რძალ-დედამთილის, სიძე-სიდედრისა თუ რძალ-მულების ურთიერთობა ქართული ოჯახების ყველაზე ემოციური და კონფლიქტური თემაა. როდესაც სახლში რამდენიმე თაობის წარმომადგენელი ერთად ცხოვრობს, ინტერესებისა და ღირებულებების განსხვავებულობის გამო, ხშირია კონფლიქტები და უთანხმოება. ზოგი კი კარგად ახერხებს უფროსი თაობის წარმომადგენლების გამოცდილების გაზიარებასა და რეკომენდაციების მიღებას. უნდა ცხოვრობდნენ თუ არა ერთად რამდენიმე თაობის წარმომადგენელი, ამ შეკითხვით სოციალურ ქსელში მივმართეთ ინტერნეტმომხმარებლებს და საინტერესო პასუხებიც მივიღეთ:
არანაირად არ მივესალმები. ერთადერთი დადებითი მხარეა ის, რომ გეხმარებიან ბავშვის მოვლასა თუ სახლის საქმეებში, მაგრამ ამ პროცესშიც და სხვა დანარჩენშიც იმდენი აზრთა სხვადასხვაობაა, რომ ძალიან ცუდად მაქვს ნერვები. რაც არ უნდა კარგები იყვნენ, უკეთესია ცოლ-ქმარმა არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცალკე იცხოვროს. ასე ყველა უფრო მეტად აფასებს ერთმანეთს. ცალკე ვცხოვრობთ პირველივე დღიდან, უკვე 7 წელია, ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ასე რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ვიქნებოდი ისეთი დედა, როგორიც დღეს ვარ... არ გვექნებოდა მე და ჩემს მეუღლეს საოცრად ჰარმონიული ურთიერთობა, არ იქნებოდა ჩვენი ოჯახი ისეთი მყარი, როგორიც დღეს არის... ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა და სხვამ არ იცის "შიდა სამზარეულო" ... ყველა თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე დაწერს. სასურველია ცალ-ცალკე ყოფნა უკეთესი ურთიერთობისთვის, მეტი დაფასება იქნება და ნერვებიც ნაკლებად გაუფუჭდება დიდსაც და პატარასაც. თუ ოჯახში სიყვარული და პატივისცემაა, ძალიან კარგია ერთად ცხოვრება. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ყველა წყვილი დამოუკიდებლად ცხოვრობდეს. თავად როგორც სურს, ისე. თუმცა, თუ გამოუვალი მდგომარეობაა და სხვადასხვა თაობას ერთად უწევს ცხოვრება, გააჩნია ალბათ ოჯახს. დადებითი ისაა, რომ საოჯახო საქმეების განაწილება ხდება და მარტოს არ გიწევს ყველაფრის კეთება, როდესაც ოჯახში ბავშვი ჩნდება, ბევრი დამხმარე გყავს... მთავარია იყოს სიყვარული და პატივისცემა ოჯახში, მერე ყველაფერი გამოდის. თუმცა, ცალკე ცხოვრება ბევრად უფრო კომფორტულია მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტად იღლები. მე სამი შვილი მყავს, თან ვმუშაობ და ძალიან რთულია საოჯახო საქმეები, ბავშვები, ყველაფერი ერთად, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქმრის ოჯახი, ერთადაც მოგვიწია რამდენიმე წელი ცხოვრება და საოცრად მადლიერი ვარ ჩემი დედამთილის, რომელიც გვერდით მედგა, ვფიქრობ, მაინც უკეთესია ცალკე ყოფნა. გოგო და ბიჭი ქმნიან ერთად ოჯახს და გოგო მიჰყვება ცოლად ბიჭს და არა მთელ მის ოჯახობას. უყვარს ეს ბიჭი და იმიტომ თხოვდება, მაგრამ საბოლოოდ იძულებულია, უცებ ერთ მშვენიერ დღეს დაიწყოს ცხოვრება ქმართან და კიდევ მინიმუმ ორ უცხო ადამიანთან ერთად (თუ მაზლი, მული, ქმრის მამიდა, დეიდა, ბებია და კიდევ ვინმე არ დახვდნენ). რა ხდება ამ დროს? ჯერ ერთი, გოგო ხვდება სრულიად უცხო გარემოში, ათასი დაკვირვებული