ზოგჯერ კარგი მშობლებიც იქცევიან არასწორად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი საიტის მკითხველები ერთმანეთზე უკეთესი მშობლები არიან. თუმცა ზოგჯერ კარგი მშობლებიც იქცევიან არასწორად. გაეცანით სტატიაში ჩამოთვლილი თვისებებს, რათა რაც შეიძლება იშვიათად დაემსგავსოთ ცუდ დედას.
ყვირილი
შეადარეთ ფრაზები: "რატომ დაყარე სათამაშოები?" და "გთხოვ, აალაგე სათამაშოები". თავად რომელ შემთხვევაში აალაგებდით სათამაშოებს? ხმაურიანი განცხადებები ბავშვს აშინებს და მასში პროტესტის გრძნობას იწვევს. ყვირილს არანაირი დადებითი ფუნქცია არ მოაქვს. გარდა დედის ემოციური განტვირთვისა, მაგრამ ამ უკანასკნელისთვის არსებობს იოგა, ფინჯანი ჩაი ან ყავა ტკბილეულთან ერთად და დაქალები.
თუ ბავშვს მხოლოდ ყვირილით ელაპარაკებით, როცა გაიზრდება, მისთვის ხმის მისაწვდენად მეგაფონიც აღარ გიშველით. იმისათვის, რომ ბავშვთან ყვირილით საუბარს გადაეჩვიოთ, წარმოიდგინეთ, რომ ყვირილის დროს თქვენი პირიდან საშიში არსების შავ-წითელი სახე ამოდის. შეიძლება, ასეთმა წარმოსახვამ ემოციების მოთოკვას მიგაჩვიოთ.
ფიზიკური დასჯა
ძალის გამოყენებით თქვენ ბავშვს ასწავლით, რომ:
1. პატარების ცემა შეიძლება;
2. დიდი გოგონები ისე იქცევიან, რომ საპასუხო დარტყმას მოითხოვენ;
3. კამათში საბოლოო არგუმენტი ძალაა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ზრდით ადამიანს, რომელიც სუსტებს ფიზიკურად გაუმკლავდება, თავზე ძლიერს კი უსიტყვოდ დაემორჩილება.
არათანმიმდევრობა
დედების უმრავლესობას ნერვული შეტევა ეწყება, როცა ბავშვი მათ სურვილს არ ასრულებს. გაიხსენეთ ექსპერიმენტი პავლოვის ძაღლზე, რომელსაც საჭმლის ფიალასაც აძლევდნენ და პარალელურად დენსაც ურტყამდნენ. საცოდავი ცხოველი შეშინებულ ნევროტიკად გადაიქცა. თუ არ გსურთ, თქვენი შვილსაც გაუფუჭდეს ნერვები, შეთანხმდით მამასთან და ბებია-პაპებთან, რომ ბავშვის მიმართ მოთხოვნები იყოს ერთნაირი. თუ ითხოვთ, რომ იყოს აკურატული, მოთმინებით აღიჭურვეთ და არც ბავშვი ააჩქაროთ.
დამცირება
კომედიებში ხშირად ჩნდება დოყლაპია, რომელსაც ყველაფერი ხელიდან უვარდება, ნივთებს კარგავს, პასუხის გაცემის ნაცვლად წითლდება და საბოლოოდ, სახეში ტორტი ხვდება. ასეთი ადამიანი შეიძლება გაიზარდოს ბავშვი, რომელსაც მუდამ ნაკლოვანებებზე მიუთითებენ. როგორ მოიქცევა ბავშვი, რომლის დედაც ამბობს: "ასეთ დებილ ბავშვს არც ერთ სკოლაში არ მიიღებენ" ან "ასეთ ჭუჭყიან კაბაში რომელ ბიჭს მოეწონები?". ასეთ სიტუაციაში მოხვედრილი ბავშვი გულწრფელად განიცდის მომხდარს და ოცნებობს, რომ მიწამ ჩაიტანოს, ოღონდ დედის ასეთი სიტყვები არ ისმინოს.
მოფერებისგან თავის შეკავება
თუ ბავშვისთვის მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იმეტებს კოცნასა და მოფერებას, მას დაუცველობისა გრძნობა უჩნდება. ძველად მიაჩნდათ, რომ ბავშვის მოფერება და კოცნა საჭირო არ იყო. გამოთქმა: "შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგება" დაივიწყეთ, ასეთმა მოპყრობამ სიკეთე არავის მოუტანა. დედის სიცივე ბავშვზე ფიზიკური აგრესიასავით მოქმედებს; იგი უხილავ ბარიერს ქმნის დედასა და შვილს შორის მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი მოფერება და კოცნა გაიმეტეთ თქვენი შვილისთვის.
დანაშაულის გრძნობის პროვოკაცია
დედის მიერ ნათქვამი ფრაზების - "შენ გამო ღამეები არ მეძინა", "შენს გამო რამდენ სიამოვნებაზე ვთქვი უარი", "ნეტავ, რისთვის გაჩნდი" - გააზრება ბავშვს დეპრესიაში აგდებს, ხოლო გარდატეხის პერიოდში შეიძლება სუიციდამდეც მიიყვანოს. ამიტომ, ფრთხილად, ფრაზებთან, რომელსაც ბავშვს ეუბნებით, ნუ ატკენთ სათუთ გულს. მას ისედაც უამრავი გულსიტკენა ელის ცხოვრებაში.
ტყუილი
მშობელი პატარა ბავშვს ხშირად ატყუებს. ეს ზოგჯერ მის სასიკეთოდაც ხდება. ასაკის მატებასთან ერთად, ეცადეთ, ბავშვისთვის ნათქვამი ტყუილები შეამციროთ. ყველაფერი მისთვის გასაგებ ენაზე, მშვიდად აუხსენით. ბავშვი თუ ერთხელ მიხვდა, რომ ატყუებთ, ის აღარასდროს გენდობათ.