რატომ უნდა გააკონტროლოთ მკაცრად, რას უყურებს თქვენი შვილი 21-ე საუკუნეში მულტიპლიკაციური ფილმები ბავშვთა ცხოვრების ნაწილადაა ქცეული. ხშირად მულტფილმი შეიცავს აგრესიას, რაც შემდეგ ბავშვებს საკუთარ თავზე გადმოაქვთ. ამ პრობლემის მოგვარება კი ძალიან მარტივია - იმისათვის, რომ ბავშვის მხრიდან არასასურველ პერსონაჟთან გაიგივება ავიცილოთ თავიდან, საჭიროა მშობლებმა სწორად შეურჩიონ მათ მულტიპლიკაციური ფილმები. ამ თემაზე რჩევებს ფსიქოლოგი ანი სალდაძე მოგვცემს.
- რა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის მულტფილმების სწორად შერჩევას?
- ბავშვების მიერ მულტიპლიკაციური ფილმების ყურებას შეგვიძლია ვუწოდოთ მოდელირება და დაკვირვებით სწავლა. ანუ ის პერსონაჟები, რომლებსაც უყურებენ და მთავარი გმირები, რომლებთანაც თავს აიგივებენ, არიან ის ფიგურები, რომელთა წყალობითაც ისინი დაისწავლიან ამა თუ იმ ქცევას, მათთვისვე გაუცნობიერებლად, არ აქვს მნიშვნელობა, დასწავლილი თვისება ნეგატიური იქნება თუ პოზიტიური. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პატარა ბავშვი დატოვებულია მულტფილმთან მარტო და გაუკონტროლირებადია, რა მულტფილმებს უყურებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყოველივე შესაძლებელია იქცეს ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად შემდგომში მის მიერ გამოხატული მოულოდნელი აგრესიისა.
- რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთ დროს?
- მნიშვნელოვანია სწორად შევურჩიოთ მულტფილმები და ყურების დროს ჩვენ ავუხსნათ, რა არის კარგი, რომელი პერსონაჟი იქცევა ცუდად, რომელი აკეთებს სიკეთეს და ა.შ. ვინაიდან პატარა ბავშვი ვერ ახერხებს, აკონტროლოს რას უყურებს და მორიგი მულტფილმის დამთავრების შემდეგ სხვა მულტფილმზე გადადის. ეს შეუძლია აკონტროლოს მშობელმა, მარტივი ხერხით, თუნდაც იმით, რომ აარჩიოს სასურველი მულტფილმი და გადმოწეროს დისკზე, კომპიუტერში ან სხვა ნებისმიერ ადგილას. მთავარია, მულტფილმები იყოს სწორად არჩეული, სადაც უფრო მეტი სიკეთეა და ბოროტების მარცხიც უფრო ნათლად ჩანს, შესაბამისად ბავშვიც უფრო დიდი ალბათობით დადებით პერსონაჟს აირჩევს და ეცდება მიბაძოს მას.
მინდა აღვნიშნო, რომ მულტფილმი იგივეა, რაც მეტაფორა, იგი არაა უბრალოდ კადრი, რომელმაც ჩვენს გონებაში გაიარა, ის კადრია, რომელიც ჩვენს გონებაში დარჩა და ნებისმიერ მსგავს სიტუაციაში ისევე გაცოცხლდება, როგორც პირველად ყურების დროს, ასევე გაცოცხლდება ამ კადრიდან გამოწვეული გრძნობები, ფიქრები, განცდები და სხვა. შესაბამისად, თუ სიკეთე და სიყვარული ბევრია კადრში, ბავშვსაც უფრო მეტი თბილი კადრი ექნება გასახსენებლად და შესაბამისადაც მოიქცევა... მულტფილმის კადრები საუკეთესო აღმზრდელია, მარტივად აღქმადი, მულტფილმის გმირები ბავშვებისთვის საყვარელ, მისაბაძ ეტალონად იქცევიან ხოლმე, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რა კადრებს მივაწვდით მათ, რომ სურვილი გაუჩნდეთ მათი მიბაძვისა...
უნდა შეურჩუით კარგი მულტფილმები. ეს არაა მხოლოდ მულტფილმი, ასეთი ანიმაციები, სადაც ბევრია სიკეთე, ადამიანური ურთიერთობები, მართალია, ძალიან ბევრი არა, მაგრამ მაინც არსებობს და ბავშვს ყოველი, თუნდაც თავიდან ყურების შემდეგ კიდევ სხვა თვალით დაანახებს სამყაროს, კიდევ სხვაგვარად დააფიქრებს.
ერთი რჩევა მინდა გითხრათ: ძალიან კარგი იქნება, თუ ბავშვთან ერთად, თქვენც უყურებთ მულტფილმს, ალბათ გაგეღიმებათ ამ სიტყვებზე, მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან მნიშვნელოვანია გაიზიაროთ ბავშვის გრძნობები, განცდები და განწყობა სხვადასხვა პერსონაჟის მიმართ. ჰკითხოთ ,რომელი გმირი მოეწონა და რატომ? ამ ხერხით თქვენ შეძლებთ კიდევ უფრო დაუახლოვდეთ თქვენს შვილს, კიდევ ერთი საერთო თემა გამონახოთ მასთან, და რაც ყველაზე მთავარია, ამ მარტივი ხერხით თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ ბავშვის მიერ გმირების არასწორად აღქმა... ზოგჯერ პატარებთან ერთად ბავშვობაში დაბრუნება, თუნდაც მათთან ერთად მულტფილმის ყურების სახით, იმაზე დიდ სითბოს და დადებით ემოციას ტოვებს მათში, ვიდრე ნებისმიერი სხვა საქმე მათთვის განხორციელებული.
სალომე გორგოშიძე