"როცა შვილი გაგვიჩნდა, ჩემი ქმარი მილოცვებს არ იღებდა..."
სქესის გამო ორსულობის შეწყვეტის და ნაყოფის მოცილების ფაქტები, ქართული სინამდვილისთვის უცხო არ არის. თუმცა მიზეზები, რის გამოც ნაყოფი სელექციური აბორტის მსხვერპლი ხდება, ძნელია მოაქციო ლოგიკის ჩარჩოებში. თუნდაც ის ფაქტი, რომ 1990-2010 წლების პერიოდში დაახლოებით 25,000 გოგონა "გაქრა", გაეროს მოსახლეობის ფონდისა და მსოფლიო ბანკის კვლევის თანხმად და ეს ტენდენცია თუ კი გაგრძელდება, რიცხვი 2020 წლისთვის 40,000-მდე, ხოლო 2050 წლისთვის – 80,000-მდე გაიზრდება, მიანიშნებს იმაზე, თუ რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე.
იმისათვის, რომ გაგვეგო, ძირითადად რა ფაქტორების გამო ამბობენ მშობლები შვილებზე უარს და ამ მხრივ რა მოსაზრებები აქვთ თანამედროვე დედებს, სოციალური ქსელის საშუალებით, სხვადასხვა ჯგუფში ვთხოვეთ ქალებს, გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში არ იყო მოლოდინი იმისა, რომ ვინმე ხმამაღლა იტყოდა იმის შესახებ, თვითონ თუ გაიკეთა აბორტი. დაფიქსირებულ კომენტარებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიჭი შვილის მიმართ უპირატესობის მინიჭება "გვარის გაგრძელების" თემას უკავშირდება. ხშირია ფაქტები, როცა მამაკაცებს, რომლებსაც გოგონები უჩნდებათ, ამცირებენ. არის ასევე შემთხვევები, როდესაც მამაკაცი მალავს, რომ მას გოგო გაუჩნდა, აცმევს მას ცისფერ ტანსაცმელს, ცდილობს გაზარდოს ისე, როგორც გაზრდიდა ბიჭს, თუმცა რასაკვირველია, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი მჟღავნდება... შესაბამისად, როდესაც მამაკაცი სხვისი ზეგავლენის ქვეშ ექცევა და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რას იტყვიან მისი გარეშემო მყოფები, იგი "პრობლემის" მოგვარების გზას იმაში ხედავს, რომ ცოლს აიძულოს, თავიდან მოიცილოს არასასურველი სქესის ბავშვი. ჩვენ მიერ გამოკითხული მშობლები იმასაც უსვამენ ხაზს, თუ როგორ უცხადებენ "სოლიდარობას"ქალბატონებს, რომლებიც მეორე ჯერზეც, მესამე ჯერზეც გოგოს ელოდებიან:
"ჩემმა მულმა როცა იმშობიარა, მივაკითხე და გინეკოლოგები ერთ-ერთ გოგონაზე ნერვიულობდნენ: - ნეტავ როგორაა ის გოგოო? ვიკითხე, რა ხდებოდა, თურმე მოსული იყო გოგო, რომელიც მესამეზეა ორსულად და ორი გოგონა ჰყოლია... მეუღლეს უთქვამს: “მე არ მინდა და უნდა მოიცილოო..."
"მოგვწონს ღმერთთან თამაში. რატომღაც გვგონია, რომ გვაქვს უფლება, გადავწყვიტოთ, ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ უნდა მოვკლათ".
"ბიჭი შვილი თაობის, გვარის, ქვეყნის გამგრძელებელია. ბიჭი შვილი ოჯახში აუცილებელია. ღმერთმა ყველა ოჯახს მისცეს ვაჟკაცი, საქართველოს ძალისა და გაძლიერებისთვის".
"ქმრების დამსახურებაა, გვარის გამგრძელებელი რომ უნდათ და ცოლებს აიძულებენ აბორტის გაკეთებას".
"ახლობელმა გაიკეთა აბორტი, გოგო უნდოდა და ექომ ბიჭი უთხრა. ვერ ვიგებ ასეთ მიდგომას".
„ორი გოგო მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ. რომ მეკითხებიან და ვპასუხობ, ორი გოგო მყავს-მეთქი, მეუბნებიან: "არა უშავს, მესამე იქნებაო ბიჭი". ამ დროს მინდა შუაში გავგლიჯო, ვინც ასე მეუბნება.
"2 გოგო მყავს და ვინც იგებდა, რომ მეორესაც გოგოს ველოდებოდი, ყველა "მამშვიდებდა": არა უშავს, ნუ გეშინია, ბიჭიც გეყოლებაო. გაოცებული ვუყურებდი, არ მეშინია, ძალიან ბედნიერი ვარ, მეორეც გოგო რომ არის-თქო და ბიჭიც მეყოლება, რა თქმა უნდა, თუ განგება ინებებს..."
"პირველზე რომ დავრჩი, მეუღლე გოგოს სახელებს არჩევდა. რომ გაიგო, ბიჭი იყო, რაღას იზამდა... მეორეზე 7 წლის მერე დავრჩი და ისევ გოგოს სახელებს არჩევდა... მათითაშვილმა მითხრა, გოგოაო. მეუღლე მოვატყუე, ბიჭია-თქო... მე უკეთ ვიცი, ვინ გავაკეთე, ვიდრე მაგათმაო".
"თითქმის ათეული წელი გინეკოლოგების რიგში მაქვს გატარებული. უამრავი შერჩევითი აბორტი მინახავს. ერთხელ, ქალს ორმა შვილმა მოაკითხა, 10 და 12 წლის გოგონები იქნებოდნენ და დედა წაიყვანეს. იმედია, გადაარჩინეს პატარა გოგო სიკვდილს".
"ჩემს დედამთილს და მამამთილს უნდათ, რომ ქმარს დამაცილონ, ეუბნებიან, სხვა ცოლი შეირთოს, იქნებ იმან მაინც გაგიჩინოს ბიჭიო!
"გოგო შვილიშვილს არ აღიარებენ. გათხოვდება და ჩვენი ქონება ვიღაც სხვა გვარისას დარჩებაო!"
"ჩემმა მეგობარმა სამი აბორტი გაიკეთა, "ბიჭის მოლოდინში", ოღონდ არ ვიცი, ოჯახის წევრების გავლენა იყო თუ თვითონ უნდოდა ბიჭი..."
"მე ისიც გამიგია, ოჯახები რომ დაუნგრევიათ და სხვა ქალებთან წასულან მარტო იმიტომ, რომ მათ "ბიჭი აჩუქეს"..."
თითქოს თანამედროვე მშობლების უმრავლესობა წინააღმდეგია სელექციური აბორტების, თუმცა პრობლემა აქტუალურია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რომ აუცილებელია ამ კუთხით, ამაზე წესით არ უნდა ვიდაოთ.
რუსკა კილასონია