ჩემმა ქმარმა, იმიტომ, რომ კარგ ბავშვებს ვაჩენ, იმის გარდა, რომ სილამაზის სალონი მიყიდა, დამინიშნა ხელფასი, ყოველი თვის დასაწყისში ბარათზე 3000 ლარს მირიცხავს ხატია სიჭინავამ ჯერ მანქანა იყიდა და მართვის სწავლა მერე დაიწყო. მეორე მანქანა მეუღლემ უსახსოვრა. ეს იყო სიურპრიზი, პირველი შვილისთვის მადლობის ნიშნად. მეორე შვილს ახალი სიურპრიზი მოჰყვა, ახალი მანქანის სახით. დღეს ტელეწამყვანი კვლავ ფეხმძიმედ არის და დღე-დღეზე ბავშვს ელოდება, ამიტომ კატეგორიულად გააფრთხილა ქმარი, მანქანის გამოცვლა აღარ მინდაო.
- მეორე მანქანა ქმარმა მიყიდა, პირველ ბავშვზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ. მოვიდა სახლში, ფანჯრიდან გადამახედა და მეკითხება, ქვემოთ მანქანა რომ დგას, მოგწონსო? კი-მეთქი, ვუთხარი. შენიაო, მითხრა. ძალიან გამიხარდა. ''ვოლვოს ჯიპი'' იყო, ტანკს ჰგავდა, თუმცა ''ზაპოროჟეციც'' რომ ეჩუქებინა, ისიც გამიხარდებოდა, ისე მეზარებოდა ფეხმძიმეს ფეხით სიარული. ოთხი და ოთხი ჰქონდა ძრავა, დავფრინავდი. ჩემმა ექიმმა რომ დაინახა, ამხელა მუცლით საჭესთან ვიჯექი, გაგიჟდა, როგორ შეიძლება ფეხმძიმე ქალის საჭესთან ჯდომაო. დავამშვიდე, არაფერი მომივა-მეთქი.
- ეს მანქანა, ''კია სპორტიჯიც'' მეუღლემ გიყიდა?
- კი. მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, მაშინ. ერთ საღამოს მოვიდა სახლში და გავისეირნოთო, მითხრა. ჩავედით ეზოში. მე ჩემი მანქანისკენ წავედი. ეგ არ არის შენი, აი, შენი მანქანაო და ამისკენ გაიშვირა ხელი. გავგიჟდი, ისე მომეწონა. ახლა, მესამე შვილს რომ გავაჩენ, აქედანვე მინდა გავაფრთხილო რამაზი, რომ არ მინდა მესამე მანქანა, ძალიან მიყვარს და მომწონს ჩემი მანქანა. თან არ მაქვს გართულება, რომ მაინცდამაინც ძვირად ღირებული და ბოლო მოდელის მანქანა უნდა მყავდეს. მირჩევნია, ოჯახისთვის შევიძინოთ რამე.
- ახლა არ არის რამაზი თბილისში?
- ოთხი თვეა ყაზახეთშია. იქ ბიზნესი ააწყო, სამომავლოდ შეიძლება, ჩვენც გადავიდეთ ოჯახით. ახლა ჩემი მშობიარობისთვის ჩამოვა.
- და შენ რემონტს ახვედრებ სახლში...
- ჰო, ქალი ხომ ოჯახის კისერია. რამაზს ისე ეზარებოდა რემონტი, თავს იკლავდა, არ გვინდაო. წავიდა თუ არა, დავიწყე. ჯერ აბაზანაში წყლის გაყვანილობას გამოვცვლი-მეთქი, შევუთანხმდი, მერე სამზარეულო გავტეხე, რომ ახალი ეყიდა. მერე ჩამოვუარე ყველაფერს და დავდიოდი ასე, ჩაქუჩით (იცინის). თან გამიმართლა, რომ ზაფხულია, ბავშვები დედაჩემთან ერთად წყნეთში არიან, მეც იქ ვარ, უბრალოდ, მუშებს ჩამოვხედავ ხოლმე, მასალებს ვყიდულობ. აი, ამხელა მუცლით, 40 გრადუს სიცხეში, ყოველდღე დავდიოდი ელიავაზე და მომქონდა მასალები. რამაზი რომ ჩამოვა, უკვე მზად იქნება ყველაფერი. ისე შევცვალე სახლი, ფაქტობრივად, ახალ სახლში შემოვა. ჭურჭელიც კი არ შემაქვს ძველი. ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებიან, კაცს გაუჭირდებოდა იმის გაკეთება, რასაც შენ ამხელა მუცლით აკეთებო.