თვალის ქვეშ და გათხოვების სტრესს ესეც ემატება. მეორე - სრულიად შეუძლებელია ამ დროს ცოლისა და ქმრის ჯანსაღი ურთიერთობები. მე მაგალითად, ხან ოთახში მივარდებოდნენ, ხან კიდევ მთელი ღამე დაბოდიალობდნენ სხვა ოთახებში და ფაქტობრივად, მოგუდული, უხმოდ და ისე, რომ არც საწოლის ხმა არ გასულიყო და არც ჩვენი, ისე გვქონდა სექსი. დღისით თუ მოგვინდებოდა ერთმანეთის უბრალოდ მოფერება, ლოყაზე კოცნა, გვერიდებოდა უფროსების და საერთოდ ვერ გამოვხატავდით გრძნობებს. ჩხუბითაც ხმადაბლა ვჩხუბობდით, რომ არ ჩარეულიყო მთელი ოჯახობა. ბოლოს რა მოხდა? მობეზრდა ჩემს ქმარს მოგუდული და უხმო ურთოერთობა, მოუნდა თავისუფალი ურთიერთობა და დაიწყო ფლირტების გაბმა სხვაგან... მერე დედამთილმა ამაშიც მე დამადანაშაულა - მეტი მოფერება უნდა თურმე ქმარს. ანუ მის თვალწინ უნდა მოვფერებოდი, საჯაროდ და ეგ კარგი იქნებოდა... შვილების აღზრდის კუთხითაც დავიტანჯე - დედამთილს ყოველთვის თავისი აზრი ჰქონდა ყველაფერზე, აღზრდაზე, სამზარეულოში ნებისმიერ გადაადგილებაზე. მითითებები, შენიშვნები... დავიტანჯე... საბოლოოდ მივიღე მხოლოდ ნერვიულობა, სტრესები და ასეთი არც დახმარება მინდოდა და არაფერი. გავედი ცალკე და მშვიდად ვზრდი ჩემს შვილებს, ჩემი აღზრდის მეთოდებით. თუმცა ჩემი და ჩემი ქმრის უკვე დარღვეულ სქესობრივ კავშირს აღარაფერი ეშველა და ფაქტობრივად, გაუცხოებულები ვართ. მარაზმია ეს კოლექტიური ცხოვრება და არ არის საჭირო. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს ოჯახში სხვადასხვა თაობის ერთად ცხოვრებას და რამდენად ხშირია კონფლიქტი ამის გამო, ან როგორ უნდა მოგვარდეს ეს კონფლიქტები - ფსიქოლოგ
ქეთი მესხიშვილს გავესაუბრეთ:
- ამ საკითხზე საუბრისას თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. შეიძლება სახლში სამი თაობის წარმომადგენელი იყოს, მაგრამ გასათვალისწინებელია, ინდივიდუალურად ვინ როგორია და რა ახასიათებს. მაგალითად, ერთი დადებითი შეიძლება იყოს თუნდაც საკუთარი გამოცდილების გაზიარება. ბუნებრივია, ეს არ უნდა იყოს თავს მოხვეული მენტორული რჩევები, არამედ ისეთი ისტორიების მოყოლა, რომელიც შეიძლება საინტერესო და გამოყენებადი იყოს. მხარდამჭერი და მოტივაციური კონტექსტი უნდა ჰქონდეს და არა მიმთითებლური. ზოგადად, სახლში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლის ყოფნა კარგია იმიტომ, რომ ასეთ დროს ადამიანი მარტოდ არ გრძნობს თავს, თუ ერთმანეთის მიმართ სიყვარული და მიმღებლობა აქვთ. ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ ბებია და ბაბუა იმიტომ, რომ ისინი მათ ანებივრებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თაობებს შორის სითბოს, სიყვარულისა და ემოციების გაზიარება ხდება. პატარა თაობის წარმომადგენლებსაც აქვთ მაგალითი და ამით მათი თავდაჯერებულობის მხარდამჭერნი ვხდებით. თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს და შეიძლება ბებიები და ბაბუები ძალიან მკაცრნი იყვნენ. ამიტომ, ბალანსია საპოვნელი და ყველას შემთხვევა ინდივიდუალურად განსახილველი.
- რა შეიძლება უარყოფითი ახლდეს თან ოჯახში რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრებას და რამდენად ხშირია ხოლმე კონფლიქტი ამის გამო?
