"როცა ვერც მშობელი ესაუბრება ამაზე და ვერც მასწავლებელი, ამას მოჰყვება ნაადრევი ქორწინებები, აბორტები, დაუცველი სქესობრივი კავშირები" საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების დონე რომ დაბალია და ასევე ზოგადი განათლების დონე ამ სფეროში, ეს არაერთხელ დადასტურებულა. ამის მტკიცებულებაა გახშირებული ნაადრევი ქორწინებები, აბორტები და ვენერიული დაავადებები. საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის ’’თანადგომის“ რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ჭელიძე ამ თემებზე გვესაუბრება.
- რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში არის განათლების სერიოზული დეფიციტი. რეპროდუქციული ჯანმრთელობა არის ფართო სფერო, ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს. ადამიანებმა არ იციან, ამ კუთხით რა გავრცელებული პრობლემებია და როგორ უნდა გადავჭრათ ისინი, როდის მივმართოთ ექიმს, რა პროფილაქტიკური გასინჯვები უნდა ჩავიტაროთ. აქედან გამომდინარე განათლების საკითხი თვითდინებაზეა მიშვებული. არსებობს ინტერნეტი, მაგრამ ინტერნეტშიც ხშირად არ არის ხოლმე სანდო ინფორმაცია. მას უნდა დავუპირისპიროთ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი სამედიცინო ინფორმაცია. თვითონ კვლევების მიხედვიტ, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან ჩატარდა იმის შესახებ, საჭირო იყო თუ არა ამ საკითხებზე განათლების მიწოდება, მშობლები ამბობდნენ, რომ მასწავლებლებს უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია ბავშვებისთვის, მასწავლებლები მშობლებისკენ იშვერდნენ ხელს, თუმცა ორივე მათგანი უსვამდა ხაზს ინფორმაციის მიწოდების საჭიროებას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში მაღალია აბორტების რიცხვი და სხვათაშორის საგანგაშოა ის ვითარებაც, რომ ბევრი ფაქტი არასწრულწლოვნთა შორის ვლინდება, რაც გამოწვეულია იმით, რომ კონტრაცეფციებზე ინფორმაციას არ ფლობენ, ამ ფონზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის ამაღლება აუცილებელია.
- რას გვეტყვით, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებზე?
- საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბო რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებებია, რომელთა ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის, რომ მოსახლეობას აქვს შიში აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებით და ამიტომ არ მიმართავენ პროფილაქტიკას. აქვთ შიში, რომ ეს დაავადებები უკურნებელია. ასეთ დროს გზავნილი უნდა იყოს, რომ ადრეული აღმოჩენის შემთხვევაში ეს დაავადებები იკურნება. რაც უნდა ვიცოდეთ ამ მხრივ, არის ის, რომ პარტნიორების ხშირმა ცვლამ შესაძლოა პაპილომა ვირუსით დაავადება გამოიწვიოს, რაც შემდგომში იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს, ხოლო ჰორმონალური დისფუნქციები ხდება ძუძუს კიბოს გამომწვევი. ამიტომ, ქალმა უნდა იცოდეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით როგორ დააკვირდეს საკუთარ ორგანიზმს, რა ნიშნები არის ჯანმრთელობისთვის საშიში. მაგალითად, მენსტრუალური ციკლი, რომელიც ყალიბდება 18 წლის ზევით და არის სტაბილური, 23 და 31 დღემდე ვადით ითვლება ნორმალურ მენსტრუალურ ციკლად. ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ მენსტრუალური ციკლი არის გამონადენის პირველი დღიდან შემდეგი თვის გამონადენის პირველ დღემდე პერიოდი. ციკლის გადაცდომები არ უნდა იყოს ორ სამ დღეზე მეტი. თუ არის გადაცდომები, უნდა მიაკითხონ ექიმს, გამოიკვლიონ რა არის მიზეზი. მაგალითად, სახეზე თუ არის ხშირი გამონაყარი, ჭარბთმიანობა, ამ შემთხვევაში უნდა იცოდნენ, რომ ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ჰორმონალური დისბალანსით და დროული მკურნალობის შედეგად უნდა აღმოიფხვრას.
- სამწუხაროდ, არის ფაქტები, როცა სკოლის ასაკის გოგონები იკეთებენ აბორტს. რა ასაკიდან არის რეკომენდებული სქესობრივი ურთიერთობის დაწყება?