- შენმა ქმარმა იცის, რა ამბები დაატრიალე სახლში?
- ყველაფერი იცის. გიჟი ხარო, მეუბნება, გეხვეწები, ელიავაზე ან ლილოში არ იმშობიაროო... ერთხელ ისე მანერვიულეს, კინაღამ მართლა ვიმშობიარე. გამოვედი ელიავადან, ნაყიდი მაქვს ათასი რამე, ორი იმდენი მანქანაში მიწყვია და სად არის ჩემი მანქანა?! ''სითი პარკს'' წაუყვანია. მოვახტი ტაქსის და ჩემს მანქანას მივასწარი ''სითი პარკში''. გაგიჟებული ვარ, ვის გაუბედეთ, ორი წუთით შევედი, ეს რა გამიკეთეთ-მეთქი. მე იქ ამბავი ავტეხე, ჩემი მანქანა დამახსოვრებული ჰყავთ, რომ აღარ წაიყვანონ. ჯარიმა კი გადამახდევინეს მაინც...
- სად მუშაობ, ვინ გირიცხავს ფულს?
- მე ბავშვებს ვაჩენ, გენაცვალე. ჩემმა ქმარმა, იმიტომ, რომ კარგ ბავშვებს ვაჩენ, იმის გარდა, რომ სილამაზის სალონი მიყიდა, დამინიშნა ხელფასი, ყოველი თვის დასაწყისში ბარათზე 3000 ლარს მირიცხავს. ერთი ბავშვი რომ მყავდა, ათასი ლარი მქონდა ხელფასი, ორი შვილზე - ორი ათასი. ახლა მესამე ბავშვს ველოდები და ამიტომ სამი ათასი ლარი მჭირდება. ჩემს შვილებს ჩემზე დიდი მოთხოვნები აქვთ. ამას წინათ ვეუბნებოდი ჩემს ქმარს, სამი წელია, ფეხმძიმედ ვარ, ვერსად მუშაობას ვერ ვახერხებ და სუროგატად ხომ არ დავიწყო-მეთქი (იცინის).
- მახსოვს, ვიღაც გეხუმრათ, სკამი არ გაქვთ სახლშიო...
- ეგ ხუმრობა კი არა, ღვარძლიანი, ბოღმიანი კომენტარი იყო ჩემი ინტერვიუს ინტერნეტვერსიაზე. მე ვუპასუხე, სკამი გვაქვს, მაგრამ საწოლი გვირჩევნია-მეთქი.
- ე.ი. აგრძელებთ?
- იცი რა, პირველი ბავშვიდან მოყოლებული ბიჭი გვინდა და ახლაც გოგოს ველოდები. დღეს გმირის წოდება ძალიან გააუფერულეს, ვიღაცები პოდიუმზე რომ გამოდიან, იმათაც გმირებს ეძახიან. მიმაჩნია, რომ ჩემი ქმარი მართლა გმირია, იმდენგზის ჩემპიონია საქართველოსი. ამხელა გმირს შთამომავლობის გარეშე ხომ ვერ დავტოვებ?! ერთი მაინც ხომ უნდა გავუჩინო, ორი თუ არა. ამიტომ ვაგრძელებთ, სანამ ბიჭი არ გვეყოლება. თან, ბიჭს თუ გავაჩენ, ალბათ, ხუთი ათასი ლარი მექნება ხელფასი, ბონუსის სახით (იცინის).