რა ასაკამდე უნდა ეძინოს ბავშვს მშობლებთან ერთად? რა ფსიქოლოგიური ფაქტორები იწვევს დაგვიანებულ მეტყველებას? რა ვქნათ, როცა ბავშვს აქვს აგრესიული ქცევები და სიჯიუტე? როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს სასჯელს? რა ასაკამდე უნდა ეძინოს ბავშვს მშობლებთან ერთად? რა ფსიქოლოგიური ფაქტორები იწვევს დაგვიანებულ მეტყველებას? როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვს სინდისის გრძნობა? როგორ მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვს აქვს აგრესიული ქცევები? ამ და სხვა საინტერესო თემაზე ბავშვთა ფსიქოლოგი, მანანა ნარგიზიშვილი-მიქაძე გვესაუბრება.
- რა ასაკამდე უნდა ეძინოს ბავშვს მშობლებთან ერთად?
- მნიშვნელოვანია კულტურის ზეგავლენა ჩვილის ძილზე. კერძოდ, კულტურული ფასეულობები: კოლექტივიზმი და ინდივიდუალიზმი. კოლექტივისტური მენტალობის მქონე ქვეყნებში, მკვლევარების აზრით, მშობლებისა და ჩვილების ერთად ძილი ხელს უწყობს მათ შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ხოლო ინდივიდუალისტური კულტურის ქვეყნებში კი პირიქით, მშობლები ცდილობენ ჩვილი მიაჩვიონ ცალკე ძილს, რაც შემდგომში მეტ დამოუკიდებლობას სძენს ბავშვს. კვლევები გვიჩვენებს, რომ დედა-შვილის ერთად ძილი ბავშვის ჯანმრთელობის და სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი საშუალებაა. თუმცა, ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ მშობლეთან ძილი ბავშვებში ემოციურ პრობლემებს ქმნის. კერძოდ, ისინი მეტად დამოკიდებულნი ხდებიან მშობლებზე. გასათვალისწინებელია ორივე მოსაზრება, თუმცა კონკრეტული ასაკი არ არის მითითებული. ალბათ უმჯობესია ამ საკითხის მოგვარება 3 წლამდე - რა თქმა უნდა, ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
- რა ფსიქოლოგიური ფაქტორები იწვევს დაგვიანებულ მეტყველებას?
- შეფერხებული და დაგვიანებული მეტყველების მორფოლოგიურ-ფიზიოლოგიური მიზეზები:
1. ბგერათა წარმოქმნა (არტიკულაცია). მეტყველება მოითხოვს კარგად განვითარებულ პირის მოტორიკას, კარგ თვითაღქმას. მოტორული განვითარების ყოველმა შეფერხება-შეზღუდვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ენობრივ განვითარებაზე.
2. სმენის დარღვევები;
3. ფონემატური დიფერენციაციის სიძნელე, მსგავსი ჟღერადობის სიტყვების ერთმანეთისაგან გარჩევის უუნარობა.
ფსიქოლოგიური ფაქტორები: 1. ნეგატიური ემოციური რეაქციები გარშემო მყოფთა მხრიდან. კერძოდ (უფროსების, თანატოლების) დაცინვა, გამოჯავრება, დასჯა; 2. ბავშვის აქტიურობის, ინიციატივის დაბლოკვა, როდესაც ბავშვი აქტიურად ითხოვს კომუნიკაციას; 3. უფროსებთან, თანატოლებთან ურთიერთობის დეფიციტი; 4. ენობრივი სტიმულის ნაკლებობა; 5. შესუსტებული ყურადღება; 6. არახელსაყრელი სოციალური გარემო; 7. გარე სამყაროს მიმართ ნაკლები გამოცდილება ზედმეტი მეურვეობის გამო; 8. ფიზიკური შეზღუდვა ან ინტელექტუალური დარღვევა.
- განებივრებული ბავშვი - როგორ დავიცვათ ზღვარი განებივრებასა და წახალისებას შორის?
