"ცოლსაც და ქმარსაც უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე... წყვილის მიზიდულობა ისევ ჩნდება, თუ მეორე ადამიანი თვითკმარი და ბედნიერია..." - ფსიქოლოგი წყვილების მთავარ პრობლემებზე
"ცოლსაც და ქმარსაც უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე... წყვილის მიზიდულობა ისევ ჩნდება, თუ მეორე ადამიანი თვითკმარი და ბედნიერია..." - ფსიქოლოგი წყვილების მთავარ პრობლემებზე
ცოლ-ქმრის ურთიერთობაში შესაძლოა, რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, გაუცხოების პრობლემა დადგეს და ერთმანეთის ისე აღარ ესმოდეთ, როგორც წლების წინ. მსგავსი პრობლემის წინაშე შეიძლება ახალდაქორწინებულებიც აღმოჩნდნენ და რამდენიმე წლის ცხოლ-ქმარიც. რა არის ურთიერთობების ძირითადად ხელშემშლელი ფაქტორი, რაში დაგეხმარებათ წყვილების ფსიქოლოგი და რა დროს უნდა მიმართოთ მას - გვესაუბრება ქცევითი ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი, მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი.
-წყვილების ფსიქოლოგია საკმაოდ კომპლექსური და რთული მიმართულებაა, მათი კონსულტირება კი სპეციფიურ, ვიწრო დარგობრივ ცოდნას მოითხოვს. წყვილის თანადროული კონსულტირება კონსულტანტის მხირდან ფასილიტაციის მაღალ უნარებსა და წყვილთა ფსიქოლოგიის სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს.
ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან ეს სფერო ძალიან განვითარებულია. ჩვენს შემთხვევაში, უფრო ხშირია წყვილების ინდივიდუალური კონსულტაცია, ცალ-ცალკე მისვლა და პრობლემის ამგვარად დამუშავება. წყვილები დახმარებას მიმართავენ მაშინ როდესაც თანაცხოვრების სხვადასხვა ასპექტში, გარკვეული დისკომფორტის სერია იწყება, როდესაც წყვილი ვეღარ იღებს სიამოვნებას და აქ არ იგულისხმება მხოლოდ სექსუალური სიამოვნება, არამედ თანაცხოვრების სიამოვნება და საერთო თემა, რომელიც შეიძლება ცოლ-ქმარს აღარ გააჩნდეს. პრობლემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიგნალად უნდა ჩავთვალოთ თვითაღქმა - ანუ როგორ აღიქვამ საკუთარ თავს პარტნიორის გვერდზე, თუ ეს შეგრძნება გაუარესდა და გარკვეულ დისკომფორტებს ქმნის, რეკომენდებულია წყვილმა მიმართოს სპეციალისტს.

- ძირითადად რა პრობლემების გამო მოგმართავთ ცოლ-ქმარი, რაში სჭირდებათ ხოლმე დახმარება?

- სექსუალური პრობლემებით ძალიან ხშირად მოგვმართავენ ხოლმე. თუ ეს პრობლემა მხოლოდ ფიზიოლოგიური
ხასიათის არ არის და მენტალური ბლოკებიდან მომდინარეობს, ჩვენ ვმუშაობთ მათ დახმარებაზე.
ხშირად ორივე პარტნიორი ჯანსაღია, არ ჰქონიათ მსგავსი პრობლემა სხვასთან, თუმცა ემოციური შეუთავსებლობის გამო, ვერ ახერხებენ სიამოვნების მიღებას კონკრეტულ პარტნიორთან.
ხშირი მომართვიანობაა ასევე ემოციური გაუცხოვების გამო, რომელიც ძირითადად მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დგება.
mshoblebi

- ყველაზე ხშირად, რა უშლის წყვილის ჰარმონიულ ცხოვრებას ხელს?

