მშობლის 6 შეცდომა, რაც ბავშვს ინტერესს უკარგავს
მშობლის 6 შეცდომა, რაც ბავშვს ინტერესს უკარგავს
თამაში ბავშვს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში უნდა ეხმარებოდეს. იგივე დანიშნულება აქვს სათამაშოსაც, თუმცა  მასწავლებლები ხშირად ჩივიან, რომ თანამედროვე ბავშვებს შემოქმედებითი აზროვნება ნაკლებად აქვთ განვითარებული და არც მდიდარი ფანტაზიით გამოირჩევიან. გარდა ამისა, ზოგჯერ არც პასიურები და უინტერესოები არიან თამაშის მიმართ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შეიძლება მშობლის ბრალიცაა, რომ ბავშვს თამაშის მიმართ ინტერესი ეკარგება. განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა, როდის არის მშობელი თამაშის "ჩამშლელი":

1. მშობელი სათამაშოებს ბავშვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის ყიდულობს
იმის მაგივრად,
რომ ბავშვს უყიდოთ ის სათამაშო, რომელიც მას მოსწონს, ყიდულობთ იმას, რაც თქვენ მოგეწონათ. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ბავშვობაში მშობელს ისეთი სათამაშოები არ ჰქონია, როგორებიც ახლა იყიდება და ყიდულობს ყველაფერს, რაც მოეწონება.
რჩევა: სასურველია, სათამაშოები ბევრი კი არა, სწორად შერჩეული იყოს, ბავშვის ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით. ბავშვისთვის შეიძინეთ მარტივი სათამაშოები, რათა მეტად გამოავლინოს ფანტაზია და წარმოსახვა. მაგალითისთვის, უმჯობესია მანქანა იყოს უბრალო, ვიდრე პულტიანი მართვით. უბრალო თოჯინა, ვიდრე მოლაპარაკე. თუ ბავშვს ბევრი სათამაშო დაუგროვდა, ისინი გაყავით სამ ნაწილად. ორი მისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ. დააკვირდით ბავშვის რეაქციას, როგორც კი რომელიმე სათამაშო მობეზრდება, შეუცვალეთ გადამალულით.

2. ბავშვებს თავისუფლებასა და ინიციატივას ვუზღუდავთ
ზოგჯერ მშობლები აქტიურად და ინიციატივით უგეგმავენ
ბავშვს უქმეებს. ბავშვის უდარდელობა, არაფრის კეთება და ცოტათი მოწყენილობა უფროსს დამღუპველ მოვლენად მიაჩნია. მათ მიაჩნიათ, რომ პატარა აუცილებლად უნდა გაართონ, რაღაცით დააკაონ. შედეგად, ბავშვი "იკარგება" მაშინ, როცა არავინ ცდილობს მისთვის მიმართულების ჩვენებას, გართობას.
რჩევა: უფროსმა ბავშვს მაქსიმალური თავისუფლება უნდა მიანიჭოს. პატარამ თავად უნდა ითამაშოს და გამოიკვლიოს გარემო. თავისუფალი დრო კი პარკში სეირნობას დაუთმეთ. დააკვირდით ღრუბლებს, ჩიტებს და ა.შ. ძილის წინ აუცილებლად გაესაუბრეთ, მოისმინეთ მის მიერ გამოგონილი ისტორიები. ასწავლეთ, რომ შეუძლია ფიქრი, ფანტაზიორობა.

3. ბავშვებს ტელეძიძას ნუ ანდობთ
1,5 წლიდან ბავშვები უკვე მულტფილმებს უყურებენ. 3 წლიდან კომპიუტერულ თამაშებს თამაშობენ. შედეგად - უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია, ლოგიკა, გარშემო მყოფებთან ურთიერთობა, წარმოსახვა. ასეთ ბავშვებს აკლიათ ფანტაზია და შემოქმედებითი აქტივობა. ბავშვი, რომელიც დიდხანს ზის ტელევიზორთან, შემოქმედებითად პასიური ხდება, მას არ შეუძლია საკუთარი თავის გართობა, თამაშის მოფიქრება.
რჩევა: შეამცირეთ ბავშვის ტელევიზორთან ურთიერთობა, აკონტროლეთ ჟანრები. არ დაუდგათ ტელევიზორი საბავშვო ოთახში. 2 წლამდე ბავშვებისთვის ტელევიზორის ყურება სრულიად დაუშვებელია. 2-5 წლიდან პატარამ ტელევიზორის წინ დღეში 15-40 წუთამდე უნდა გაატაროს; 5 წლის ზევით არა უმეტეს 1 საათისა.

