"ტექნოლოგიებს აყოლილი მშობლები ინტერნეტში კითხულობენ სამედიცინო სტატიებს და იმით "მკურნალობენ" ბავშვს" ბავშვს რომ მუდმივი ყურადღება სჭირდება, ეს დედებმა კარგად ვიცით. ამის მიუხედავად, შეიძლება ბევრი რამ გამოგვეპაროს ან შევცდეთ და ბავშვის ექიმთან მიყვანა დაგვაგვიანდეს. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქირურგიული სამსახურის უფროსი ავთანდილ კუტიბიძე დაგვიანებული მიმართვიანობაზე საუბრობს და მშობლებს არაერთ სასარგებლო რჩევას აძლევს.
- თანამედროვე მშობელს ინტერნეტში წაკითხული აქვს მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ და ჰგონიათ, რაღაც იცის, ამა თუ იმ საშუალებით თვითნებურად მკურნალობს ბავშვს დ ხშირია საავადმყოფოში დაგვიანებული მომართვიანობა. ბავშვებში ყველაზე ხშირი დაავადება, მსოფლიოშიც და ჩვენთანაც, ეს გახლავთ მწვავე აპენდიციტი. აქ ქირურგის და სპეციალისტის გარეშე დიაგნოზის დასმა წარმოუდგენელია... სამწუხაროდ, ძალიან ხშირია დაგვიანებული მომართვიანობა, რაც ძალიან ართულებს მდგომარეობას...
- რა ასაკის ბავშვებში ჭარბობს ეს დაავადება?
- მწვავე აპენდიციტი, ძირითადად, სკოლის ასაკშია გავრცელებული 7 წლიდან 11 წლამდე. რასაკვირველია უფრო დაბალ ასაკშიც არის, მაგრამ უმეტესწილად ამ ასაკის ბავშვებში გვხვდება... ძირითადი ჩივილები ამ დროს არის მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და ყველა მშობელი ამ სიპტომებს თავისებურად ხსნის... "მეგონა ბავშვს რაღაცამ აწყინაო" და კვებით ინტოქსიკაციას მკურნალობენ სახლის პირობებში. ამიტომაც დაგვიანებით მოგვმართავენ, რაც ბავშვისთვისაც პრობლემა ხდება და ჩვენთვის მითუმეტეს.
- განსაკუთრებულად რა შემთხვევა გახსენდებათ?
- ცოტა ხნის წინ ბავშვი მოიყვანეს, რომელსაც მწვავე აპენდიციტი ჰქონდა და დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდნენ. ხან მეზობლის რჩევას ითვალისწინებდნენ, ხანაც ნაცნობისას და ბავშვი რომ ჩვენთან მოიყვანეს, უმძიმეს მდგომარეობაში იყო! ქირურგიული ჩარევის და ინტენსიური თერაპიის დახმარებით, დიდი წვალების შემდეგ ბავშვი გამოვაჯანმრთელეთ და გავწერეთ. თუმცა სტაციონარში დიდხანს დაჭირდა დაყოვნება... მწვავე აპენდიციტი იყო და მუცლის ტკივილს სახლში ხან კვებით ინტოქსიკაციას უკავშირებდნენ, ხან შეციებას და დღითიდღე დამძიმდა სიტუაცია.
- რამდენად ხშირია მომართვიანობა, როდესაც ბავშვებს უცნაური საგნები აქვთ გადაყლაპული?
- ძალიან ხშირია. მართალია ამას ძირითადად, გასტროენტეროლოგი, ქირურგი ექოსკოპისტი მკურნალობს, რომელიც გასტროსკოპის საშუალებით იღებს უცხო სხეულს... აუარებელი ნივთი აქვთ ბავშვებს გადაყლაპული. ნახავთ ნივთებს, რომლებზეც ნამდვილად ვერ წარმოიდგენდით, რომ შეიძლება ეს ბავშვმა გადაყლაპოს. ყველაზე ხშირია თმის სამაგრების, მაგნიტების და ელემენტების ჩაყლაპვა.
ყველაზე სახიფათოა ბავშვებში და ძალიან ხშირად კუჭის და საყლაპავის დაზიანება რომ მომხდარა.
აღარაფერს ვამბობს ხურდა ფულზე. ხურდის კოლექცია აქვს ჩვენს ქირურგს დაწყებული ხუთთეთრანიდან, უცხოური ვალუტით დამთავრებული.
- მშობლებს რას ურჩევთ?
- მშობლები ბოლო დროს ორ კატეგორიად იყოფიან: თანამედროვე ტექნოლოგიებს აყოლილები, რომლებიც დაგუგლავენ და ნებისმიერ დაავადებაზე პოულობენ ინტერნეტში სტატიებს. ამ დროს შეიძლება ვიღაცამ ყოვლად უსარგებლო და სულელური სტატიაც კი დაბეჭდოს და მისი მიყოლა ყოვლად დაუშვებელია! სამედიცინო განათლების ადამიანი რომ წაიკითხავს სტატიას, მიხვდება იქ რამდენი აბსურდი წერია, მაგრამ ვისაც სამედიცინო განათლება არ აქვს, მარტივად იჯერებს და ამით შეიძლება ბავშვს ძალიან ბევრი ავნოს. დღეს მილიონი სტატია იბეჭდება სხვადასხვა თემებზე, მაგრამ ყველა არ არის გამართლებული და ამას მშობლებს ძალიან ხშირად ვუხსნით.. მეორე კატეგორია რომელიც ბებიების მეთოდებს მისდევს და ექიმბაშური წამლები და თვითნაკეთი მედიკამენტები ჰგონია ძალიან სასარგებლო... რომელი კატეგორია ჭარბობს, ამის გარკვევა ძალიან ძნელია, მაგრამ ორივე რომ არსებობს, ეს თვალნათლივ ჩანს!
ორივე მეთოდი ნაკლებად გამართლებულია. ბებიების დროს სხვა დრო და გარემო იყო. ბებიაჩემის და ბაბუაჩემის დროს ძალიან ბევრ დაავადებას სხვა მიმართლება ჰქონდა, დღეს სხვა გამოვლინებები აქვს. ელვის სისწრაფით ვითარდება მედიცინა და ოცი წლის წინ რომ ითვლებოდა დაავადება სიცოცხლისთვის შეუთავსებლად, დღეს არის პოტენციალი პაციენტის გადარჩენის. ამიტომაცაა გაუმართლებელი 20 და 30 წლის წინანდელი ლიტერატურით ვიხელმძღვანელოთ!
საუბრის დასასრულს მინდა ისევ ვურჩიო მშობლებს, რომ ბავშვს თუ შენიშნავს მუცლის ტკივილს, მოუსვენრობას და გულისრევის შეგრძნებას, ყველა წერტილშია იმის საშუალება რომ სტაციონარს მიმართონ... სპეციალისტები რამდენიმე კვლევას ჩაატარებენ და თავის დროზე ყველაფერი უფრო ადვილად მოგვარდება.
მანანა გაბრიჭიძე