- არ არსებობს რეკომენდაცია, რომელიც განსზაღვრავს, თუ რა ასაკიდან არის რეკომენდებული სქესობრივი ცხოვრების დაწყება. ერთი რამე უნდა აღვნიშნო, არასრულწლოვანთან სრულწლოვანის სქესობრივი ურთიერთობა კანონით არის დასჯადი, მაგრამ თუ ეს მაინც ხდება, სქესობრივი ცხოვრების დაწყებას უნდა შეხვდნენ მომზადებული იმ კუთხით, რომ ჰქონდეთ ინფორმაცია სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. როგორიც არის არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, აივ-ინფექცია შიდსით დაინფიცირების რისკი და ა.შ. მათ უნდა იცოდნენ, როგორ უნდა დაიცვან თავი და გაითვალისწინონ მოსალოდნელი რისკები. სხვათა შორის, მეტ საფრთხეს ქალს უქმნის ნაადრევი ქორწინება, რადგან მისი ფიზიოლოგია მოუმზადებელია. არასრულწლოვნებში 3-ჯერ მეტია ჯანმრთელობის პრობლემების გართულებების რიცხვი, ზრდასრული ქალბატონების ასაკთან შედარებით.
- რა ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევმა ქორწინებამ ქალის ორგანიზმში?
- ეს შეიძლება იყოს მენჯის ძვლების დაზიანება, სისხლდენები მშობიარობის დროს, საშვილოსნოს ყელის დაზიანება, ინფექციების შეჭრა. გარდა ჯანმრთელობის პრობლემისა, თავს იჩენს სოციალური ფაქტორები, ის მოუზადებელია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ქორწინების მერე ხშირია შემთხვევები, როცა ეზღუდება განათლების მიღების, თვითგანვითარების უფლება, ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს ის, რომ არ არის მზად ზრუნვისათვის, ერთგულებისათვის, სტაბილური ურთიერთობებისათვის.
- როგორც წესი, ნააადრევი ქორწინების ერთ-ერთი მიზეზი სქესობრივი ურთიერთობის ლეგალურად გაფორმებაა... როგორ უნდა გადალახონს ახალგაზრდება ეს პერიოდი ისე, რომ მოსალოდნელი საფრთხეები აიცილონ თავიდან ?
- ახალგაზრდას უნდა დავეხმაროთ გაიაზროს ქორწინებასთან დაკავშირებული გამოწვევები და პრობლემები. ამის გაკეთება შეიძლება სხვადასხვა კუთხით, ვთქვათ სკოლებში ინერგება სწავლება, რომ ახალგაზრდებს დაეხმარონ გააზრებაში, თუ რა შეზძღუდვები, რა პრობლემები მოსდევს ამ ქორწინებას და შემდეგში სქესობრივი ცხოვრების ლეგალიზაციის ფორმად ქორწინება აღარ აირჩიონ. ხშირად ნაადრევი ქორწინების მიზეზი გოგონების მხრიდან არის დაბალი თვითშეფასების გამოვლენა, თვითდამკვიდრების პრობლემა. ამ შემთხვევაში უნდა დავარწმუნოთ, რომ მას აქვს უნარები, რესურსები, ავუმაღლოთ თვითშეფასება.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- როგორ შეაფასებთ მშობლების ქცევას, როცა ისინი მსგავს თემებზე შვილებთან არ საუბრობენ?
- მშობლებმა რომ შვილებთან ლაპარაკი შეძლონ, თვითონაც უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია. ასევე მნიშვნელოვანია შვილებს გაუჩინონ ნდობის განცდა. ხშირად უფროსებმა არც იციან, გარდატეხის ასაკში როგორ ელაპარაკონ შვილს. ეს არის ნორმისა და პათოლოგიის ზღვარზე მყოფი ფსიქიკა. გარდატეხის ასაკში მოზარდებს აქვთ სიამოვნებაზე ორიენტაცია, აწმყოზე ორიენტაცია, მათ მდგომარეობაში დროს და მომავალს ნაკლებად ექცევა ყურადღება. თავგადასავლების ძიება სიამოვნებთ. ემოციები, სქესობრივი ლტოლვა, ეს ყველაფერი მათთვის პრიორიტეტულია. ცდილობენ ვიღაცამ აღიაროს ისინი. ბევრი ვაჟი იწყებს სქესობრივ ურთიერთობებს თავის დამკვიდრების მიზნით, ბევრი - პარტნიორის ყოლით, არადა შეიძლება არც აქვს ასეთი მძაფრი შეგრძნებები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გარდატეხის ასაკში არ ამართლებს დირექტიული სწავლებისა და აღზრდის მეთოდები. უფრო მეგობრული დამოკიდებულება მისაღებია. თუ შვილს არ ეტყვი, ბავშვი ხარ და დამიჯერე, და როგორც ზრდასრულს დაელაპარეკები, შეიძლება ამ ფორმით უფრო დაიყოლიოთ და ააცილოთ მოსალოდნელ პრობლემებს.
- ხშირ შემთხვევაში მიზეზი ნაადრევი ქორწინებების, მშობლების მხრიდან სასიყვარულო ურთიერთობების აკრძალვა ხდება...
