ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, პირად ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნებები რომ დაგავიწყოთ განქორწინება მძიმე განსაცდელია და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული სიტუაცია ადამიანის ცხოვრებაში. მისი შედეგების გადატანა რთულია, მაგრამ უნდა მოახერხოთ, რადგან ცხოვრება გრძელდება და წინ ბევრი ისეთი რამაა, რის გამოც ღირს ცხოვრება. როგორ უნდა დააღწიოთ თავი ამ მდგომარეობას სულიერი და ფსიქიკური ტრავმის გარეშე? როგორ უნდა მოახერხოთ, რომ ცხოვრების ეს ეტაპი იქცეს თქვენს გასაზრდელად და დასაბრძენებლად? ვინ იცის, იქნებ ის, რაც ახლა უბედურება გგონიათ, ახალი ბედნიერების გასაღები იყოს?
პირველ რიგში ახალი საქმე უნდა იპოვოთ. თუ გაქვთ სამსახური, განახლებული ძალებით უნდა შეუდგეთ მუშაობას, ახალი მიმართულებები აითვისოთ, ახალი ცოდნაც კარგი იქნებოდა, ან იპოვეთ ახალი ჰობი, გატაცება – ეს ყველაფერი თქვენს თვითშეფასებასაც აამაღლებს, ფიქრისთვის ბევრ დროსაც არ დაგიტოვებთ და დაგეხმარებათ განქორწინების თუ უსიამოვნო მოგონებების დავიწყებაში. სამუშაო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, პირად ცხოვრებაში უსიამოვნებებისგან რომ გადაგრთოთ.
არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვითგვემა და საკუთარი თავის შებრალება. თუ ეს მოხდა, მხოლოდ თქვენი ბრალი არ არის და თუ თავს რამეში გრძნობთ დამნაშავედ, ეცადეთ, მომავალში არ დაუშვათ იგივე შეცდომები, ჭკუის სასწავლებლად გამოიყენეთ და არა დარდისა და ბოღმის გასაძლიერებლად.
არ დაგავიწყდეთ, ხშირად გაიღიმოთ. მით უმეტეს, თუ თქვენ გვერდით თქვენი შვილია. ის ისედაც განიცდის და თქვენი დარდი თუ დეპრესია უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს. ხშირად გაიღიმეთ, გულზეც მოგეშვებათ და ოპტიმიზმიც დაგიბრუნდებათ.
ახლა მეტი დრო გექნებათ, საკუთარ თავზეც იზრუნოთ. აქამდე გარკვეულ დროს მეუღლეზე ზრუნვასაც ხომ უთმობდით? ახლა შეგიძლიათ, ის დრო თქვენს მოვლას დაუთმოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე.
არ ჩაიკეტოთ ოთხ კედელში, ყოველთვის არსებობს გამოსავალი. იარეთ მეგობრებში, იმხიარულეთ, გადააყოლეთ დარდი ჯანსაღ გართობას – იარეთ კინოში, თეატრში, ლაშქრობაში. მიიღეთ ახალი ემოციები და შთაბეჭდილებები, გაიცანით ახალი ადამიანები. მით უმეტეს, თუ მარტო ხართ, მარტოობა აუცილებლად შეივსეთ რამით.
მეხსიერებიდან ნუ ამოშლით წარსულს. იქ ხომ რაღაც კარგიც იყო? გაიხსენეთ, რა არ მოგწონდათ ამ ქორწინებაში და რა იყო კარგი. თქვენ ხომ უბრალოდ კი არ გაიყარეთ, კონკრეტული დასკვნებიც გააკეთეთ, რომლებიც მომავალში გამოგადგებათ. ამით ხომ არ მთავრდება ყველაფერი? იქნებ შემდეგმა არჩევანმა ისე გაამართლოს, რომ ყველაფერი ცუდი დაგავიწყოთ?
kidshealth.org-ის მიხედვით