"მეუღლე რომ არ მეხმარებოდეს, არასდროს ვიფიქრებდი ამდენი შვილის გაჩენას..." - როგორია 7 შვილის დედობა და მამობა
შალვა ლიპარიშვილი და ქეთევან კურტანიძე მრავალშვილიანი მშობლები არიან. 36 წლის ასაკში 7 შვილი ჰყავთ, 4 ვაჟი და 3 გოგონა. მათი უფროსი შვილი 11 წლისაა, ხოლო ყველაზე პატარა - 1-ის. ქეთევან კურტანიძე ამბობს, რომ ბავშვებთან ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრობისა და სიყვარულის გამოხატვაა. რა თქმა უნდა, აღნიშნავს იმასაც, რომ მრავალშვილიანობას გარკვეული სირთულეები ახლავს თან. 21 ივნისს საქართველოში მამების დღეს აღნიშნავენ. ქეთევანი გვიყვება, როგორ ზრდის მეუღლესთან ერთად 7 შვილს, რა როლი აქვს მამას მათ ოჯახში და რა დაბრკოლებებს აწყდებიან:

mshoblebi

- მეოთხე შვილის გაჩენის
შემდეგ, სამსახურიდან წამოვედი. ამჟამად დიასახლისი ვარ და მთლიანად ბავშვების აღზრდით ვარ დაკავებული. რა თქმა უნდა, მრავალშვილიანობას სირთულეები ახლავს თან. ადრე დედამთილი მეხმარებოდა, მაგრამ უკვე მესამე წელია მე და ჩემი მეუღლე მარტო, დამხმარის გარეშე, ვზრდით ბავშვებს. მეუღლე როცა სამსახურიდან მოდის, მთლიანად ჩართულია ბავშვების აღზრდაში. ერთ-ერთი მთავარი სირთულე დროის ფაქტორია, რადგანსწორად უნდა გაანაწილო და ყველას დაუთმო, ასევეა ფინანსები. ბავშვებს სხვადასხვა საჭიროება აქვთ და ყველაფერი სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ დროის შესაბამისად განაწილება ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ წლების განმავლობაში მგონია, რომ კარგად ვისწავლეთ.

- რა გეხმარებათ ბავშვებთან ურთიერთობაში, როგორია თქვენი მიდგომა?

- პირველ რიგში, თავად ბავშვები მეხმარებიან ერთმანეთთან ურთიერთობაში. უფროსები ჩართულები არიან პატარების აღზრდის პროცესში და შემიძლია,
თავისუფლად დავუტოვო, თუ გასვლა მიწევს სახლიდან. შეთანხმებულები ვართ ერთმანეთში და ერთმანეთს ვემეგობრებით.

- თუ ოცნებობდით ადრე, რომ ბევრი შვილი გყოლოდათ?

- ადრე ვამბობდი ხოლმე, რომ 3 შვილი უნდა მყოლოდა, მაგრამ ერთი რომ გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, მივხვდით, რამხელა ბედნიერება იყო ეს და ახლა 7 შვილი გვყავს.

- თქვენს მეუღლეს რა როლი აქვს ბავშვების აღზრდაში?

- შაკო ასე რომ არ მეხმარებოდეს, არასდროს ვიფიქრებდი ამდენი შვილის გაჩენას იმიტომ, რომთავიდან ბოლომდეა აბსოლუტურად ყველაფერში ჩართული. სულ ვფიქრობ ხოლმე, როგორ არ იღლება. არასდროს არაფერი ეზარება, თუ ბავშვს უნდა. სამსახურიდან რომ მოვა, უცებ შეუძლია თქვას, "წავედით" და ყველა ერთად მივდივართ პიკნიკსა და სხვადასხვა ადგილის მოსანახულებლად. მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად, სამუშაოს შემდეგ დაღლილი მოდის, შემიძლია დავუტოვო ბავშვები და მე მეგობრებთან ერთად წავიდე. პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს ხოლმე იმიტომ, რომ იცის, მთელი დღის განმავლობაში მეც ძალიან ვიღლები.

mshoblebi

- ბავშვების სწავლის პროცესში რამდენადაა ჩართული?

