"სასიდედრო ამბობდა, რად მინდა სიძედ ინსტიტუტიდან ოთხჯერ გარიცხული ბიჭი, როცა ჩემს შვილის ხელს სამი დოცენტი მთხოვსო..."
"სასიდედრო ამბობდა, რად მინდა სიძედ ინსტიტუტიდან ოთხჯერ გარიცხული ბიჭი, როცა ჩემს შვილის ხელს სამი დოცენტი მთხოვსო..."
"ქართველი კაცისთვის ოჯახია ყველაფერი! აქედან მოდის სიკეთე და ბედნიერება! ვისაც ოჯახში აქვს იდილია, მას კარიერაც აწყობილი აქვს! ახლა რომ გესაუბრებით, მეუღლე მახსენებს, ყოველი წარმატებული კაცის უკან გონიერი ქალი დგასო... ზოგჯერ მეხუმრება, შენ რომ გაგიძელი, მართლა ძლიერი ვყოფილვარო. გურული ქალია და ცოტა ფიცხია, მაგრამ გაამართლა და მე მისი მადლობელი ვარ!" - ცნობილი მსახიობი იმედა კახიანი მშობლებსა და ოჯახურ ბედნიერებაზე გვესაუბრა...

- ძალიან დიდი პატივისცემით ვიხსენებ ჩემს მშობლებს, რადგან ოჯახის შექმნა ურთულეს
პერიოდში მოუხდათ მათაც და ჩვენი თაობის ყველა მშობელს! იყო დიდი რევოლუციის პეროდი, შემდეგ საშინელი რეპრესიები და ყოვლად განუკითხაობა... მამაჩემი 24 წლის ასაკში დააპატიმრეს. კინო-თეატრში იჯდა თავის შეყვარებულთან ერთად (დედაჩემი კი არა, მაშინ სხვა შეყვარებული ჰყავდა) და იქიდან წაიყვანეს... გზაში უთხრეს, შენ საბჭოთა კავშირის ძირგამომთხრელ სამსახურს ეწეოდიო და ციმბირში გადაასახლეს 6 წლით. იქიდან რომ დაბრუნდა, ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. მხოლოდ სოფელში უნდა ეცხოვრა მთელი ცხოვრება... იმერეთის სოფელში ცხოვრობდა, ბაბუაჩემის აშენებულ სახლში, იქ დაქორწინდა და პირველი ვაჟი მე გახლავართ. მამამ იფიქრა ალბათ, აწი მეშველებაო და - იმედი დამარქვა... დედაჩემი შესანიშნავი ქალბატონი იყო, თავადის ქალი, გვარად მიქელაძე. იგი დამსახურებული პედაგოგის წოდებით გავიდა პენსიაზე...
ორი ძმა მყავდა – ზურაბი და რევაზი. სამწუხაროდ, რევაზი 5 წელია გარდაიცვალა... ვცხოვრობდი ოჯახში, სადაც ვხედავდი მამა-შვილობას, დედა-შვილობას, ოჯახიშვილობას... სულ უცხო ხალხისგან მესმოდა, კარგი ბიჭები ხართ სამივე ძმები, მაგრამ მამა რომ გყავთ, ისეთი არაო... იუმორით გეტყვით, მამამ მართლაც მაჯობა, მან თავადის ქალზე იქორწინა და მე გლეხის ქალზე... ბაბუებს ვერ მოვესწარი და ორივე ბებია კარგად მახსოვს. უსათნოესი ქალბატონები იყვნენ. ეტყობა, რუსული გავლენა იყო, ერთ ბებიას ერქვა ოლინკა და მეორეს – კალინკა... ორივე ულამაზესები და კარგი ქალები იყვენ!
მე თბილისში მამიდასთან ვიზრდებოდი. იგი გაუთხოვარი ქალი იყო, საოცრად კულტურული, ბანკში მუშაობდა. მე იქვე ვაჟთა სკოლაში ვსწავლობდი და კარგ მოწაფედ ვითვლებოდი... შემდეგ მოხდა ტრაგედია და მამიდა უეცრად გარდაიცვალა, როდესაც 12 წლის ვიყავი. ასე რომ, 12 წლიდან თბილისში მარტო ვცხოვრობდი. მშობლები ზოგჯერ ჩამოდიოდნენ... პლეხანოვზე, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი და ჩემზე მეზობლები ძალიან ზრუნავდნენ... მეზობლად ქართველები, რუსები, ებრაელები, სომხები და სხვა ეროვნების ხალხიც ცხოვრობდნენ. არავითარი განსხვავება ჩვენ შორის არ იყო, ერთად ვიზრდებოდით და სომხურად მშვენივრად ვლაპარაკობდი. ყველამ იცოდა ჩემი გასაჭირი, მარტო რომ ვცხოვრობდი და შეძლებისდაგვარად ყურადღებას არ მაკლებდნენ.
შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში მოვეწყვე დრამის ფაკულტეტზე. პირველ კურსზე რომ ვიყავი, კინოში დამიძახეს და მერე სულ ასე გაგრძელდა...