- განებივრებული ბავშვი ყალიბდება ოჯახში აღზრდის ასეთი სტილის გამოყენების დროს, როდესაც ბავშვი მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მისი ყველა სურვილი, მოთხოვნა უპირობოდ სრულდება და გარშემო მყოფნი მუდმივად არიან ბავშვით აღფრთოვანებული. შედეგად, ბავშვს არ შეუძლია ობიექტურად შეაფასოს თავისი შესაძლებლობები და დაძლიოს ეგოცენტრიზმი. რაც შეეხება დასაჩუქრებას, იგი უნდა იყოს სტიმული ბავშვის პოზიტიური ქცევის, აზრის გასამყარებლად.
ასევე იხილეთ: რატომ არჩევენ მშობლები შვილებს და რა პრობლემები შეექმნებათ მომავალში ასეთ ბავშვებს?
- როგორ ვებრძოლოთ სიჯიუტეს და შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ მშობლები ჯიუტ ბავშვებთან მიმართებაში?
- ბავშვის სიჯიუტის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მათ შორის: ა) ასაკობრივი კრიზისი, რომელსაც თან სდევს კაპრიზები და ნეგატივიზმი; ბ) ახალი აკრძალვები ნორმებისა და წესების შესრულებაზე; გ) არათანმიმდევრულობა და აღზრდის არასისტემური ხასიათი; დ) აღზრდაში საერთო ტაქტიკის არარსებობა; ე) ბავშვისთვის მთავარ მოთხოვნილებათა დაუკმაყოფილებლობა, სიყვარული, ალერსი, ემოციური კონტაქტი.
რეკომენდაციები: 1. ბავშვს უნდა აუხსნათ მისთვის გასაგებ ენაზე, თუ რატომ უკრძალავთან მოითხოვთ მისგან რამეს. ნუ გამოიყენებთ ფრაზას: "იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი". 2. ხშირად არ გამოიყენოთ სიტყვა " არ შეიძლება", რადგან იგი ბავშვისთვის ხდება "ცარიელი" სიტყვა. 3. ბავშვთან მოილაპარაკეთ და გამონახეთ კომპრომისი; 4. იყავით თანმიმდევრული მოთხოვნებში (მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რამდენად შეესაბამება ეს მოთხოვნები მის ასაკს). თუ უკრძალავთ, ნუ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას. უმჯობესია ეწყინოს, ვიდრე თავისას მიაღწიოს კაპრიზებითა და ისტერიკებით. 5. ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი ემოციები, ბავშვს ესაუბრეთ მშვიდი ტონით და აუხსენით, რითი ხართ უკმაყოფილო, გამოიყენეთ "მე" შეტყობინება. 6. იყავით გულისხმიერი ბავშვის ფიზიკური და ემოციური რესურსების მიმართ.
- როგორ უნდა ჩამოვუყალიბოთ ბავშვს სინდისის გრძნობა?
- ბავშვებში სინდისის გრძნობის ჩამოსაყალიბებლად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს:
1. ინდუქციური დისციპლინა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მოზრდილი ადამიანი ბავშვს სხვისი გრძნობების შემჩნევაში ეხმარება. მაგ: "გოგონა იმიტომ ტირის, რომ თოჯინას არ უბრუნებ", ასევე უფროს სკოლამდელ ასაკში მშობლებს შეუძლიათ აუხსნან საქციელის შეუფერებლობა სხვა ადამიანის განზრახვიდან გამომდინარე, მაგ: "ნუ ყვირი, მას სწყინს, ის ხომ შენს დახმარებას ცდილობდა". შემდგომ კოგნიტურ წინსვლასთან ერთად შეიძლება უფრო დახვეწილი ფსიქოლოგიური განმარტება მივცეთ: "ის თავისი აშენებული კოშკით ამაყობდა, შენ კი მას გული ატკინე, რომ დაუნგრიე".
2. შეუქმენით ბავშვს ოჯახში თბილი ატმოსფერო, რეგულარულად გამოხატეთ სითბო, ყურადღება. როგორც წესი, ასეთ ოჯახში ბავშვები არ იჩენენ ასოციალურ ქცევას.
