"რ" ბგერა ყველაზე რთული წარმოსათქმელია ანბანში და ბავშვს ხშირად სჭირდება დახმარება
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, "რ" ბგერა ყველაზე რთული წარმოსათქმელია ანბანში. მისი კარგად გამოთქმა შეუძლიათ 5-6 წლის ბავშვებს. თუმცა 3-4 წლის ასაკში მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვს და საჭირო შემთხვევაში ჩაუტარონ არტიკულაციური ვარჯიშები. თუ საკუთარი ძალებით ვერ მოხერხდა ბგერის კორექცია, საჭიროა ლოგოპედის კონსულტაცია. ლოგოპედთან კონსულტაციის მიზანი, ადრეულ სტადიაზე მძიმე გადახრების გამოვლინებაა.
"რ" ბგერა მოითხოვს ენის გარკვეული უბნების ზუსტ მოძრაობას. დარღვევები სხვადასხვანაირია:
ბგერა "რ" შეიძლება საერთოდ არ მონაწილეობდეს ბავშვის საუბარში.
ბგერა "რ" შეიძლება ბავშვებმა დამახინჯებულად წარმოთქვან.
ხშირად ბავშვები წარმოთქვამენ ყელისმიერ ან ცხვირისმიერ "რ"-ბგერას, რომლის წარმოთქმის დროსაც გამონათქვამი ჟღერს "რლ" (რბილი ლ) - კომბინაციით.
როგორ ვასწავლოთ ბავშვს "რ" ბგერის წარმოთქმა?
1. ბავშვმა ცერა თითი უნდა ჩაიდოს ენის ქვეშ და ენა ამოძრაოს მარჯვნივ და მარცხნივ.
2. კბილების ძირებთან მიიტანოს ენის წვერი. ყველა კბილის ძირს მიადოს ენის წვერი მორიგეობით.
3. უთხარით, ენით გამოსცეს ცხენის ჭენების ხმა.
4. კბილებს შუა გამოყოს ენა და სწრაფად ამოძრაოს მარჯვნივ და მარცხნივ. რაც უფრო სწრაფად ამოძრავებს, მით უკეთესი.
5. შეარჩიეთ ენის გასატეხები "რ" ბგერაზე.
6. ბავშვთან ერთად წარმოთქვით სხვადასხვა ცხოველის ხმები: მაგალითად, როგორ ღრიალებს ვეფხვი? როგორ ღრუტუნებს ღორი და ა.შ.
7. ეთამაშეთ ბავშვს ომობანა. სთხოვეთ ავტომატის სროლის იმიტირება გააკეთოს ხმამაღლა: დრრრ, ან ტრრ! გამოიყენეთ მანქანის მოტორის ხმა: ბრ, ან დრრრ. თან ეთამაშეთ მანქანით.
8. გამოიყენეთ არტიკულარული ტანვარჯიშის წესები.
ამ ყველაფერს მიეცით თამაშის სახე:
ბავშვი დააყენეთ სარკის წინ - ასე ადვილად შეასრულებს დავალებას. თავიდან ვარჯიშები ნელ ტემპში აკეთეთ, შემდეგ მოუმატეთ ტემპს. არ გაუბრაზდეთ ბავშვს, თუ მას არ გამოსდის რომელიმე მოძრაობა. ყოველი დავალებისთვის მოიგონეთ პატარა ისტორია, დაიხმარეთ სათამაშოები. როდესაც ბავშვი ისწავლის ამ რთული "რ" ბგერის წარმოთქმას, ეცადეთ ხშირად ათქმევინოთ სიტყვები ამ ბგერის მონაწილეობით. მხოლოდ ამ შემთხვევაში განამტკიცებს მიღებულ ცოდნას.