემდეგნაირად: “შენ სულელი ხარ და შენი შეკითხვაც სულელურია. არ მინდა შენთან საუბარი, არ ვაპირებ რაიმეს ახსნას“. ასეთი პასუხებით ძალიან ადვილად ვკარგავთ ავტორიტეტს ბავშვის თვალში, ამასთან, ვუკლავთ ინტერესს სიახლის გაგებისა.
პასუხი - პროვოკაცია. ეს პასუხის კარგი ვარიანტია. „შენ როგორ ფიქრობ?" ასე აიძულებთ ბავშვს იაზროვნოს, თავად მოიძიოს პასუხი კითხვაზე ან სთავაზობთ ერთად იფიქროთ და არ აძლევთ გამზადებულ პასუხს. ამის შემდეგ უნდა ელოდეთ კითხვების ახალ შემოტევას.
ძალიან ჭკვიანური, საკმაოდ გრძელი პასუხები. როდესაც ასე ვპასუხობთ, ბავშვების უმრავლესობა ვერ გვიგებს. გარდა ამისა, ასეთი პასუხები არ აძლევს ბავშვს საშუალებას, იფიქროს და გააკეთოს დასკვნები. თუ ასე გავაგრძელებთ მუდმივად, ბავშვისთვის მოსაწყენი გახდება ცხოვრება.
ზღაპრული პასუხები. მოიფიქრეთ რაიმე ჯადოსნური თქვენი პატარისათვის. მათ უყვართ ზღაპრები. გავა დრო და ის ისევ დაგისვამთ იგივე კითხვას.
პასუხები სხვადასხვა ვარიანტით: „მე ვფიქრობ, რომ..., წიგნებში ასე წერია..., ინტერნეტში წავიკითხე, რომ ..." ეს კარგი მეთოდია არაერთგვაროვან კითხვებზე პასუხის გასაცემად. ამით დემონსტრირებას ვახდენთ იმისას, რომ არსებობს განსხვავებული შეხედულებები. ასევე ვაფართოებთ ბავშვის თვალსაწიერს.
ზუსტი, ლაკონიური პასუხი. ეს კარგი პასუხია, სწორედ ასეთ პასუხს ელიან ბავშვები. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, დაუტოვოთ ბავშვს ფანტაზიის საშუალება.
თუ გინდათ, რომ თქვენი ბავშვი გაიზარდოს მოაზროვნე პიროვნებად, ნუ ეცდებით მის თავიდან მოშორებას, როდესაც შეკითხვების კორიანტელს დააყენებს, როგორი სულელურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, მაინც.