დეპრესია სულ პატარა ბავშვსაც შეიძლება დაემართოს დეპრესია - მოდური სიტყვა კი არაა, ფსიქოლოგიური ტერმინია. ეს არის სულის საშიში მდგომარეობაა, რომელიც ბავშვებსაც ახასიათებთ. როგორ უნდა აღმოაჩინოთ საგანგაშო სიგნალი და დაეხმაროთ თქვენს შვილს?
მიჩნეულია, რომ დეპრესია მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს ემართებათ. თუმცა, იგი შეიძლება ბავშვებსაც დაემართოთ, ყველაზე პატარებსაც კი. ხოლო თინეიჯერულ ასაკზე აღარაფერს ვამბობთ!
ძილიანობა
ერთი შეხედვით საგანგაშო არაფერია, თუ ბავშვს ეძინება. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ დეპრესიის დროს ორგანიზმი გადარჩენას ცდილობს და ძილიანობაც ამიტომ იმატებს. თუ თქვენ პატარას გაღვიძებულსაც კი ისეთი მდგომარეობა აქვს, თითქოს ზეზეულად სძინავს. ან თუ გასეირნების, თამაშის ნაცვლად დაძინებას ამჯობინებს, უნდა დაფიქრდეთ.
აპათია
არ აქვს განწყობა, სურვილი, ყველაფერი სულერთია. თუ ადრე ბავშვი ყველაფერზე გეკამათებოდათ და ახლა კი ყველაფერზე გთანხმდებათ, არ გეწინააღმდეგებათ, უნდა დაფიქრდეთ. მნიშვნელოვანი მომენტია, თუ განმარტოებას ცდილობსდა არ სურს, ვინმე შეეხოს.
აგრესია, საკუთარი თავის დაზიანება
დაპრესიის დაგვიანებული ფორმაა და სპეციალისტის დახმარებას საჭიროებთ. თუ მოზარდი გუშინ იყო მშვიდი, გაწონასწორებული და დღეს კი შინაურ ცხოველებს ერჩის, მშობლებს შეურაცხყოფას აყენებს, უცენზუროდ მეტყველებს, თავის მოკვლით გემუქრებათ ან ცდილობს თვითმკვლელობას, სასწრაფოდ მიმართეთ ფსიქოლოგს. აგრესია და სუიციდი - შველის თხოვნის თავისებური ფორმაა.
სწავლაზე გულის აცრუება
გახსოვდეთ, რომ ასეთ დროს დასჯა, სიზარმაცეში დადანაშაულება ან მოლაპარაკება არ გაჭრის. ბავშვს არ სურს თქვენი წყენინება ცუდი ნიშნებით, უბრალოდ, დეპრესია აქცევს ოროსნად.
სიგარეტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი
საკმაოდ საშიში სიმპტომებია. ბავშვი ცდილობს დიდად წარმოიდგინოს თავი. ამას თან ერთვის ასაკობრივი ჰორმონალური ცვლილებები და სტრესული მდგომარეობა. სხვათა შორის, დეპრესიაში ყოფნისას ბავშვი არ ცდილობს დამალვას, რომ სიგარეტს ეწევა, სახლში ნასვამი მოდის. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები.
განწყობის ცვლებადობა
ხან იცინის, ხან ტირის. ხან დილიდან ყველას კოცნის და ეფერება, ხან კარს აჯახუნებს, ჭიქას კედელზე ანარცხებს. ეს ცუდი ხასიათის გამოხატვა არაა, დეპრესიული მდგომარეობა, რომელიც თქვენს პატარას საფრთხეს უქმნის.
სახლიდან გაქცევა
ნუ გგონიათ, რომ სახლიდან მხოლოდ ის ბავშვები გარბიან, რომელთა სახლშიც არაჯანსაღი სიტუაციაა. სტატისტიკის თანახმად, თინეიჯერები სრული, სოციალიზებული ოჯახებიდანაც გარბიან. გაქცევის მიზეზი შეიძლება უმნიშვნელო იყოს. გარდა ამისა, გაქცევით მოზარდი ყურადღების მიქცევას ცდილობს -"მე რომ წავალ, მერე ინერვიულებენ ჩემზე".