ყველაზე რთული ასაკი, როცა ბავშვები ნარკოტიკების გასინჯვას იწყებენ, მე-5-მე-7 კლასია სამწუხაროდ, მოზარდები ჩუმ-ჩუმად სახიფათო საშუალებებს - ე.წ. ბიოს, სინთეტიკურ ნარკოტიკსა თუ მოსაწევს უსინჯავენ გემოს. როცა მშობლები ამის შესახებ იგებენ, უკვე მეტისმეტად გვიანია ხოლმე. როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს და რაც მთავარია, როგორ უნდა დაეხმაროს მას.
ყველაზე რთული ასაკი, როცა ბავშვები ნარკოტიკების გასინჯვას იწყებენ, მე-5-მე-7 კლასია. ეს პერიოდი და პირველი ცვლილებები მშობელს არ უნდა გამოეპაროს. ამ დროს დამახასიათებელია გაკვეთილების გაცდენა და სწავლაში ჩამორჩენა, ტყუილები, რომ სასწავლი არაფერი აქვს. ინტერესს კარგავს ძველი გატაცებების მიმართ და ახალიც არაფერი აინტერესებს, დაძაბულია და მარტოსული. ეს ბავშვის ცუდ გზაზე დადგომის პირველი სიმპტომებია.
ბავშვი აშკარად იყენებს ფსიქოსტიმულატორებს თუ:
- ემოციურად ძალიან აღგზნებულია, ამიტომ ბევრს მოძრაობს, ერთ ადგილზე ვერ ისვენებს.
- უმიზეზოდ იცინის.
- ჩვეულებრივზე ბევრს ჭამს.
- გვიან იძინებს.
- შიგადაშიგ ატყობთ, რომ თვალები ჩაწითლებული, გუგები - ძალიან დაპატარავებული აქვს.
პირველი, რაც ამ სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ მშობლებმა უნდა გააკეთონ, ექიმ ნარკოლოგს და ფსიქოლოგს უნდა მიმართონ. ოღონდ ბავშვის ძალით წაყვანას, ჯობია მის გარეშე მიხვიდეთ. ნარკოლოგები აღნიშნავენ, რომ მშობლები ჯერ საკუთარ შიშსა და კომპლექსებს უნდა გაუმკლავდნენ.
პირველ რიგში მშობლები იმაზე ფიქრობენ, როგორ დამალონ ეს სირცხვილი. ამის შემდეგ დარდობენ, როგორ "აღზარდონ ხელახლა", "რა ზომებს მიმართონ, რომ ერთხელ გასინჯვის შემდეგ მიხვდეს, რა საშინელებაცაა და სამუდამოდ შეეშვას". მშობლები იმასაც უშვებენ, რომ გასინჯავს, გაერთობა და მერე თავს დაანებებს, რადგან "მამამისიც ასე იყო".
პრობლემის მოსაგვარებლად ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა მეთოდი არ არსებობს. ყველა შემთხვევა თავისებურია.
პირველ რიგში, ოჯახის ჩვეული ატმოსფერო უნდა შეიცვალოს და ბავშვისთვის სასურველი გარემო უნდა შეიქმნას. ანუ ხელი უნდა შეუწყოთ, რომ ბავშვმა თავად მოისურვოს პრობლემის აღიარება და დახმარებაც ითხოვოს. მშობლებს კი დიდი მოთმინების გამოჩენა მოუწევთ.
- რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ შვილების გვერდით, იყავით ჩართული მისთვის ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში.
- დააკვირდით შვილთან თქვენს ურთიერთობას, გვერდიდან შეხედეთ საკუთარ თავს - იქნებ მეტისმეტად მკაცრი, ან პირიქით - ძალიან გულგრილი და ზედაპირული ხართ? იქნებ ბავშვი არა მხოლოდ ცნობისმოყვარეობის თუ წამხედურობის გამო ერთვება "სახიფათო თამაშებში", არამედ ოჯახში შექმნილ გარემოს გაურბის, პროტესტს გამოხატავს მშობლებთან ან კიდევ სხვა რაიმე მიზეზია.
- რაც შეიძლება ხშირად მოეფერეთ, აკოცეთ. ფიზიკურ კონტაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ხშირად აჭამეთ, საშუალოდ 6-ჯერ დღეში და რაც შეიძლება, გემრიელად. მიეცით B ვიტამინი.
- ეცადეთ, მის ჰობის შეუერთდეთ, მიუხედავად იმისა, ამართლებთ მას თუ არა. ეს შეიძლება მძაფრსიუჟეტიანი ან ფანტასტიკური ფილმები, კომპიუტერული თამაშები იყოს, ან სულაც - კულინარია...
- რომელი სასკოლო საგანიც ყველაზე მეტად მოსწონს, ეცადეთ, მის ხარჯზე აუმაღლოთ სწავლის მოტივაცია.
- ყოველდღიურად შეაჯამეთ დღის პოზიტიური მოვლენები: რა მოხდა კარგი მისთვის, საინტერესო, სასიხარულო...
- ეცადეთ, ახალმა რაიმემ გაიტაცოს, დააინტერესეთ მოგზაურობით, რაიმე ახალი საქმიანობით.
- კარგად გადახედეთ მის წრეს და თუ ხედავთ, რომ გარემო მოქმედებს მასზე, ფრთხილად, კორექტულად და სხვადასხვა "შემოვლითი გზით" ეცადოთ, ეს წრე თანდათან სხვა რამით ჩაანაცვლოთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ამ დროს ჩხუბი, აკრძალვები, აგრესია - ასეთ ქმედებებს უკუშედეგი მოაქვს.
ნარკოლოგებს ზოგიერთი მშობელი პირველივე სიმპტომების შემდეგ აკითხავს, როცა ჯერ კიდევ ყველაფერი გამოწორებადია, ზოგიერთი კი - საკმაოდ გვიან. სპეციალისტების დაკვირვებით, ამ ოჯახებს შორის დიდი განსხვავება არაა. მათ შვილებს კი არამარტო ნარკოდამოკიდებულების, არამედ საერთო დისციპლინისა და აღზრდის პრობლემებიც აქვთ.
სპეციალისტის ჩარევის შემდეგ მშობლის ამოცანა ამით არ სრულდება. ოჯახში პოზოტიური გარემო უნდა შეინარჩუნოთ, რათა ბავშვს ისევ არ მოუნდეს სინამდვილისგან გაქცევა.
ასევე იხილეთ: ქართველი მოზარდების ახალი საშიში გასართობი - "მრცხვენია, რომ სატანისტობა მინდოდა"