- უარყოფითი ყველაზე ხშირად არის ის, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს განსხვავებული ინტერესები და შეხედულებები აქვთ ხოლმე და როდესაც ერთ სივრცეში დიდხანს ყოფნა უწევთ, უჭირთ შეთანხმება. მაგალითად, ვიღაცას ტელევიზორის ყურება უნდა, ვიღაცას - უბრალოდ სიწყნარე და სიჩუმე. ხშირად აქვთ ინტერესთა კონფლიქტები. მერე ეს მათ გუნება-განწყობაზე მოქმედებს. ცუდ ხასიათზე დგებიან, იმატებს შფოთვა, აგრესიისა და ბრაზის ფონი. შემდეგ ცდილობენ, დაინდონ ერთმანეთი, არ გამოხატავენ და ბრაზს იკავებენ, მაგრამ როცა დიდხანს უწევთ ასე ცხოვრება, სადღაც ამოხეთქავს ხოლმე და იქმნება კონფლიქტი. კონფლიქტზეც განსხვავებულად რეაგირებენ ხოლმე. თუ ის განხილული და გაჟღერებული არ არის, ფარული კონფლიქტია. საბოლოოდ, ყველაზე ცუდი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ საერთოდ კომუნიკაცია აღარ აქვთ ერთმანეთთან და ყველა თავისთვისაა. ამ დროს მოხუცს ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება, ისინი ფიქრობენ, რომ თავი მოაბეზრეს სხვა წევრებს და ამის ფონზე მომატებული შფოთვა აქვთ. ყველა თაობის წარმომადგენელს მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან სხვადასხვა პრობლემა უჩნდება ხოლმე. განსხვავებული ინტერესების გამო ან არის ხმაური და მუდმივი კამათი ოჯახში, ან ფარული კონფლიქტია და საერთოდ აღარ აქვთ კომუნიკაცია. რეალურად კი კონფლიქტს ყოველთვის სჭირდება გაანალიზება და განხილვა. ასაკის მიუხედავად, ადამიანებს მაინც გვაქვს ის რესურსი, რომ ერთმანეთი გავითვალისწინოთ. არ არის საუბარი იმაზე, რომ ისინი ყველაფერში თანხმდებოდნენ. მთავარია, მიიღონ ერთმანეთი იმ განსხვავებულობით, რომელიც აქვთ და შეეცადონ, რომ ერთ სივრცეში შეძლონ თანაარსებობა. ამის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ მიმღებლობისა და პატივისცემის ხარჯზე.
- კარანტინის პირობებში, მაშინ, როდესაც ოჯახის თითქმის ყველა წევრი იმაზე მეტ დროს ატარებდა ერთად, ვიდრე ჩვეულებრივ, რამდენად გაიზარდა მომართვიანობა თქვენთან და რა პრობლემით მოგმართავდნენ ხოლმე?
- ერთმანეთიდან გამომდინარე კი არ გაუჩნდათ პრობლემები, ზოგადად, რაც ჰქონდათ, მაგრამ გაურბოდნენ, ეს გახდა უფრო მეტად ხილული. მაგალითად, თუ დეპრესიისაკენ მიდრეკილი ადამიანი იყო, ის უფრო მეტად გახდა მოწყვლადი დეპრესიული მდგომარეობის მიმართ. იმ ადამიანებს, რომლებსაც შფოთვა ჰქონდათ მომატებული და მის დასაცხრობად კონტაქტები და კომუნიკაცია სჭირდებოდათ, ეს რომ შეეზღუდათ, შფოთვა გაუძლიერდათ. შემიძლია ორი ჯგუფი გამოვყო: პრობლემა უმეტესად შეექმნათ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გარკვეული სახით ფსიქოემოციური ან ფიზიოლოგიური პრობლემა. ხოლო, იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ ფსიქოემოციური და ფიზიოლოგიური პრობლემა, შედარებით მარტივად გადალახეს.
- ყველაზე ხშირად უფროსი თაობის წარმომადგენლები რას აპროტესტებენ თინეიჯერების შემთხვევაში?
- ძალიან უჭირთ მათი ე.წ. დაუმორჩილებელი მდგომარეობის მიღება და იმის გაცნობიერება, რომ ისინი იზრდებიან და დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებას იწყებენ, მალე აღარ იქნებიან ბავშვები. თინეიჯერებს აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები აქვთ და თანატოლებისგან აღიარება სჭირდებათ. ისეთი ქცევები აქვთ, რომლითაც თანატოლებისგან აღიარება აქვთ. უმეტესწილად, ეს ეწინააღმდეგება ბებია-ბაბუებისა და, ზოგადად, ზრდასრულების ფასეულობებს. ამ დროს უფროსები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რეალურად აშავებენ თუ არა ბავშვები რამეს. თუ არაფერს აშავებენ და საკუთარ თავს არ აზიანებენ, მაშინ პრობლემას ვერ ვხედავ, რატომ უნდა გაუპროტესტო და შეუზღუდო თავისუფლება, მით უმეტეს, რომ ეს არის ასაკი, როცა ზრდასრული ადამიანი მათი მხარდამჭერი უნდა იყოს და, პირიქით, დაეხმაროს, ბავშვს გაუჩნდეს განცდა, რომ აღიარებენ. არ ვამბობ, რომ არ უნდა არსებობდეს წესები, პირიქით, მშობლის ავტორიტეტი არ უნდა დაიკარგოს. უნდა იცოდნენ, რომ ეს არის დროებითი ეტაპი, ის აუცილებლად გაივლის და მოზარდი, რომელიც გრძნობს მხარდაჭერას, ყველაფრის მიუხედავად, ემოციურად აუცილებლად უბრუნდება ოჯახს. ზრდასრულმა არ უნდა გააუფასუროს მოზარდი თავისი ინტერესებით და მის პიროვნებას ხაზი არ უნდა გადაუსვას, რაც სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე.
