არასოდეს დამავიწყდება ბავშვის დედის გმირული საქციელი! ექიმები ყოველდღიურად არაერთი სულისშემძვრელი შემთხვევის მომსწრენი ხდებიან. ზიგიერთი პაციენტი სამუდამოდ შემორჩება ხოლმე მათ მეხსიერებას. ექიმი გუგა ქაშიბაძე mshoblebi.ge-სთან საუბრისას ერთ-ერთ ასეთ განსაკუთრებულ პაციენტს იხსენებს.
გუგა ქაშიბაძე:
"ორი წლის წინ 9 წლის ბიჭი ჩამოგვიყვანეს იმერეთიდან, ხარაგაულის რაიონიდან, რომელმაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო... ბავშვი აძვრა მაღალი ძაბვის ბოძზე და მაღალი ძაბვის სადენმა მიიზიდა. საკუთარი ყანის გვერდით იყო ეს მაღალი ძაბვის ბოძი, ბავშვმა ძალიან პატარა ასაკიდან იცოდა, ასვლა რომ არ შეიძლებოდა, იმ დღესაც ორჯერ თუ სამჯერ ჩამოიყვანეს, მაგრამ ბოლოს მაინც აიპარა... როგორც მოგახსენეთ, იგი მიიზიდა მაღალი ძაბვის სადენმა, მაღალი ტემპერატურა განვითარდა და ნახევარი საათის განმავლობაში ბავშვი სადენზე იყო მიკრული, ცეცხლი წაეკიდა...
"ბავშვს ვერავინ ეკარებოდა, რადგან იყო ალბათობა, რომ სხვებსაც მიეღოთ დაზიანება.
ბავშვის მშობლებმა და ახლობლებმა ჯერ საინფორმაციოში დარეკეს, თელასის ნომერი
რომ გაეგოთ, თელასმა რომ შეიტყო, შემდეგ დაუკავშირდა ქვესადგურს, შუქი გამორთეს
და ბავშვი ჩამოვარდა, რომელიც საბედნიეროდ ბიძამ ხელში დაიჭირა. 15 მეტრი
სიმაღლიდან ჩამოვარდა და ბიძის წყალობით, დამატებითი დაზიანება აღარ მიუღია."
ბავშვი ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქედან ქუთაისის კლინიკაში და ქუთაისიდან რეანომობილით ჩვენთან, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. ბავშვს დაზიანებული ჰქონდა მთელი სხეულის 60 პროცენტი, სახის მარცხენა ნახევარი, ორივე ზემო კიდური, მთლიანად გულ-მკერდი და ქვედა კიდურები. უმძიმეს მდგომარეობაში იყო და 13 ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მათ შორის ორივე ზემო კიდურის ამპუტაცია. დაახლოებით ასთოთხმეტმა ჩვენმა კოლეგამ მიიღო მის გამოჯანმრთელებაში მონაწილეობა. ეს მხოლოდ მედპერსონალი, თორემ ამაში არ შედის მთელი რიგი ადამიანებისა, ვინც დახმარება გაგვიწია _ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რიგითი მენეჯერები და კიდევ უამრავი ადამიანი იყო ჩვენს გვერდით... ჩართული იყო დამწვრობის ცენტრი, ავერსის კლინიკა, ქირურგები, ჩართული იყო ფსიქოლოგიც...
"სანამ ბავშვი არ გაშავდა და გონება არ დაკარგა, ვერ მიხვდნენ, რომ ექიმისთვის მიემართათ"
არასოდეს დამავიწყდება ბავშვის დედის გმირული საქციელი! უმძიმესია, როდესაც მშობელს უნდა უთხრა, რომ უნდა მოხდეს ბავშვის ორივე ზემო კიდურის ამპუტაცია. როგორც ქირურგისთვის, ჩემთვის ეს ძალიან სტრესული ოპერაციაა! მშობელს რომ თვალებში შეხედო და ეს უთხრა, წარმოუდგენლად რთულია და ამ დროს დედის პასუხი იყო _ გუგა ექიმო, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ბავშვის ხელებს, ოღონდაც გადარჩეს და მისი ხელები მისი დედ-მამიშვილები იქნებიანო... ასეთი ვაჟკაცური სიტყვები გვითხრა ქალბატონმა, რამაც ძალიან გაგვაოცა.
ცამეტი ქირურგიული ჩარევის დროს ეს ქალბატონი განსაკუთრებულ ძალას იჩენდა, როცა ყველა Qქირურგიულ ჩარევაზე ბავშვის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა.
იმ ბავშვს გაუმართლა იმ მხრივ, რომ ყველა ოპერაცია ერთი ამოსუნთქვით გაკეთდა და პატარა შეცდომაც კი არ დაშვებულა არცერთ ეტაპზე. ვინატრებდი, ისეთი შედეგი ჰქონდეს თითოეულ ოპერაციას... დღეს ბავშვი ჯანმრთელია, სკოლაში დადის, სატელეფონო ურთიერთობაც გვაქვს... ისეთი ბავშვია, პირველი შეხედვიდანვე ვიგრძენით, რომ წარმოუდგენლად დიდი ენერგიის მატარებელი იყო ჩვენი პაციენტი. ვატყობდით, ბევრ რამეს რომ გაუძლებდა და ღვთის მადლით, გაუძლო კიდეც.
მანანა გაბრიჭიძე