- ოჯახი როდის შექმენით?
- პლეხანოვზე რომ ვცხოვრობდი, გზად მიმავალმა ერთი ლამაზი გოგო შევნიშნე. მორიდებული ყმაწვილი ვიყავი, ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ სალამს ვერ ვბედავდით... შემდეგ კინოში რომ დამიძახეს - "საბუდარელი ჭაბუკის" გადაღებაზე, თებროლეს როლზე ლამაზ გოგოს ეძებდნენ. ყოველდღე მოჰყავდათ ლამაზი გოგოები... მოხდა საოცრება და ერთ დღესაც ჩემი რჩეული მოიყვანეს სასინჯ გდაღებაზე და სწორედ იქ შევძელით ერთმანეთი გაგვეცნო და დალაპარაკება გაგვებედა...
mshoblebi
თებროლეს როლზე ჩემი რჩეული არ დაამტკიცეს, მოგხსენებათ, ბელა მირიანაშვილი შეარჩიეს, რომელსაც მანამდე რატომ ვერ ამჩნევდნენ, არ ვიცი... ხუთ წელიწადში მე და ჩემმა რჩეულმა ვიქორწინეთ. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ სასიდედრო წინააღმდეგი იყო. მე რამდენჯერაც კინოში მიღებდნენ, იმდენჯერ თეატრალურიდან გამრიცხეს და სასიდედრო ამბობდა, რად მინდა სიძედ ინსტიტუტიდან ოთხჯერ გარიცხული ბიჭი, როცა ჩემს შვილის ხელს სამი დოცენტი მთხოვსო... შემდეგ ვიქორწინეთ, დამოუკიდებლად ვცხოვრობდით, მე ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი და ეკონომიკურად არ გვიჭირდა...

- როგორ იხსენებთ იმ სიხარულს, როდესაც მამა გახდით?
- ეკა რომ გაჩნდა, იმ სიხარულს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. სამშობიაროში რომ მითხრეს, ქალი შეგეძინათო, მახარობელს გადავეხვიე, მოვკიდე ჩემს ძმაკაცებს ხელი და სამი დღე საქეიფოდ კახეთში წავედით. აქ თურმე ჩემი მეუღლე და სიდედრი ძალიან გაბრაზდნენ. მე ვერ გავიგე, რაზე გაბრაზდნენ, ჩემი საქმე გავაკეთე და მერე წავედი, მეტი რა მექნა?!. კიდევ კარგი, მალევე შემირიგდნენ... შემდეგ დაიბადა ჩემი ვაჟი – ლადო, ბედნიერად ვცხოვრობდით, მაგრამ საუბედუროდ, ლადო 14 წლის დაიღუპა...

ეკას სამი შვილი ჰყავს. შვილიშვილების დაბადება დიდი სიხარული იყო, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სიხარული შვილთაშვილები ყოფილა... შვილთაშვილები – ელენე და ლადო რომ გაჩნდნენ, მაშინ ვიგრძენი, შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი რა უდიდესი ბედნიერებაა! მცხეთაში ვცხოვრობთ და შვილთაშვილებიც ჩვენთან ძალიან ხშირად არიან.

ცოტას კი გვარბევენ ხოლმე, მაგრამ მათი აქ ყოფნის სიხარულს არაფერი შეედრება! ეს დიდი ოჯახი ნორმალურად ვცხოვრობთ, ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემით... – შვილთაშვილს სახელი – ლადო დედამისმა – ანასტასიამ დაარქვა, ჩემი შვილის საპატივცემულოდ. ოჯახი დიდხან ელოდა ბიჭს, სულ გოგოები იყვნენ... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, გოგოს და ბიჭს, მთავარია ჯანმრთელები და კარგები იყვნენ!
mshoblebi
- თქვენთვის რომელი უფრო მთავარი იყო – ოჯახი თუ კარიერა?
- როგორ შეიძლება ამის შედარება?! რასაკვირველია ოჯახია ყველაფერი! ოჯახისთვის გინდა ადამიანს კარიერაც, სამსახურიც, წარმატებაც და ყველაფერი! ვერც წარმომიდგენია ადამიანი ოჯახი მიეტოვებინოს კარიერის გამო! ქართველი კაცისთვის ოჯახია ყველაფერი! აქედან მოდის სიკეთე და ბედნიერება! ვისაც ოჯახში აქვს იდილია, მას კარიერაც აწყობილი აქვს! ახლა რომ გესაუბრებით მეუღლე მახსენებს, ყოველი წარმატებული კაცის უკან გონიერი ქალი დგასო... ზოგჯერ მეხუმრება შენ რომ გაგიძელი მართლა ძლიერი ვყოფილვარო. Gგურული ქალია და ცოტა ფიცხია, მაგრამ გაამართლა და მე მისი მადლობელი ვარ. მსახიობთან ცხოვრება ადვილი არ არის. ხშირად წასული ვიყავი, ამოვარდნილი რეჟიმი მქონდა, მაგრამ გვერდზე არასოდეს გამიხედავს! მე მხოლოდ წინ ვიხედები!
ჩემი მეუღლე არაბულს ასწავლის უნივერსიტეტში, პროფესორი გახლავთ... ზოგჯერ ვეხუმრები ქართულად არ გესმის და არაბული მე არ ვიცი რამე რომ გაგაგებინო-მეთქი...
საუბრის დასასრულ ისევ მშობლებს გავიხსენებდი. დედაჩემი შრომაში გაილია. Oორი კილომეტრის მოშორებით იყო სკოლა. გარბოდა წვიმაში, თოვლში, ქარში, და იქ ტაობებს ზრდიდა, შემდეგ სახლში თავდაუზოგავად მუშაობდა და ყველაფერს ასწრებდა... მამაჩემმაც რა არ გადაიტანა – დაჭერა, რეპრესიები დევნა და პატიოსანი ცხოვრებით კარგი კაცის სახელი დატოვა! საოცრად კეთილ ადამიანებად დარჩნენ და ოჯახისთვის თავდადებულნი... ისინი იყვნენ გმირები, თორემ ჩვენ მათთან შედარებით არც არაფერს წარმოვადგენთ და არც მათი მეასედი გაგვიკეთებია!
mshoblebi
მანანა გაბრიჭიძე

12374
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
nino
1
mravali bednieri da tkbili clebi tkvens did ojaxtan ertad
22:30 / 18-02-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```