ქალი ბიჭს მამაკაცად ვერ აღზრდის ქალები ხშირად ჩივიან, რომ დღევანდელ ბიჭებს მამაკაცური აღზრდა აკლიათ, ამის შედეგად კი მოზრდილობაში კაცური ჩვევებიც არ აქვთ. ამაში სიმართლის ნაწილი შესაძლოა, მართლაც არის, მაგრამ მზად ვართ კი დედები მამაკაცური აღზრდის რთული ნორმები ჩვენს პირმშოზე გამოვცადოთ?
ფსიქოლოგთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, ქალი ბიჭს მამაკაცად ვერ აღზრდის, ეს მხოლოდ მამაკაცს შეუძლია, თუნდაც მამა არ იყოს. სამაგიეროდ, მამაკაცებს აღზრდის მიმართ თავისებური, ყოვლად არაქალური მიდგომა აქვთ.
შვილების აღზრდაში მშობლების როლი მკვეთრად არის გამიჯნული.
დედა - ეს სიცოცხლის წყაროა. მისი მოვალეობაა უყვარდეს, იზრუნოს, მოუაროს შვილს. მამა - ეს არის კანონი. ის აყალიბებს სოციუმს ოჯახში, შინაურ გარემოში ადგენს წესებს და კანონებს. შეუძლია და მოვალეცაა დააწესოს საზღვრები, განახორციელოს სანქციები და დააწესოს სასჯელი.
დედ-მამა განსხვავებულადაც საუბრობს. მამაკაცები უფრო "ძალისმიერები" არიან. რაც არ უნდა თბილი და მოსიყვარულენი იყვნენ, მამებს ყოველთვის შეუძლიათ მკაცრად თქვან, რომ "ეს უნდა გაკეთდეს" ან "არ უნდა გაკეთდეს."
მამის სიტყვა დედისაზე უფრო ძლიერია. ანუ მამის სიტყვა კანონია, დედისა კი - მხოლოდ მისი მოსაზრება, სურვილი ან თხოვნა.
დედის სიტყვას ნაკლები წონა აქვს. ყველაზე მეტს დედა ყვრის, ხშირად ძალიან მკაცრია, მაგრამ ბავშვები ადვილად უყრუებენ ყურს.
დედის ამოცანაა მიიღოს და დაიცვას შვილი ნებისმიერ გარემოებაში. შვილის ნებისმიერი ქცევაც დედისთვის გასაგებია. მამის ამოცანა კი ასეთია - არ დაარღვიოს თავის მიერ დაწესებული წესრიგი, მეტიც, დედასაც მოსთხოვოს, პატივი სცეს მის წესებს.
არსრულ ოჯახში საქმე გაცილებით რთულადაა. ან დედამ უნდა ცვალოს თავისი ფუნქციები, ან მამის როლი ოჯახის წევრმა სხვა მამაკაცმა უნდა იტვირთოს.
თანამედროვე დროში ეს ფუნქციები ხშირად ერთმანეთში არეული ან შესუსტებულია, განსაკუთრებით კი მამის. თუ ოჯახში მამა სათანადოდ არ კისრულობს ვალდებულებას, ბავშვი ვერ სწავლობს, სად გადის მისთვის დასაშვები ქცევის საზღვრები. მან ან ყველა საზღვარი უნდა დაარღვიოს, ან "ერთ ადგილზე" გაიყინოს დამფრთხალი. როცა დედა ცდილობს ამ საზღვრების დადგენას და კაცური სიმტკიცის გამოჩენას, ბავშვი საბოლოოდ დედას მაინც არ უსმენს, სამაგიეროდ მისგან ვეღარც სიყვარულს იღებს, სასჯელს კი უსამართლობად აღიქვამს.
საბოლოოდ, დედის მცდელობა, თავის თავზე აიღოს წესრიგის დამამყარებლის როლი ოჯახში - არაეფექტურია. ნებისმიერ ბავშვს, გოგო იქნება თუ ბიჭი, ქვეცნობიერად ურჩევნია კაცს დაუჯეროს, ვიდრე ქალს. ეს კი თანამედროვე დედისთვის სულაც არ არის კომფორტული პოზიცია.
თუ ამის აუცილებლობა არსებობს, დედ-მამა ერთად უნდა შეთანხმდეს ოჯახურ წესებზე. მაგრამ მათ მამა გაახმოვანებს. დედის საუკეთესო პოზიცია, რომ ბიჭუნასგან მამაკაცი გამოზარდოს, ეს მამის პოზიციის მხარდაჭერა და აღზრდის საკითხებში მისი მხარში დგომაა.