- ამგვარი დამოკიდებულებაც ერთგავრი მიზეზია ნაადრევი ქორწინების. ასეთ დროს უნდა ვუთხართ შვილებს, რომ გამოსცადონ ეს გრძნობა, დააკვირდნენ ერთმანეთს, გაიცნონ ერთმანეთი კარგად... მშობლებს აქვთ შიში და ახალგაზრდებს კი აქვთ მოთხოვნილებები დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყების, თუმცა ამისთვის მზად არ არიან.
- არის უამრავი შემთხვევა, როცა ქორწინების გარეშეც აქვთ ნაადრევ ასაკში სქესობრივი ურთიერთობები არასრულწლოვნებს...
- ამ შემთხვევაში კარგად დაფიქრება გვჭირდება, რადგან ხშირი სქესობრივი ურთიერთობები ჯანმრთელობის პრობლემების გამოწვევი ხდება და არ შეიძლება პარტნიორების ხშირი შეცვლა. ვენერიული დაავადებები, ანუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ჯანმრთელობის, მათგან ყველაზე გავრცელებულია სიფილისი, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, აივ-ინფექცია შიდსი, ისინი გადადის ერთი ადამინიდან მეორეზე უპირატესად სქესობრივი კავშირის შედეგად და ხშირად დაინფიცირება ხდება ახალგაზრდობის ასაკში, რასაც ხშირად თან ახლავს შარდსასქესო სისტემის დაზიანება, უშვილობა, ანთებითი პროცესები. სხვათა შორის, კვლევები ადასტურებს, რომ ამ ასაკში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე განათლების მიღება მაღლა სწევს სქესობრივი ურთიერთობის დაწყების ასაკს.
- სკოლებში სექესობრივი განთლების შემოღების იდეას ბევრი უყურებს სკეპტიკურად...
- კომპლექსები ამ კუთხით არსებობდა და დღემდე არსებობს, ეს უნდა გადაილახოს. იმიტომ, რომ ადამიანმა 21-ე საუკუნეში უნდა იცოდეს, როგორ ფუნქციონირებს მისი ორგანოები და ძირითადი სისტემები, მათ შორის გამრავლების სიტემაც. ამ კუთხით ცოდნა ბევრი პრობლემის მოგვარების პრევენცია.
- როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს სკოლაში რეპროდუქციული განათლების შესახებ სწავლება?
- ეს პროგრამა უნდა შემუშავდეს ადილობრივი კონტექსტის, ღირებულებების და პრობლემების გათვალისწინებით, ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობით და საერთაშორისო განათლებაზე დაყრდნობით, მშობლებთან მასწალებლებთან, ბავშვებთან კომუნიკაციის შედეგად.
- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც აუცილებელია ამ კუთხით საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა?
- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებში შეიძლება შევიდეს უფრო ისეთი საკითხები, მაგალითად, როგორიცაა მშობლებისა და შვილების პასუხისმგებლობები, გენდერული თემები. რაც შეეხება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე განათლების მიღებას, ეს გათვლილი უნდა იყოს მაღალ კლასებზე.
- არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ დაუცველი სქესობრივი კონტაქტით უფრო ხშირად ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, ვიდრე კაცებს...
- ქალებს უფრო ეხებათ ეს პრობლემები, იმიტომ, რომ ორსულობა და მშობიარობა ქალს ეხება და არა მამაკაცს. თან მამაკაცების მიმართ საზოგადოება უფრო ლოლიალურია სქესობრივი ურთიერთობების თავისუფლების კუთხით, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მამაკაცებს ნაკლებად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები. მამაკაცი შეიძლება დაავადდეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით და ვერც გაიგოს ამის შესახებ, თან რაიმე დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში შიშიც აქვს, მორცხვობის მომენტიც. დაინფიცირების შედეგად მამაკაცებს უზიანდებათ რეპროდუქციული სისტემა. შეეძლება შეექმნათ შვილოსნობის პრობლემა. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ არასასურველი ორსულობა, მხოლოდ ქალისთვის არ არის პრობლემა. მამაკაცის პრობლემაც არის. ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ახალგაზრდებს ვუხსნიდით, რა არის აბორტი და ამონარიდებს ვაჩვენებდით ცნობილი დოკუმნეტური ფილმიდან ’’ჩუმი ყვირილი“. მაშინ ორი ვაჟი მოვიდა და გვითხრა, ჩვენ არ ვიცოდით, აბორტი ასეთი საშინელება თუ იყო და რეალურად ცოცხალ არსებას თუ ჭრიდნენ ნაწილებადო. ამის შემდეგ პასუხისმგებელი ვიქნებით, ჩვენ გამო აბორტის გაკეთება არ მოუწიოს ქალსო.
რუსკა კილასონია