3. განავითარეთ ბავშვში მზრუნველობითი ქცევები.
4. რეგულარულად აღნიშნეთ ბავშვის ალტრუისტული ქცევა (ზნეობრიობა, უანგარობა). ასეთი სტრატეგია შედეგს გამოიღებს 7-8 წლის ასაკისთვის, როდესაც ბავშვებს უყალიბდებათ თვითშეფასების გლობალური მაჩვენებლები, ეს კი ზეგავლენას ახდენს "მე"-ს კონცეფციაზე.
5. შეასწავლეთ ბავშვს სასარგებლო საქმეების კეთება, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში მაგრამ არ უნდა მოხდეს ძალდატანება, რათა ბავშვმა ეს შრომა არ ჩათვალოს იძულებით ქცევად.
6. აჩვენეთ ალტრუისტული ქცევები საკუთარი მაგალითით!
- როგორ მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვს აქვს აგრესიული ქცევები?
- პირველ რიგში უნდა გაირკვეს, რითი არის მოტივირებული ბავშვის აგრესიული ქცევა. აგრესიის მიზეზი შეიძლება იყოს თვითიდენტიფიკაცია, როდესაც ბავშვის სურვილები და მოთხოვნილებები კონფლიქტშია მშობლების ნებასა და თვალსაზრისთან. ასეთ სიტუაციაში ბავშვს მიეცით საშუალება ბოლომდე "ამოიფრქვეს", შემდეგ კი მიმართეთ მშვიდად, კეთილგანწყობით, მაგრამ კატეგორიულად. დაუშვებელია ბავშვის "გამოჯავრება", დაცინვა ან საპასუხო აგრესია. ასევე აგრესიის მიზეზი შეიძლება იყოს მშობლების მხრიდან სიყვარულის და ყურადღების დეფიციტი, მომატებული შფოთვიანობა, ბავშვები ხშირად იყენებენ აგრესიას მშობლების ყურადღების მისაქცევად, ასევე მოზღვავებული ენერგიის და ფიზიკური აქტივობის დეფიციტის შემთხვევაში. მშობლებს მართებთ, მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ ბავშვებს, ესაუბრონ, მაგრამ არა მორალისა და ნოტაციების სახით, ითამაშონ, ხატონ და ძერწონ ბავშვებთან ერთად. ასეთი ურთიერთობის შედეგად ბავშვს უჩნდება კითხვები, აზრები, რომელიც მშობელს საშუალებას მისცემს, მეტი საერთო ინტერესი ჰქონდეს ბავშვთან.
- როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს სასჯელს?
- სასჯელი ხშირი გამოყენებისას მხოლოდ მყისიერ შესრულებას უზრუნველყოფს და არა ბავშვის საქციელის ხანგრძლივ ცვლილებას. ბავშვები, რომლებსაც ხშირად კიცხავენ, უყვირიან ან სცემენ, სავარაუდოდ მაშინვე გამოავლენენ მიუღებელ ქცევას, როგორც კი უფროსის თვალს მოეფარებიან. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ რაც უფრო მეტად მკაცრ მუქარას, უხეშ ქცევას (ბავშვისთვის ხელიდან ნივთის გამოგლეჯა, უხეში მოპყრობა) და ფიზიკურ სასჯელს განიცდის ბავშვი, მით უფრო სავარაუდოა, რომ განუვითარდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული, ხანგრძლივი პრობლემები. მკაცრი სასჯელის ალტერნატივად მშობელმა შეიძლება გამოიყენოს:
1. ე.წ. ტაიმ-აუტი, რომელიც გულისხმობს ბავშვის იმჟამინდელი ადგილსამყოფელიდან გაყვანას (მაგ: თავის ოთახში რამდენიმე წუთით), ვიდრე სათანადოდ მოქცევისთვის არ იქნება მზად.
2. პრივილეგიების გაუქმება, რომელმაც შეიძლება ბავშვის წყენა გამოიწვიოს, მაგრამ სამაგიეროდ მშობლებს საშუალებას მისცემს თავი აარიდონ მკაცრ ზომებს.
სალომე გორგოშიძე