''აბორტზე მავნე არაფრით არ იქნება სწორად შერჩეული კონტრაცეფციული საშუალება..."
სპეციალისტების აზრით, საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების დონე მკვეთრად დაბალია, რაც პირდაპირ მტკიცდება არასასურველი ორსულობის შეწყვეტისა და შემდგომ წარმოქმნილი ჯანმრთელობის პრობლემების გახშირებული ფაქტებით.
კონტრაცეპტივების საჭიროებაზე, რომელიც ქალს თუ მამაკაცს ბევრი პრობლემისგან იცავს, mshoblebi.ge საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის ’’თანადგომის“ რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერს ქეთევან ჭელიძეს ესაუბრა.
- რისი ცოდნაა საჭირო კონტრაცეპტივების გამოყენების დროს?
- ყველაზე მნიშვნელოვანია კონტრაცეპტივი შეირჩეს ინდივიდუალურად. ექიმ-რეპროდუქტოლოგთან, ოჯახის ექიმთან გასაუბრების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. თითოეულ კონტრაცეპტივს აქვს როგორც უკუჩვენებები, ისე გვერდითი მოვლენები. ამ მხრივ კონდომი არის ერთადერთი საშუალება, რომელიც არ ხასიათდება არანაირი გვერდითი მოვლენებით, თუ ადამიანს არ აქვს ალერგია ან ლატექსი და შეიძლება მისი თვითნებურად გამოყენება. ერთი რამე უნდა აღინიშნოს, რომ აბორტზე მავნე არაფრით არ იქნება სწორად შერჩეული კონტრაცეფციული საშუალება და კონტრაცეფციული საშუალებების სწორად შერჩევა წარმოადგენს ძალიან ბევრი დაავადების პროფილაქტიკას, როგორიც არის მაგალითად ძუძუს კიბოს პროფილაქტიკა. თითოეულ კონტრაცეპტივს თავისი პლუსები და მინუსები აქვს და ამაზე ქალს თვითონ უნდა ჰქონდეს გარკვეული ტიპის ინფორმაცია, რომ მივა ექიმთან. მნიშვნელობა აქვს ისეთ მომენტებსაც, როგორიც არის მაგალითად, სისხლძარღვების მდგმარეობა, ასაკი, გარკვეული დაავადების არსებობა ანამნეზში.
- ხომ არიან ისეთებიც, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია და გამიზნულად არიდებენ თავს კონტრაცეპტივების გამოყენებას...
- სხვადასხვა მიზეზები შეიძლება დავასახელოთ. ეს შეიძლება იყოს გარკვეული რელიგიური მოსაზრებები. ამ შემთხვევაში არსებობს კონტრაცეფციის ისეთი სახე, როგორიც არის ბუნებრივი მეთოდები და ჩვენი კალენდარი, სატელეფონო აპლიკაცია, რომელიც დროის შერჩევაში ეხმარება ქალებს, ოღონდ უნდა ვთქვათ, რომ ბუნებრივი მეთოდების ეფექტურობა უფრო დაბალია, ვიდრე სხვა საშუალების და ამ დროს ქალს უნდა ჰქონდეს რეგულარული მენსტრუაციული ციკლი, რომ ბუნებრივი მეთოდების საშუალებით გამოითვალოს დაორსულების შანსები. კიდევ შიძლება იყოს მითები და სტერეოტიპები, რომლებიც დაკავშირებულია კონტრაცეფციის მავნებლობასთან. ხშირად ჰორმონალურ კონტრაცეფციას არ იყენებენ იმიტომ, რომ ის მავნეა. თუმცა თუ სწორად არის შერჩეული, პირიქით, ის გარკვეული დაავადებების პროფილაქტიკას წარმოადგენს.
კონდომს, ანუ როგორც ჩვენთან პრეზერვატივს ეძახიან, არ იყენებენ იმიტომ, რომ მიაჩნიათ, ეს არის თავდაცვის საშუალება, რომელიც უნდა გამოიყენო შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტების დროს და მხოლოდ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისგან თავდაცვის მიზნით. არ არის აღქმული, როგორც კონტრაცეფციული საშუალება. მამაკაცებს ხშირად უთქვამთ, ცოლთან კონდომს როგორ გამოვიყენებო... ამ დროს კონდომი არის საშუალება, რომელიც აქტთან არის მიბმული და რეცეპტის გარეშეც იყიდება.
- აბორტის შემდეგ რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები წარმოიშობა ქალის ორგანიზმში ?
- მინდა გითხრათ, რომ აბორტი არის არა ოჯახის დაგეგმვის, არამედ არასასურველი ორსულობის შეწყვეტის საშუალება. ოჯახის დაგეგმვის საშუალებად აბორტის გამოყენება არ არის არანაირად გამართლებული. რაც შეეხება აბორტით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს, მას ახლავს ინფექციით დაინფიცირების რისკი, საშვილოსნოს კედლის გახვრეტის რისკი, სისიხლდენის რისკი. დღემდე მსოფლიოში უამრავი ქალი იღუპება აბორტთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების გამო. შეიძლება აბორტს მოყვეს უშვილობა, ანთებითი პროცესი, ჰორმონალური დარღვევები ორგანიზმში.აბორტისგან თავის დაღწევის საშუალებაა, აქტის შემდგომი კონტრაცეფცია, რომლის შესახებაც ნაკლებად არიან ინფორმირებული წყვილები. ეს არის სპირალის ჩადგმა ან სპეციალური აბები, რომლებიც იყიდება აფთიაქში, სქესობრივი აქტის მერე, რაც უფრო მალე მოხდება აბების დალევა, მით უფრო ეფექტური იქნება შედეგი. ოღონდ მსგავსი აბები უნდა იყოს იშვიათად გამოყენებული, მიზანშეწონილი არ არის ყოველ ჯერზე მათი გამოყენება.
რუსკა კილასონია