ჩვენ ბავშვობიდან არავინ გვიჩიჩინებს იმას, რომ ქალებზე ძალადობა ცუდია ბოლო პერიოდში მამაკაცების მიერ ცოლებზე გახშირებულმა ძალადობამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სოციალურ ქსელში თემას გამოეხმაურა იუმორისტი ნიკა ქავთარაძეც. ''დღეს ერთმა ჩემმა ყოფილმა გოგომ შემიქო საჯარო განცხადებები მოძალადე ქმრებზე და ქალების უფლებებზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ განცხადებებს არ აქვთ მაქსიმალური თანხვედრა ჩემს ნამდვილ სახესთან, ამიტომ საჭიროდ ვთვლი განვმარტო:
1. ჩემს ცხოვრებას მხოლოდ ბულბულების ჭიკჭიკით შესრულებული კლასიკური მუსიკა არ სდებია ფონად.
2. მეც მიყვირია.
3. მეც გამიტეხია ტელევიზორის პულტი, მობილური, ჭიქა, გაბრაზებულს.
3. მეც მიმიყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა.
4. მეც დამიდგამს დრამატული სცენები ეჭვიანობის გამო.
ამიტომ მეც ვარ მოძალადე და ამ მოძალადეს ვებრძვი მთელი ცხოვრება. და ზუსტად ვიცი, რომ თუ გავიაზრებთ, რაც გვჭირს, მაშინ პრობლემის მოგვარება ბევრად ადვილია.
ბოდიშს ვუხდი ყველა ქალს, ვისთვისაც გული მიტკენია და შეურაცხყოფა მიმიყენებია.
მე ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ქალებზე!!!
პ.ს. ყველა მათგანი ცოცხალია, ჯანმრთელია და ბევრად ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ჩვენი ერთად ყოფნისას", წერს ნიკა საკუთარ ''ფეისბუქზე''. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ნიკას რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- ნიკა, შენი აზრით, რატომ იმატა საქართველოში ქალზე ძალადობის რიცხვმა?
- პირველ რიგში იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ქალზე ძალადობა საშინელებაა. რისი ბრალია ეს, გაუნათლებლობის, თუ კიდევ სხვა რამის, ეს უკვე დისკუსიის თემაა. მთავარი ისაა, რომ ჯერჯერობით საზოგადოება ვერ თანხმდება, რომ ეს ცუდია. ასეთი ამბების გავრცელებისას პირველი რეაქციაა, ალბათ ღირსია, როგორც ჩანს, ისეთი რამ ჩაიდინა, რომ მოძალადე წყობიდან გამოვიდაო. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ძალადობის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა. მსხვერპლი ცალსახად ცოდო არაა. ჩვენ ყოველთვის მოძალადეს ვამართლებთ და არ ვიცავთ მსხვერპლს. ძალადობის ფაქტების მომრავლების მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ახლა უფრო მეტი ინფორმაცია მოგვეწოდება. არსებობს უამრავი ინსტიტუტი და ორგანიზაცია, რომელიც ასეთ ფაქტებს იკვლევს.
- ადრე შესაძლოა, ამდენი ინფორმაცია არ ვრცელებოდა, თუმცა ქმრების დიდი რაოდენობა ცოლებზე ძალადობდა?
- ჩვენი საზოგადოების ქალები ფიქრობდნენ, რომ როდესაც მათზე ძალადობდნენ, არ უნდა ეთქვათ. ქალებს დღემდე ეშინიათ, თუ ისინი იტყვიან, რომ ძალადობის მსხვერპლნი არიან, საზოგადოება მათ მიმართ არასოლიდარული იქნება და იმ მიზეზების ძებნას დაიწყებენ, რის გამოც ქალი მსხვერპლი გახდა. ჯერჯერობით ეს ყველაზე დიდი პრობლემაა.
ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც რამდენიმე ინსტიტუტი ხმამაღლა ქადაგებს, რომ ქალი და კაცი თანაბარი არაა. ჩვენ ბავშვობიდან არავინ გვიჩიჩინებს იმას, რომ ქალებზე ძალადობა ცუდია. გვასწავლიან, რომ შენ უნდა იყო მგელი და თავზე არავინ უნდა დაგაჯდეს. უცნაური ტონით ამბობენ ხოლმე, ქმრები ცოლებს უცხოეთშიც კლავენო. ადამიანი ყველგან შეიძლება იყოს ცუდი, მაგრამ მთავარია, საზოგადოება რას ამბობს მოძალადეზე. საზღვარგარეთ როდესაც მეზობელი სახლიდან ცოლ-ქმრის ჩხუბის ხმა ისმის, მაშინვე პოლიციას იძახებენ. ჩვენთან პოლიციელს იძახებენ, თუ ქეიფისა და სიმღერის ხმა ისმის ოჯახიდან. თუ ადამიანს კლავენ, ამბობენ, რა შენი საქმეა, კარი დაკეტეო.