4. უპირატესობას სწავლას ანიჭებთ და არა თამაშს
ბავშვის ადრეული ინტელექტუალური განვითარება მისი გონების გადაღლას იწვევს. ადროვეთ ბავშვს თამაში, გართობა, სწავლასა და ინტელექტის განვითარებას მერეც მოასწრებს. თუ ჩვენს აზრს არ იზიარებთ, გახსოვდეთ, რომ ბავშვი თამაშით უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე ძალდატენებული მეცადინეობით.
რჩევა: ბავშვს აღმოსაჩენად დაუტოვეთ უსაფრთხო სივრცე (ოთახი, ეზო, პარკი, ტყე), აუცილებელი ნივთები, სათამაშოები და თამაშები, დრო საკუთარი თავისა და თვითგამოხატვისთვის. ნუ ეცდებით მის განვითარებას იმაზე ადრე, ვიდრე ბავშვი გაიზრდება.

5. გადავეჩვიეთ მაგალითებისა და იდეების მიწოდებას
ნებისმიერი საქმის დაწყებამდე საჭიროა სიუჟეტის მოფიქრება. თქვენი მიზანია, ბავშვებს მაგალითი მისცეთ. მოიფიქრეთ იდეა, სიუჟეტი, გადაანაწილეთ როლები, ახალი სიცოცხლე ჩაბერეთ ძველ სათამაშებს. იციან ბავშვებმა ის თამაშები, რომლებითაც ბავშვობაში ერთობოდით. კალსობანა, დამალობანა, რეზინობანა?.. საიდან ეცოდინებათ, თუ არავინ ასწავლის.
რჩევა: არა არის აუცილებელი საათობით ეთამაშოთ მანქანებით, ხატოთ მის მაგივრად, თავი მოაბეზროთ საკუთარი იდეებით. დროდადრო მასაც ჰკითხეთ თამაშთან დაკავშირებით აზრი და იდეები. მერე კი ადროვეთ, თქვენ მიერ მიწოდებულ იდეებს თავისებური ინტერპრეტაცია მიანიჭოს.

6. შვილთან თამაშს ვალდებულებად ნუ აქცევთ
ბევრი მშობელი ვერ დაიკვეხნის, რომ უყვარს ბავშვებთან თამაში. ზოგჯერ დედ-მამა ბავშვებთან თამაშს ვალდებულებად აღიქვამს და სწორედ ამ მომენტიდან თამაში უღიმღამო ხდება. ბავშვი გრძნობს მშობელში ენთუზიაზმის არარსებობას და თამაშისადმი ინტერესს კარგავს.
რჩევა: თუ თამაში არ გიყვართ, არ ითამაშოთ. უბრალოდ იყავით შვილის გვერდით, მაგრამ არც თავისუფლება შეუზღუდოთ. დროდადრო დახედეთ, დარწმუნდით, რომ უსაფრთხოდაა. თამაშის გარდა შეგიძლიათ ბავშვი შემოქმედებასაც აზიაროთ. იქნებ ხატვა გიზიდავთ, შეაყვარეთ ის ბავშვსაც, ან ძერწვა ასწავლეთ. ძილის წინ ან თავისუფალ დროს წაუკითხეთ წიგნები, თუნდაც 10 წუთით და ჰკითხეთ აზრი, როგორ წარმოუდგენია მოქმედების განვითარება, დაახასიათებინეთ გმირები, მოაფიქრებინეთ ახალი ზღაპარი, თამაშის სიუჟეტი.
19408
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
maia
0
დიდი მადლობა, როცა გგონია მშობელს ზველაფერს თუ არა უმეტესობას სწორად ვაკეთებო, მერე კითხულობ ასეთ სტატიას და ხვდები რომ რაღაცეები შესაცვლეი და დასახვეწია. გმადლობთ, გამოფხიზლებისთვის, გავითვალისწინებ სტატიიდან რამდენიმე ჩემთვის საჭირო რჩევას აუცილებლად.
22:37 / 09-05-2016
qeti
0
ძალიან საინტერესო და აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევებია!
00:24 / 20-01-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?