- ფსიქიკურად რამდენადაა გამართლებული ოჯახში რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრება?
- ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება. თუ არის რაიმე პრობლემა, მაშინ მას სათანადო შეფასება სჭირდება და კონკრეტული რეკომენდაციები გვაქვს. ასაკის მიუხედავად, ყველას თავისი პირადი სივრცე უნდა ჰქონდეს. პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ზრდასრულ ადამიანს აღარ აქვს საკუთარი პირადი ინტერესები. მოხუცსაც შეიძლება ჰქონდეს ინტერესების სფერო და საქმიანობა, რომლითაც სიამოვნებას იღებს. პატარა თაობის წარმომადგენლებს ხშირად ეშინიათ ხოლმე და, მაგალითად, ცდილობენ მოხუცები გარეთ დამოუკიდებლად არ გავიდნენ, რითიც ეზღუდებათ აქტივობა. გასაგებია, რომ ზრუნვის მომენტია, მაგრამ, თუ ადამიანს ფიზიკურად შეუძლია, ჩემი რეკომენდაცია იქნება, მაქსიმალურად მივცეთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს საშუალება, რომ თავი საჭიროდ იგრძნონ, აკეთონ ის, რისი კეთებაც სურთ და არ შეეზღუდოთ თუნდაც ფიზიკური გადაადგილება. პირადი სივრცე, ინტერესები, ერთმანეთის პატივისცემა, მიმღებლობა და აღიარება - თუ ეს ნიუანსები გათვალისწინებულია, როგორც წესი, პრობლემა არ წარმოიქმნება ხოლმე.
- ოჯახის სიმტკიცეს თუ უშლის ხელს ეს ყოველივე?
- ესეც ინდივიდუალურია. ახალდაქორწინებულების შემთხვევაში, რეკომენდებულია იყვნენ ცალკე, რომ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. დედამთილ-მამამთილის და სიდედრისა და სიმამრის ჩარევის მომენტი არ უნდა ჰქონდეთ, მაშინაც კი, თუ კონფლიქტი აქვთ. მათ ზედმეტი პასუხისმგებლობა არ უნდა აიღონ საკუთარ თავზე და სხვის პირად სივრცეში არ უნდა შეიჭრან. წყვილი პრობლემის გარეშე არ არსებობს, მით უმეტეს, ახალდაქორწინებულნი. თაფლობისთვე რომ გადის და მერე რეალური ცხოვრების რუტინაში ერთვებიან, რა თქმა უნდა, რაღაცები იცვლება. კარგია, თუ ექნებათ ცალკე სივრცე, მაგრამ ერთ სივრცეშიც არ არის შეუძლებელი კარგად ყოფნა. აქაც გასათვალისწინებელია ერთმანეთისა და პირადი სივრცეების პატივისცემა.
- რა შეგიძლიათ ურჩიოთ ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთან ერთად უწევთ ცხოვრება, აქვთ გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული აზრი და შესაძლოა ამან კონფლიქტიც კი გამოიწვიოს?
- დააფიქსირონ და იცოდნენ, რომ მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ სხვადასხვა აზრი ერთსა და იმავე საკითხზე. არ ჰქონდეთ იმის მოთხოვნა, რომ ყველა ერთნაირად ფიქრობდეს. უნდა მისცენ ერთმანეთს აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა და შეჯერება კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. ერთმანეთის პირადი სივრცის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. მეტად კონცენტრირება საკუთარ თავზე. უფრო მეტად დაკავდნენ პირადი ცხოვრებით. ზოგჯერ ადამიანებისგან გვესმის, რომ მსხვერპლად შესწირა ცხოვრება ოჯახის რომელიმე წევრს. ეს არ არის სწორი და არც ერთი თაობის წარმომადგენელს არ სჭირდება. ეს რომ არ მოხდეს, ადამიანმა პატივი უნდა სცეს საკუთარ თავს იმიტომ, რომ თუ შენ არ ეცი საკუთარ თავს პატივი, არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ სხვა დაფასებითა და პატივისცემით მოგექცევა.
თამარ იაკობაშვილი