- ხელის შემშლელი მრავალი ფაქტორი არსებობს, თუმცა მათგან ყველაზე საინტერესო პიროვნების როლებია და მათი თავსებადობა ერთმანეთთან.
სამი ძირითადი როლი არსებობს ურთიერთობაში: 1. მამის/დედის როლი 2. კაცის/ქალის როლი 3. შვილის როლი. ჰარმონიულია ურთიერთობა მაშინ, თუ პარტნიორები ერთმანეთისგან გასხვავებულ-შემავსებელ როლებს იღებენ.
მაგ.: ქალი-ბავშვი მამაკაცისგან მოითხოვს "მამის" როლს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორი უნდა იყოს დომინანტი, მზრუნველი, მფარველი და კიდევ ყველაფერი ის, რაც ქალისთვის მამის არქეტიპში ერთიანდება. თუ ქალი-ბავშვის პარტნიორიც ბავშვია, ვერცერთი ვერ იღებს იმას, რაც სჭირდება და არის გაუთავებელი შეუთანხმებლობა იმის შესახებ, თუ რომელია უფრო ეგოისტი მათ შორის. სინამდვილეში ორივე მართალია და ორივეს ესაჭიროება განსხვავებული პარტნიორი, რომელიც მათზე მზრუნველობას შეძლებს.
ჰარმონიის დარღვევის მეორე ძირითადი მიზეზი ნეგატიური ასოციაციებია. ადამიანს ქცევის განმეორების ან არ გამეორების სურვილს პოზიტიური და ნეგატიური ასოციაციები განსაზღვრავენ. მაგალითისთვის, ბევრი კაცისთვის ცოლი ასოცირდება სახლის პრობლემებთან, გადასახადებთან, ჩხუბთან, იმედგაცრუებასთან, უკმაყოფილებასთან და სხვა და პირიქით, შეიძლება იყოს ქალისთვისაც გარკვეული უსიამოვნო ასოციაციები, რომელიც თანაცხოვრების მანძილზე პარტნიორის მიმართ დაგროვდა. ადამიანის ფსიქიკა მიდრეკილია დისკომფორტის თავიდან არიდებისკენ, შესაბამისად, პასუხი მარტივია: ვინც ასოცირდება დისკომფორტთან, მისგან განრიდება ბუნებრივად სტიმულირდება.

- როგორი დამოკიდებულება აქვს ახალგაზრდა წყვილს ერთმანეთის მშობლებისადმი, რამდენად ითვალისწინებენ მათ რჩევებს და მსგავსი რჩევები რამდენად უშლის ხოლმე ხელს წყვილებს შორის ურთიერთობას?

- მშობლების თემა ჩვენს რეალობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ხშირად წყვილს მათთან ერთად თანაცხოვრება უწევს და ამ შემთხვევაში, ჩარევის ხარისხი საკმაოდ მაღალია ხოლმე. თუ ცალკე ცხოვრების შესაძლებლობა არ არსებობს, მაშინ მნიშვნელოვანია დისტანციის დაცვა. ორივე პარტნიორი ყურადღებით უნდა იყოს, რომ რომელიმე მშობელი მეუღლის კომპეტენციაში არ შეიჭრას, მზრუნველური განზრახვით და არ შეზღუდოს მისი პირადი სივრცე.
მათი რჩევების გათვალისწინება ცუდი არ არის, თუმცა ყოველთვის უნდა იყოს ზღვარი გავლებული რჩევასა და იძულებას შორის.

- კოლექტიური ცხოვრება, როდესაც ოჯახში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი ერთადაა, რამდენად უშლის ცოლ-ქმრის ურთიერთობას ხელს?

- ვთვლი, რომ წყვილი დამოუკიდებლად უნდა ცხოვრობდეს, რადგან თაობებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გარდაუვალია, მისი სწორად აღქმა და განეიტრალება კი ცოტას თუ შეუძლია.

- აღნიშნეთ, რომ სექსუალური შეუთავსებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რას ურჩევთ ხოლმე ამ დროს წყვილებს?

- მნიშვნელოვანია განისაზღვროს შეუთავსებლობის მიზეზი, თუ ის ფიზიოლოგიური არ არის და არც წყვილების როლებშია რაიმე პრობლემა, მაშინ მივდივართ ზოგადად "აწმყო მომენტით" ბედნიერების პრობლემამდე, რომელიც ზოგად და ძალიან გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. აქ იგულისხმება აწმყო ანუ ერთადერთ რეალურ დროში ცხოვრება (განცდის დონეზე) და ბედნიერების განცა "აქ და ამჟამად" პრინციპით. დაფასება იმისა, თუ რა გაქვს დღეს და არა ბედნიერების გადავადება ხვალისთვის, რომელიც არასდროს არ დგება, რადგან ეს დრო სინამდვილეში მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს. როგორც კი თენდება მეორე დღე - ე.წ. "ხვალ" ის უკვე არის ჩვენი აწმყო, რომელსაც ისევ ვერ ვაფასებთ. ამ შემთხვევაში ვურჩევთ სულიერი განვითარების პრაქსის, რომელიც "აქ და ამჟამად" მომენტში გვაბრუნებს და გვეხმარება რეალური დროის შეგრძნებაში. "ბედნიერება დეტალებშიაო " ამბობენ და მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, წყვილი იქამდე ვერ იქნება ბედნიერი, სანამ დიდი სამომავლო ბედნიერების მოლოდინისგან არ გათავისუფლდება.

- როგორ უნდა მოიქცეს ცოლ-ქმარი, როდესაც ატყობს, რომ მათ შორის რომანტიკული ურთიერთობები განელდა?