- რომ მოდის, ბავშვებს სულ ეკითხება, რა ხდებოდა იმ დღეს სკოლაში. არის ტექნიკური საგნები, რომლებიც შაკომ ძალიან კარგად იცის და ყველას ეხმარება. სამსახურშიც რომაა, თუ რამეს ვერ გაიგებენ, ბავშვები ურეკავენ, მესენჯერში ჩავუგდებთ ხოლმე სურათს და გვიხსნის. რაც შეეხება ონლაინგაკვეთილებს, არც ერთ ეტაპზე, მე არც ერთი დღე არ ჩავრთულვარ. თავიდან ბოლომდე ჩემმა მეუღლემ მოაგვარა ეს პროცესი. დაწყებითი კლასების მასწავლებლები დავალებებს ონლაინ დებდნენ და შაკოს ვორდის ფაილები ჰქონდა გაკეთებული, ყველა დავალებას ცალ-ცალკე ინიშნავდა და მერე ბავშვები აკეთებდნენ. თუ რამეს ვერ გაიგებდნენ, რა თქმა უნდა, ისიც ეხმარებოდა.

- მკაცრი მამაა?

- ბავშვებისთვის მამის სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ითვალისწინებენ. ოქროს შუალედი აქვს ნაპოვნი, თან მეგობარია, თან ახერხებს, რომ ავტორიტეტი იყოს და ბავშვებს მისცეს საჭირო რჩევები ისე, რომ გაითვალისწინონ. ერთად ძალიან ბევრს თამაშობენ და ლაპარაკობენ, მაგრამ ამავე დროს მისი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მე ვერ ვახერხებ. ბავშვები მეუბნებიან, რომ მათი მეგობარი ვარ, ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ხანდახან როდესაც რაიმეს ვავალებ, იმის გამო, რომ მათი მეგობარი ვარ, არ ასრულებენ ხოლმე.

mshoblebi

- როგორ ფიქრობთ, ბავშვებისთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- პირველ რიგში, სიყვარულის გამოხატვა. აუცილებლად უნდა იგრძნონ ბავშვებმა, რომ გვიყვარს. ასევე, მნიშვნელოვანია მათთან მეგობრობა და ლაპარაკი. როცა რაღაც პრობლემა აქვთ, შევიყვანთ ხოლმე ცალ-ცალკე ოთახში და ველაპარაკებით. მთავარია ურთიერთობა, რომ ბავშვებს ჩვენთან თავიანთი პრობლემების თქმის არ შეეშინდეთ.

mshoblebi
ფოტო გადაღებულია leko studia-ში კამპანიისათვის ,,კაცები ზრუნავენ"


- რა შეგიძლიათ უთხრათ სხვა დედებს, რომლებსაც მრავალშვილიანობის ეშინიათ?

- მრავალშვილიანობა, დიდ ძალისხმევასა და პასუხისმგებლობასთან ერთად, ძალიან დადებითი და სასიამოვნო რამაა. ვურჩევ, რომ ბევრი შვილი იყოლიონ, ოღონდ თუ გრძნობენ, რომ ამას შეძლებენ. ასევე, ვურჩევ, რომ რა დროც აქვთ, ის გამოიყენონ დადებითად. ხშირად უთხრან ბავშვებს, რომ უყვართ და ჩაეხუტონ. ჩვენს სახლში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი შვილები ხშირად მოდიან და მეუბნებიან, რომ ძალიან ვუყვარვარ. "დედა, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ" - მათ მიერ ნათქვამი ეს ფრაზა იმხელა ძალასა და ენერგიას მაძლევს, რომ მავიწყებს მთელი დღის დაღლილობას და დადებითად მმუხტავს.

თამარ იაკობაშვილი

4502
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
თათ0
0
ხშირად წერეთ ასეთ სამაგალითო ადამიანებზე!
23:15 / 15-07-2020
Overlord
0
შალვას ღირსება დიდ ოჯათან ერთად მისი სამსახურიც არის, რაც აქ არ არის ნახსენები. შალვა სამშობლოს სამსახურში დგას და ღირეული სამხედროა. ღმერთის მფარველობა გქონდეს მეგობარო ყოველ ნაბიჯზე რასაც ოჯახის და სამშობლოს სამსახურში გადადგამ!
22:54 / 26-06-2020
მსგავსი სიახლეები