"არასოდეს ავიწყდება, რომ სახლში ელოდება ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცნობს მისი ნაბიჯების ხმას და ერთი ამოსუნთქვით ჩაირბენს კიბეებს მისთვის კარის გასაღებად" ...რომ მკითხონ, რატომ გიყვარსო, ვერ ვუპასუხებ... არ ვიცი, რატომ მიყვარს... და მაინც მთელი დღე და ღამე ვფიქრობ ადამიანზე, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობს...
ნივთებს ყოველთვის უწესრიგოდ ყრის; არასოდეს იცვამს ოთახის "ჩუსტებს", თუ მე არ მივუტან და ჩავაცმევ; ჩაის იმხელა ხმაზე ხვრეპს, დაძინებულს გაგაღვიძებს მისი ხმა; საჭმელს ძირითადად ქვაბიდან ჭამს; წვერს ზოგჯერ საერთოდ არ იპარსავს და თმასაც არ ივარცხნის ხშირად, იმიტომ, რომ არ სჭირდება მის თმას დავარცხნა. ბევრს არ ლაპარაკობს ჩემთან, თვალებით ვხვდები, რა უნდა... სამაგიეროდ შეუძლია დაუსრულებლად "მისმინოს", ანუ ისეთი სახე მიიღოს, ვითომ ინტერესით მისმენს...
თვითონ იშვიათად მიყურებს თვალებში, მაგრამ თუ შემომხედავს, მაშინვე ყველაფერს კითხულობს... თითქმის ყოველთვის კარგ ხასიათზეა და უყვარს, როცა მეც მაცინებს... ხშირად არ მანებივრებს კომპლიმენტებით და ბრჭყვიალა სიტყვებით, მაგრამ ყოველთვის ვხვდები, რას მეტყოდა, თქმა რომ შეეძლოს; ზოგჯერ რაღაცებიც ავიწყდება... მაგრამ არ ავიწყდება სახლში ამოსვლისას მაღაზიაში შესვლა და ტკბილეულის ყიდვა ( ჩემთვის)...
არ ავიწყდება ყოველ დილა-საღამოს ხატებთან დადგომა და ლოცვა მისი ოჯახისათვის... და არასოდეს ავიწყდება, რომ სახლში ელოდება ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცნობს მისი ნაბიჯების ხმას და ერთი ამოსუნთქვით ჩაირბენს კიბეებს მისთვის კარის გასაღებად...........
...მაინც მგონია, კითხვაზე, რატომ გიყვარს ადამიანი, არ უნდა გქონდეს პასუხი, თუ მართლა გიყვარს...
ნინო ჩიტაშვილი