- ეს არის ალბათ პირველი კითხვა, რასაც ადამიანები კონსულტანტებთან სვამენ. ძალიან მნიშვნელოვანია, დავსვათ კითხვა, თუ რატომ მოხდა ეს. მხოლოდ თანაცხოვრების ხანგრძლივობა არ არის ამაზე პასუხი. შესაძლებელია ახალდაქორწინებულებსაც გაუჩნდეთ მსგავსი პრობლემა. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა და ვიცოდეთ, რატომ ხდება გაუცხოება. თუ გაუცხოვების მიზეზი ერთფეროვნება და სტიმულების დაჩლუნგებაა, მნიშვნელოვანია სიახლეები შევიტანოთ ყოველდღიურ რუტინაში. ქცევის მოულოდნელი ცვლილება ამ დროს ყველაზე მარტივად აღვიძებ ხოლმე ძველ ემოციებს, ის ისევ ისეთი საინტერესო და ამოუცნობი ხდება პარტნიორისთვის.

- თანაცხოვრების დროს ხშირად ქალებიც და მამაკაცებიც დუნდებიან, აღარ უთმობენ საკუთარ თავს და ერთმანეთისთვის"გამოპრანჭვას" დროს, ეს რამდენად აქტუალური პრობლემაა და რამდენად შეუძლია მსგავს დამოკიდებულებას დაბრკოლების შექმნა?

- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს იმან, რომ ცოლმა ან ქმარმა საერთოდ აღარ მიაქციოს ყურადღება თუნდაც გარეგნობას, საკუთარი თავისთვის დროის დათმობას. აქ მხოლოდ მოწესრიგება არ იგულისხმება. აქ შედის ის, რომ თუნდაც პირადი სივრცე დაიტოვოს ქალმაც და მამაკაცმაც. როდესაც სრული აღრევაა და საერთოდ არ არის გამოთავისუფლებული საკუთარი, ინდივიდუალური დრო, მანდ ხშირად ხდება ხოლმე მობეზრება და ემოციური გადაწვა, რომელიც შემდეგ ერთ ფრაზაში ერთიანდება და "ერთმანეთის ამოწურვით" სახელდება. სინამდვილეში თითოეულ ჩვენგანს ამოუწურავი რესურსი აქვს იმისა, რომ იყოს ყოველთვის ახალი და სხვა.

- რა რჩევა შეგიძლიათ მისცეთ თანამედროვე წყვილებს, რაზეც ფიქრობთ, რომ გამოადგებათ ურთიერთობის პროცესში?

- პირველ რიგში, ორივეს, ქალსაც და კაცსაც, უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე და თავადაც უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის გაბედნიერება. ორივე მხარეს მიზიდულობა ჩნდება მაშინ, თუ მეორე ადამიანი თვითკმარი და ბედნიერია. საკუთარი თავის შეყვარებაზე და მიღებაზე ხშირად საუბრობენ და სწორედ ეს არის ის, რაც მეორე ადამიანს ჩვეგან სჭირდება.
მეორე, რასაც ვურჩევდი, არის კითხვების დასმა: როგორ სარკეში ვახედებ მე ჩემს პარტნიორს? როგორია მისი თვითაღქმა და თვითგანცდა ჩემ გვერდით? თავი შეიძლება როკვარსვლავიც ეგონოს და უკანასკნელი ლუზერიც, მოკლედ, აუცილებლად გაარკვიეთ, ვინ არის თქვენი პარტნიორი თქვენს გვერდით და მოსწონს თუ არა მას საკუთარი თვითგანცდა.
დააკვირდით, რა ემოციებს უტოვებთ პარტნიორს, რომელ ემოციებს ითხოვთ მისგან სანაცვლოდ, გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა საყვარელი რიტუალური სახის აქტივობა ან უბრალოდ დრო ერთმანეთისთვის, ამის შემდეგ კი მიმართეთ იმპროვიზაციას. სტატიკური არაფერია სამყაროში და მათ შორის არც ურთიერთობებია გამონაკლისი.

თამარ იაკობაშვილი

1724
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
.... -ს
0
სანამ შემიყვარდებოდა და გავთხოვდებოდი მეც მაღიზიანებდა მსგავსი ფაქტები მეგობრებისგან რომ მესმოდა, მაგრამ როცა თავდავიწყებით გიყვარს, მისგანაც ასეთ სიყვარულს, მზრუნველობას, ერთადერთობას იღებ, არანაირად არ მაწუხებს და არ ვთვლი რომ ეს პათოლოგიაა, გვიყვარს ერთმანეთი და ვსუნთქავთ ერთმანეთით.... ასე რომ ინდივიდუალურია ყველაფრის მიმართ მიდგომა
23:45 / 15-06-2020
...
0
აი, ესაა პრობლემა, პირადი სივრცე არ მაქვს, მას უნდა ყველგან წამომყვეს და შეუძლია დაქალებშიც კი ჩამიჯდეს.ცოლი და ქმარი სულ ერთად უნდა დადიოდნენ:) სამსახურშიც კი უნდოდა რომ დავჯდომოდი მთელი დღე.უნდა გვქონოდა საერთო ფბ და დასამალი არაფერი ყოფილიყო.:) დაქალთან მარტო მინდოდა დასასვენებლად წასვლა და ესეც კი მიუღებელია მისთვის
11:01 / 30-05-2020
მსგავსი სიახლეები