რას გვირჩევს ამ საკითხზე ექიმი კომაროვსკი? რას გვირჩევს ამ საკითხზე ექიმი კომაროვსკი?
მაგალითები ცხოვრებიდან:
ეშინია დაძინების
ჩემი გოგონა 3 წლის და 5 თვისაა. ყოველთვის უპრობლემოდ იძინებდა. ბოლო კვირაა, აღარ უნდა დაძინება, თუმცა ვხედავ, რომ თვალები ეხუჭება ძილისგან. ტირის, ეძებს მიზეზს, რომ ადგეს ლოგინიდან: ხან შია, სწყურია, საპირფარეშოში უნდა. მოკლედ, ყველაფერს აკეთებს, ოღონდ არ დაიძინოს, თან ტირის. მეცოდება, მაგრამ ხომ უნდა დაიძინოს...
ეშინია ხმების
მაღალი ხმების ეშინია (მეზობლებს რემონტი აქვთ). არ უნდა ოთახში მარტო დარჩენა. სიგნალიზაციის ხმის გაგონებაზე ან ქუჩაში ასაფეთქებლის ხმაზე ჩემთან გამორბის და მეკითხება - ეს რა არისო? ვაჩვენებთ, ვუხსნით. მეზობელთანაც შევიყვანეთ და ხელსაწყოები ვაჩვენეთ (რაც ხმაურობდა). ეშინია და მორჩა.
ეშინია მარტო დარჩენის
ჩემი ბიჭი 5 წლისაა, ერთხელ დაიკარგა (მაშინ 4 წლის იყო). რა თქმა უნდა, მალევე ვიპოვეთ. მას შემდეგ ეშინია მარტო დარჩენის, ადრე უპრობლემოდ რჩებოდა.
ცუდად სძინავს
ღამე ცუდად სძინავს, ხშირად იღვიძებს, ძილში ლაპარაკობს. სახლში ყველაფერი წესრიგშია, არანაირი ცვლილება არ გვქონია. რაც დრო გადის, უარესდება მდგომარეობა...
პრობლემის გადაჭრა
როგორ ჩნდება შიში?
3 წლის ასაკში ხშირად უჩნდებათ სიბნელის შიში. მართალია, დედამ უკვე უამბო ძილის წინ 33 ზღაპარი, მაგრამ პატარას მაინც არ უნდა დედის გაშვება. ტირის, სთხოვს, რომ კარი ღია დატოვოს, ეუბნება, რომ არ გავიდეს ოთახიდან, რადგან „კუთხეში მგელი ზის“. ზოგჯერ ასეთი შიში ბავშვს იპყრობს არა ძილის წინ, არამედ შუაღამეს: ბავშვი იღვიძებს ტირილით და ითხოვს მშობლების ლოგინში გადასვლას. ასეთი სერიების შემდეგ ბავშვს ეშინია ჩაძინების, რადგან იცის, რომ ღამით კოშმარისგან გაეღვიძება. თუ გამოვკითხავთ, რა ნახა სიზმარში, ორ ფრაზაში მოგვიყვება, რომ „მოვიდა მგელი და ცდილობდა ეკბინა ფეხზე“. სამი წლის ბავშვის წარმოსახვაში ხშირად გვხვდება მგლის ხატება, რომელიც არის სიმბოლო აგრესიის, საშიშროების და ბავშვის დაუცველობის.
წარმოსახვითი იარაღი წარმოსახვითი მოწინააღმდეგისათვის
მახსოვს ერთი შემთხვევა, რომელიც მოხდა მაშინ, როდესაც 5 წლის ვიყავი. მივირბინე ჩემს ძმასთან და მოვუყევი ჩემს შიშზე. ბნელ ოთახში მომეჩვენა, რომ კედლიდან შეიძლებოდა დიდი ხოჭო გამომძვრალიყო. ძმამ დამამშვიდა და მითხრა: მეც მეჩვენებოდა მასეთი რაღაცები, როდესაც შენხელა ვიყავი, შემდეგ წარმოვიდგინე, როგორ ვიღებ დიდ ჯოხს და ხოჭოს ოთახიდან ვაგდებ. როდესაც წარმოვიდგინე, როგორ ვაგდებთ ოთახიდან მე და ჩემი ძმა ხოჭოს, ეს სასაცილოდ მომეჩვენა და შიში თითქოს სადღაც გაქრა. ასე დავამარცხე წარმოსახვითი ხოჭო წარმოსახვითი ჯოხით. ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი შიში შეიძლება მსგავსი ხერხით დაამარცხოთ.
ძილთან ბრძოლა
ეს ყველაფერი გაივლის! ნუ ღელავთ! ამას ძილთან ბრძოლა ჰქვია! როდესაც ძილის დრო მოვა, ეცადეთ დაწვეთ ყველა, გამორთეთ შუქი! “ჩვენ დავიღალეთ, მამაც მოვიდა სამსახურიდან და ეძინება! შენ თუ გინდა ნუ დაიძინებ!“
რამდენიმე რჩევა:
• სანამ ბავშვი დაიძინებს, მოუყევით კეთილი ზღაპარი ბედნიერი დასასრულით.
• დართეთ ნება, საწოლში დაიწვინოს საყვარელი სათამაშო.
• წაუკითხეთ ან მოუყევით ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაუმკლავდეს ღამის კოშმარებს.
• მოარიდეთ საშიშ მულტფილმებსა და ფილმებს.
• ბავშვის საძინებლის კარი დატოვეთ ღია.
• დაეხმარეთ პატარას, მოგიყვეთ თავისი საშიში სიზმარი.
• არ შეაშინოთ იმით, რომ თუ კარგად არ მოიქცევა, მას მგელი, ვეფხვი ან კიდევ რაიმე ცხოველი წაიყვანს.
როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს:
• როდესაც ღამის კოშმარი ხშირდება.
• თუ შიში გავლენას ახდენს დღის აქტივობაზე.
დახატეთ შიში
ზოგჯერ შიშს შეიძლება გაუმკლავდეთ შემდეგნაირად: სთხოვეთ ბავშვს დახატოს თავისი შიში. შიშის წარმოდგენა, მისი ფურცელზე გადატანა ბავშვს უადვილებს მასთან გამკლავებას. შეგიძლიათ დასაჯოთ შიში და მაგალითად, ჩაკეტოთ კარადაში, ან დახიოთ ის ფურცელი, რომელზეც ბავშვმა გამოსახა თავისი შიში, ან დაჯღაბნოს თვითონვე და ა. შ.